ევრობასკეტი 2015: უკრაინა გადარჩენაზე ზრუნავს

AutoSharing Option
2015 წლის ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტი ამზადებს ღონისძიებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს კონტინენტის პირველობის მასპინძლობის უფლება.

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, "ევრობასკეტი 2015"-ის დირექტორი მარკიან ლუბკივსკი და უკრაინის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ალექსანდრ ლარინი სამშაბათს მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც "FIBA-ევროპის" ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ამ ორგანიზაციის აღმასკომის წინაშე სიტყვით გამოვლენ.

ლარინი და ლუბკივსკი ეცდებიან დაარწმუნონ ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელები, რომ მათ არ გადაიფიქრონ ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარება. აგრეთვე, უკრაინის წარმომადგენლები მოამზადებენ "FIBA-ევროპის" შეფობის უკრაინაში ვიზიტს და ქვეყნის ახალ მთავრობასთან შეხვედრას. სწორედ ამ ვიზიტისას
უნდა განიხილონ ჩემპიონატის ჩატარების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დროს "FIBA-ევროპა" შეშფოთებას გამოთქვამდა 2015 წლის ევრობასკეტის მომავალზე. უფრო შორს წავიდნენ საფრანგეთი და ლატვია, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს კონტინენტის საგაისო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

გასული კვირის მოვლენების შემდეგ კი ტურნირის პერსპექტივები სრულიად ბუნდოვანი გახდა. უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სახალხო დეპუტატმა "რეგიონების პარტიიდან" ალექსანდრ ვოლკოვმა, სავარაუდოდ, დატოვა ქვეყანა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული