NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერმა" მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსის" ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები დაიწყო. გუშინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ბრაიან შოუ, მიზეზად კი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები დასახელდა. კოლორადოულ კლუბს 20 მოგება და 39 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ "ლეიკერსსა" და "მინესოტას" უსწრებს.

შოუ "დენვერს" 2013 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში "ლეიკერსისა" და "ინდიანას" ყოფილმა დამრიგებელმა 141 მატჩში მხოლოდ 56 გამარჯვებას მიაღწია.

ახლა "დენვერში" მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შოუს ასისტენტი მელვინ ჰანტი შეასრულებს, რომელიც "ნაგეტსის" სამწვრთნელო შტაბში ბოლო ხუთი წელია მუშაობს, მანამდე კი "კლივლენდის" მწვრთნელთა გუნდში
შედიოდა.

***
- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელი დასაჯა უხეშობისთვის, არასპორტული საქციელისა თუ სხვადასხვა დარღვევისთვის. მაგალითად, "ფინიქსის" უკრაინელი ცენტრი ალექსეი ლენი 20 ათასი დოლარით დააჯარიმეს "მაიამის" ცენტრთან, ჰასან უაიტსაიდთან ჩხუბის გამო. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი 15 ათასს გადაიხდის კონფლიქტის გაგრძელებისთვის. ასევე ფულადი ჯარიმა (15 ათასი) დაეკისრა "ფინიქსის" ფორვარდ მარკიფ მორისს "მაიამის" სლოვენიელი გამთამაშებლის, გორან დრაგიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის.

- როგორც მოსალოდნელი იყო, "დალასის" ხელმძღვანელობამ 30 წლის ცენტრთან, ბერნარდ ჯეიმსთან სეზონის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი. კალათბურთელს ამ სეზონში ხუთ მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

- "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი რასელ უესტბრუკი, რომელმაც გამოტოვა "ლეიკერსთან" შეხვედრა, მზად არის "ფილადელფიასთან" მომდევნო მატჩში დასაბრუნებლად. შეგახსენებთ, რომ მცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა "პორტლენდთან" მატჩში ყვრიმალის ძვლის მოტეხილობის გამო.

- "საკრამენტოს" ყოფილი ცენტრი ვლადე დივაცი კალიფორნიული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა საკალათბურთო ოპერაციებში. 47 წლის სერბს ევალება "კინგზის" ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია, გულშემატკივრებთან ურთიერთობა და კალათბურთის განვითარების პროგრამისთვის თვალის მიდევნება. დავამატებთ, რომ "საკრამენტოს" შემადგენლობაში დივაცმა ექვსი სეზონი ჩაატარა და ერთხელ მიიწვიეს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

- დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "გოლდენ სტეიტი" დაინტერესებულია თავისუფალი აგენტის, ჯავალ მაკგის გაფორმებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვა შემადგენლობიდან "ფილადელფიამ". "უორიორზის" სამწვრთნელო შტაბი მაკგის ავსტრალიელი ენდრიუ ბოგუტის სავარაუდო რეზერვისტად განიხილავს. კალიფორნიელთა მთავარ კონკურენტად "დალასი" სახელდება, რომელსაც ასევე სურს ამ ცენტრის დამატება.

- "ოკლაჰომა-სიტის" ზელანდიელი ცენტრი სტივენ ადამსი მალე დაბრუნდება მოედანზე. მოთამაშემ თებერვლის დასაწყისში გადაიტანა ოპერაცია მოტეხილ მარჯვენა ხელზე. ახლა ადამსი ვარჯიშებს განაახლებს და დაეხმარება თავის გუნდს "ფილადელფიასთან" უახლოეს შეხვედრაში.

- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა "ბოსტონთან" გუშინდელ შეხვედრაში 27 ქულა დააგროვა და თავისი კარიერული მონაგარი 24 508 ქულამდე აიყვანა. ამით ლებრონმა გადაასწრო "მაიამიში" თავის ყოფილ თანაგუნდელს, რეი ალენს და "ყველა დროის ბომბარდირთა" სიაში 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული