NBA. ფინალის ფაქტები - რატომ მოიგო "გოლდენ სტეიტსმა"

AutoSharing Option
- "გოლდენ სტეიტმა" (ადრე - "ფილადელფია უორიორზი", "სან ფრანცისკო უორიორზი") თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ამასთან, 40 წელი, რაც "მეომრების" ბოლო ჩემპიონობიდან გავიდა, ყველაზე გრძელი პაუზაა ორ გამარჯვებას შორის. სწორედ "უორიორზი" იყო ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის პირველი ჩემპიონი (1946/47 წლების სეზონში). გარდა ამისა, "ფილადელფია უორიორზმა" მოიგო ჩემპიონატი - 1955/56 წლების სეზონში, ხოლო გუნდი სამგზის ჩემპიონი 1974/75 წლების სეზონში ამჟამინდელი სახელწოდებით გახდა.

- "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობის თხუთმეტივე კალათბურთელმა პირველი ტიტული მოიგო კარიერაში. კალიფორნიული გუნდი პირველი ჩემპიონია 1990/91 წლების "ჩიკაგოს" შემდეგ,
რომლის არც ერთ მოთამაშეს მანამდე ფინალში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. "უორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კი კარიერაში მეექვსე საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა (წინა ხუთი მოთამაშის რანგში: "ჩიკაგოში" - 1995/96, 1996/97, 1997/98, "სან ანტონიოში" - 1998/99, 2002/03).

- ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს "მეომრების" ფორვარდი ანდრე იგუოდალა, რომელიც ერთხელაც არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში რეგულარულ ჩემპიონატში და პლეი ოფის პირველ სამ რაუნდში. ასეთი რამ მეოთხედ მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბოლო "სათადარიგო" MVP 2013 წლის ფინალში "სან ანტონიოს" არგენტინელი მანუ ჯინობილი იყო.

- იგუოდალა ამ სეზონის მხოლოდ სამ მატჩში იყო სასტარტო ხუთეულში - ფინალური სერიის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მატჩებში (სამივეში "უორიორზმა" მოიგო). NBA-ში გატარებული წინა 10 სეზონის განმავლობაში, ანდრეს არასოდეს დაუწყია შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან.

- "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი გახდა პირველი დებიუტანტი მწვრთნელი ბოლო 33 წლის განმავლობაში, ვინც ტიტული მოიგო. ბოლო ახალბედა ჩემპიონი გახლდათ პეტ რაილი "ლეიკერსთან" ერთად - 1981/82 წლების სეზონში.

- "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ფინალური სერიის ლიდერი გახდა სამ ძირითად კატეგორიაში: ქულები (საშუალოდ მატჩში 35.8), მოხსნები (13.3) და შედეგიანი გადაცემები (8.8). 2015 წლის ფინალურ სერიაში მან ორი სამმაგი დუბლი შეასრულა.

- "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" ექვს მატჩში 67 სამქულიანი გამოიყენა, რაც ფინალების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი "სან ანტონიოს" ეკუთვნოდა, რომლის მოთამაშეებმაც 2013 წელს, "მაიამისთან" წაგებულ შვიდმატჩიან სერიაში 64 შორეული ტყორცნა გამოიყენეს.

- ისტორიაში 29-ჯერ დაფიქსირდა ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 და აქედან 21-ედ ჩემპიონი გახდა ის გუნდი, რომელმაც მეხუთე შეხვედრა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
2 არა 3 სამმაგი დუბლი ქონდა ლებრონს ფინალურ სერიაში
გიორგი აბესაძე
13:43 18-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული