NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დალასის" მფლობელს ფილმში გადაიღებენ

AutoSharing Option
- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა არ აპატია ჰიუსტონელ ჯეიმს ჰარდენს "კლივლენდის" ლიდერისთვის, ლებრონ ჯეიმსისთვის ფეხებშუა წიხლის ჩარტყმა. ამ გამოხდომისთვის ჰარდენი მსაჯებმა ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს, მაგრამ ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ ლიგამ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, წვეროსანი სნაიპერი გამოტოვებს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "ატლანტასთან" შეხვედრას.

- "მაიამის" ხელმძღვანელობა აპირებს, მეორე 10-დღიანი კონტრაქტი გაუფორმოს ფორვარდ ჰენრი უოკერს. იმ დროის განმავლობაში, რაც 27 წლის კალათბურთელმა ფლორიდაში გაატარა, ხუთ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და საშუალოდ 9.4 ქულა და 3.2 მოხსნა დააგროვა.

- "კლიპერსის" ერთ-ერთი ლიდერი
ბლეიკ გრიფინი, რომელმაც თებერვლის დასაწყისში ტრავმირებულ იდაყვზე ოპერაცია გადაიტანა, ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან. კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის სიტყვებით, ფორვარდს შეეძლება კვირას "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ თამაში.

- "ტორონტოს" შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა გუშინ, "ფილადელფიასთან" გასვლით მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი განაახლა. 25 წლის კალათბურთელმა 35 ქულა ჩაიწერა აქტივში და ამით განსაზღვრა თავისი გუნდის გამარჯვება.

- "მემფისის" 38 წლის ვეტერანი ვინს კარტერი ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან. ვარაუდობენ, რომ მცველი შეძლებს "იუტასთან" უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, რომ ვინსმა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო ბოლო 12 შეხვედრა გამოტოვა.

- "კლიპერსის" მცველმა ჯამალ კროუფორდმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა "მინესოტასთან" გუშინდელ მატჩში. ტრავმის გამო კალათბურთელი მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოჩენილა. უახლოეს დღეებში კროუფორდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა მისი ტრავმის ხარისხი.

- "დალასის" მფლობელი მარკ ქიუბანი მონაწილეობას მიიღებს ფილმ "ტორნადოს ზვიგენების" მესამე ნაწილში. ქიუბანმა უნდა განასახიეროს ამერიკის პრეზიდენტი. "მკითხეს - მინდა თუ არა ამ ფილმში მონაწილეობა. მე კინოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ამიტომაც იოლად დავთანხმდი ამ წინადადებას", - განაცხადა ტექსასური კლუბის მფლობელმა.

- "ნიუ იორკის" ესპანელი გამთამაშებელი ხოსე კალდერონი მინიმუმ ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესის დაზიანების გამო. კალდერონს მარტის შუაში ელოდება სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი.

- "მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ "კლიპერსთან" მატჩში სეზონში პირველი და კარიერაში მეოთხე სამმაგი დუბლი გაიფორმა. ესპანელმა 18 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა, თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული