NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უსარგებლო სამმაგი დუბლი

AutoSharing Option
გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან საინტერესო დღე იყო, რომელიც "ჰიუსტონისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირებით დაიწყო.

მართალია, ამ გუნდებს ცხრილში ექვსი ადგილი აცილებთ, მაგრამ თამაში ორივესთვის ძალიან პრინციპული იყო. "ოკლაჰომა" აგრძელებს ბრძოლას "ნიუ ორლეანთან" პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის, "როკეტსი" კი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები დასავლეთში მეორე ადგილზე. გარდა ამისა, მოედანზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერები - რასელ უესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი. ისინი MVP-ის პრიზის მთავარი მაძიებლები არიან.

ეს დუელი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. უესტბრუკმა სეზონში მე-11 სამმაგი დუბლი შეასრულა. მისი მონდომებით "ოკლაჰომა", რომელიც
მთელი შეხვედრა აგებდა, თამაშს მაინც არ გამოეთიშა და ბოლომდე იბრძოლა. "ჰიუსტონში" კი თავდაპირველად მთავარი მოქმედი პირი დუაიტ ჰოვარდი იყო, რომელიც სამწამიანში ბატონობდა. მეორე მეოთხედის შუაში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო.

ამის შემდეგ სცენაზე ჰარდენი გამოვიდა, რომელიც მთელი შეხვედრა კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლო წუთებში შეუდარებელი იყო. სირენამდე 2.44 წუთით ადრე ანგარიში 100:100 იყო, რის შემდეგაც ლიგის მთავარმა წვეროსანმა ზედიზედ სამი ბურთი ჩააგდო, მათ შორის ორი სამქულიანი იყო.

"რაკეტებმა" შვიდქულიანი უპირატესობა მიიღეს. როგორც ჩანს, ჰარდენმა საქმე მოთავებულად ჩათვალა. ცოტა ხანში მან უაზრო ჯარიმა მიიღო მოედნის ცენტრში უესტბრუკზე და ზედმეტი პერსონალურებით მოედანი დატოვა. სათამაშო რჩებოდა დაახლოებით ნახევარი წუთი. უესტბრუკს შეეძლო, საჯარიმოებით ორ ქულამდე შეემცირებინა სხვაობა, მაგრამ ორივე თავისუფალი ტყორცნა გააფუჭა.

მას შეცდომის გამოსწორების შანსი ბოლო წამებზე მიეცა, როცა კორი ბრიუერმა მეორე ჯარიმა ვერ ჩააგდო და "თანდერს" 3.4 წამი დაუტოვა თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად, მაგრამ "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა ტაიმ-აუტის შემდეგ დაახლოებით 10 მეტრიდან ესროლა და არ გაუმართლა.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 112:115
17:27, 30:28, 30:28, 35:32
ო: უესტბრუკი (40+13 პასი+11 მოხსნა), მოროუ (22), კანტერი (21+17 მოხსნა), უეიტერსი (14).
ჰ: ჰარდენი (41+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (22+8 მოხსნა), სმიტი (14), არიზა (12+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული