- "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი აგრძელებს ბრძოლას რეგულარული სეზონის MVP-ის პრიზისთვის. "დეტროიტთან" მატჩში წვეროსანმა მცველმა სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა. 25 წლის მცველმა 38 ქულა, 12 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.
- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაიმეორა მარკ პრასის საკლუბო რეკორდი
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობამ 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ ნეიტ რობინსონთან, რომელიც აქამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონს 30 წლის კალათბურთელი "დენვერის" შემადგენლობაში იწყებდა და საშუალოდ 5.8 ქულასა და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. უფრო ადრე რობინსონს "ჩიკაგოსთან" კონტრაქტს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა.
- "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი დაუბრუნდა ვარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით მზად არ არის საერთო ჯგუფთან ერთად სამუშაოდ. შეგახსენებთ, რომ "სუპერმენი" 30 იანვარს მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას.
ექიმები ვერ ასახელებენ ჰოვარდის დაბრუნების ზუსტ თარიღს. თავდაპირველი ვარაუდი - ექვს-რვა კვირის გამოტოვება იყო.
- "დალასის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ განაცხადა, რომ მზად არის დარჩეს "მავერიქსში" იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ექს-ბოსტონელის თქმით, ახალ გუნდში კარგად გრძნობს თავს და უარს არ იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე.
- შაბათს, "ატლანტა ჰოქსის" ხელმძღვანელობამ პომპეზურად აღნიშნა თავისი ლეგენდის დომინიკ უილკინსის 55-ე დაბადების დღე. ამ კალათბურთელმა "ჰოქსის" რიგებში 12 სეზონი ითამაშა და 2006 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ძალიან ლამაზი ცერემონია 3D სტილში იყო გადაწყვეტილი. იუბილარისთვის მთავარი საჩუქარი კი გახდა უილკინსის ძეგლი, რომელიც "ატლანტას" საშინაო არენის შესასვლელთან დადგეს. პოზა, რომელშიც აღბეჭდილია ლეგენდარული ფორვარდი, ყველასთვის კარგად არის ნაცნობი - კალათბურთელს ბურთი ქვემოთ აქვს ჩატანილი იმისთვის, რათა შეასრულოს თავისი საფირმო ჩატენვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"