NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თრილერი "დალასმა" მოიგო

AutoSharing Option
გუშინდელი სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა. იქ "ბულზსა" და "დალასს" დამატებით ათი წუთის თამაში დასჭირდათ გამარჯვებულის გამოსავლენად.

მეორე მეოთხედში "ხარებმა" 12:0 გაქცევის საშუალება მისცეს მეტოქეს და დიდი ხანი მდევრის როლში იყვნენ. მიუხედავად ამისა, საბრძოლო ხასიათის გამოვლენა სტუმრებს მოუწიათ, რადგან "ჩიკაგომ" ბოლო მეოთხედის მიწურულს 11:0 გაქცევა მოაწყო და ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა ელისისა და ნოვიცკის წყვილმა მოახერხა. გერმანელმა საშუალო და შორი მანძილებიდან თავისი გუნდის ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ "მავერიქსს"
სწრაფი ჯარიმის გამოყენება დასჭირდა და ბატლერმა ორიდან ერთი ტყორცნა გამოიყენა. ამას ელისმა ფარქვეშ შედეგიანი შესვლით უპასუხა. შემდეგ პაუ გასოლმა გამოიყენა ორი საჯარიმო და ტექსასელებს 4 წამი რჩებოდათ საკუთარი ფარქვეშიდან ბურთის თამაშში შესაყვანად ("დალასს" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა) და სამქულიანის ჩასაგდებად.

ასეთ რთულ სიტუაციაში სტუმრებს "ბულზის" მცველი კირკ ჰაინრიხი დაეხმარა. მან ჩათვალა, რომ თუ ელისზე ბურთის ტარებისას დაჯარიმდებოდა, ის მხოლოდ ორ ქულას აიღებდა ჯარიმებით და "ჩიკაგო" გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ ჰაინრიხმა ჯარიმის აღებისთვის არასწორი მომენტი შეარჩია - თამაშის წესი იმ დროს დაარღვია, როცა ელისმა ნახტომში სამქულიანის შესრულება დააპირა. "დალასის" მცველს სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მისცეს და ელისს ხელი არ აუკანკალდა - თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

პირველ ოვერტაიმში მაყურებელმა თანაბარი ბრძოლის გაგრძელება იხილა და ამჯერად უკვე თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა "ჩიკაგოს" მოუწია. ელისის აცილებული ტყორცნის შემდეგ, შვიდი წამით ადრე "დალასის" უპირატესობა სამ ქულას შეადგენდა. "ხარების" დამრიგებელმა ტომ ტიბოდომ ბოლო სროლის უფლება დერიკ როუზს მისცა და მანაც ძალიან ეფექტური სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში.

საინტერესოა, რომ მეორე ოვერტაიმის ბოლოს "ჩიკაგო" თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა - სამქულიანი ჩამორჩენა 10 წამით ადრე. ბურთი ისევ როუზმა მიიღო, თუმცა მას მჭიდროდ მეურვეობდა ჯეფერსონი. "ბულზის" ლიდერმა ფინტი გააკეთა და ისროლა, მაგრამ სროლამ ფარამდეც ვერ მიაღწია. "დალასმა" ძალიან მძიმე გამარჯვებას მიაღწია ძალიან საინტერესო მატჩში.

ჩიკაგო-დალასი 129:132 (2ო)
26:25, 21:34, 27:21, 34:28, 13:13, 8:11
ჩ: გასოლი (29+14 მოხსნა), ბატლერი (23+8 მოხსნა+7 პასი), დანლივი (20), როუზი (18+10 პასი), მიროტიჩი(15), ნოა (8+14 მოხსნა+6 პასი).
დ: ელისი (38), პარსონსი (24+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (22+10 პასი+7 მოხსნა), ჰარისი (20+8 პასი), ბარეა (13), ჩენდლერი (5+14 მოხსნა).

დურანტი დაბრუნდა და დამარცხდა
კევინ დურანტის ნანატრი დაბრუნება შედგა, მაგრამ ამან ვერ უშველა "ოკლაჰომას". შარშანდელი სეზონის MVP-ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩატარებული პირველი მატჩისთვის მისაღები სტატისტიკა ჰქონდა - 18-დან ცხრა ბურთი მოათავსა კალათში და 27 ქულა დააგროვა, მაგრამ პარტნიორებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, კერძოდ, რასელ უესტბრუკისგან, რომლის 20 ტყორცნიდან მხოლოდ ექვსი ჩავარდა "ნიუ ორლეანის" კალათში.

"პელიკანები" მეორე მეოთხედში მოწყობილი 12:0 სპურტის შემდეგ გავიდნენ წინ და დარჩენილ დროში ხუთ ქულაზე ახლოს არ მიიკარეს მეტოქე. ამასთან, კიდევ უფრო იოლად გაიმარჯვებდნენ, 16 საჯარიმო რომ არ აეცილებინათ.

ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 112:104
29:26, 40:26, 16:22, 27:30
ნ-ო: ევანსი (30+5 პასი), დევისი (25+10 მოხსნა+6 ჩაჭრა+4 დაფარება), ანდერსონი (23+11 მოხსნა), ჰოლიდეი (16+10 პას+3 ჩაჭრა), აშიქი (5+14 მოხსნა).
ო: დურანტი (27), უესტბრუკი (21+7 პასი+6 მოხსნა), ჯექსონი (17), ლემბი (15).

* * *
თითქოს, პირველ მეოთხედში დაგროვებული 42 ქულა და 23-ქულიანი უპირატესობა გარანტია უნდა ყოფილიყო "ბოსტონის" ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შესაწყვეტად, მაგრამ ამ გუნდმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ნებისმიერი უპირატესობის განიავება შეუძლია. მეორე ტაიმში "კელტებმა" იმაზე ნაკლები ქულა დააგროვეს, ვიდრე პირველ მეოთხედში, თან მეტოქეს ტყორცნების 61.5 პროცენტის რეალიზაციის საშუალება მისცეს. ბოლოსკენ სტუმრები ორ ქულამდე მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგეს და გრინს მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მარტივი საშუალო ტყორცნა ააცილა მიზანს.

ატლანტა-ბოსტონი 109:105
30:42, 20:24, 30:19, 29:20
ა: კორვერი (24+6 მოხსნა), მილსეპი (19+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰორფორდი (16+6 მოხსნა), შრედერი (15), ანტიჩი (10).
ბ: გრინი (25), სალინჯერი (22+9 მოხსნა), ბრედლი (18), ტერნერი (12), რონდო (2+19 პასი+12 მოხსნა).

* * *
დენვერში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, იმის მიუხედავად, რა ფორმაში იმყოფება ადგილობრივი "ნაგეტსი" და რადგან ეს გუნდი ბოლო დროს პროგრესს განიცდის, "ბლეიზერსი" რთული ამოცანის წინაშე იდგა, რასაც გაჭირვებით გაუმკლავდა კიდეც.

სტუმრების მთავარი პრობლემა აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამი, რადგან რეზერვისტებმა მხოლოდ 19 ქულა დააგროვეს. მეორე პრობლემა კი სამქულიანების რეალიზაცია გახდა - 22-დან მხოლოდ ხუთი შორეული ტყორცნა ჩავარდა კალათში. მაგრამ ორეგონელების რიგებში იმ დღეს ბრწყინავდა ლამარკუს ოლდრიჯი, რომელსაც მუდმივი ზეწოლა ჰქონდა მეტოქის ფარზე. ბოლო ოთხი წუთი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა - ოლდრიჯმა სამჯერ გაიყვანა თავისი გუნდი წინ და "დენვერმა" სამივეჯერ გაათანაბრა. გადამწყვეტ შეტევაში ბურთი, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მიიღო, რომელსაც ძალიან ავიწროებდა არტური. ამიტომაც ოლდრიჯმა ფარქვეშ მოდარაჯე ლოპესს გადააწოდა, რომელმაც "პორტლენდს" გამარჯვება მოუტანა.

დენვერი-პორტლენდი 103:105
31:23, 25:27, 29:28, 18:27
დ: ლოუსონი (24+13 პასი), ჩენდლერი (18+10 მოხსნა), აფლალო (18), ჰიქსონი (11+8 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (39+11 მოხსნა), ოლადიპო (17+6 პასი), მეტიუზი (15), ბლეიკი (13), ლოპესი (11), ბატუმი (4+13 პასი+3 ჩაჭრა).

* * *
დერიკ როუზი არ ყოფილა გუშინ ერთადერთი კალათბურთელი, ვინც ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო. ოღონდ, განსხვავებით ჩიკაგოლისგან, სტივენ კარიმ თავისი სროლით გამარჯვება მოუტანა "გოლდენ სტეიტს" მოულოდნელად კარგად მოთამაშე "ორლანდოსთან" შეხვედრაში.

თითქოს, მეორე მეოთხედში 18:2 გაქცევას ნოკაუტში უნდა ჩაეგდო ფლორიდელები, მაგრამ "მეჯიქმა" კარგი მესამე მეოთხედი ჩაატარა და არა მხოლოდ გააბათილა 12-ქულიანი ჩამორჩენა, არამედ წინ გასვლაც შეძლო.

მეოთხე მეოთხედის დიდი ნაწილი "მეომრები" მდევრის როლში იყვნენ და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა ჩამორჩენამ ცხრა ქულა შეადგინა. კარისა და ტომპსონს სამი ტყორცნა დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. სირენამდე 38 წამით ადრე, ტობიას ჰარისმა ორი ქულით გაიყვანა წინ "ორლანდო". ამას მოჰყვა გუნდების მხრიდან თითო გაფუჭებული შეტევა და ბოლო იერიშში კარიმ მოასწრო მეურვის კროსოვერით ჩამოცილება და გადამწყვეტი სამქულიანის რეალიზება.

გ. სტეიტი-ორლანდო 98:97
24:25, 32:21, 17:29, 25:22
გ-ს: კარი (22+5 პასი), ტომპსონი (20+6 მოხსნა+5 პასი), ბარნსი (14+12 მოხსნა), სპეიტსი (12), გრინი (11+7 მოხსნა+6 პასი), ბოგუტი (7+12 მოხსნა+5 დაფარება).
ო: ოლადიპო (27+3 ჩაჭრა), ო'ქუინი (21+11 მოხსნა), ჰარისი (17+7 მოხსნა+5 პასი), ფურნიე (10).

დეტროიტი-ლეიკერსი 96:106
19:19, 26:27, 20:35, 31:25
დ: სმიტი (18+10 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ოგასტინი (13), ბატლერი (11), ჯენინგსი (10), დრამონდი (8+13 მოხსნა+3 დაფარება), მონრო (8+10 მოხსნა).
ლ: ჰილი (22+13 მოხსნა), იანგი (19), ბუზერი (14+7 მოხსნა), ჯონსონი (13+4 დაფარება), ბრაიანტი (12+ 13 პასი), ლინი (11+5 პასი), დევისი (3+11 მოხსნა).

ფინიქსი-ინდიანა 116:99
26:28, 28:28, 29:23, 33:20
ფ: დრაგიჩი (34+4 ჩაჭრა), ბლედსოუ (27+7 პასი+4 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (15+6 მოხსნა), გრინი (15).
ი: მაილზი (17), ჰიბერტი (15+10 მოხსნა), უოტსონი (14+7 პასი), უესტი (10+6 მოხსნა), კოუპლენდი (10).

საკრამენტო-ტორონტო 109:117
22:31, 33:26, 28:35, 26:25
ს: მაკლემორი (21), გეი (20+10 პასი+6 მოხსნა), უილიამსი (18), სეშენსი (15+6 მოხსნა), ევანსი (10+7 მოხსნა).
ტ: ლაური (27+13 პასი), როსი (20), ჯონსონი (19+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (15+8 მოხსნა), ვასკესი (12+7 პასი), პატერსონი (12).

ნიუ იორკი-ბრუკლინი 93:98
18:27, 27:22, 19:28, 29:21
ნ-ი: ენტონი (20+9 მოხსნა+6 პასი), კალდერონი (19+7 პასი), სტაუდმაიერი (17+9 მოხსნა).
ბ: ლოპესი (23+8 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (22+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (19+5 პასი), ბოგდანოვიჩი (10), პლამლი (10+8 მოხსნა), გარნეტი (6+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული