ჯორდანს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა "დალასთან", მაგრამ კალიფორნიელებმა მოახერხეს ცენტრის დაყოლიება, რის შემდეგაც დეანდრემ თავის ამჟამინდელ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 88 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება ხუთშაბათს დაიდო, როცა ამოიწურა NBA-ს მორატორიუმის ვადა თავისუფალ აგენტებთან კონტრაქტების გაფორმებაზე.
"დალასი" მზად იყო, ჯორდანისთვის 80 მილიონი დოლარი გადაეხადა, მაგრამ "კლიპერსმა" მოთამაშეზე მფლობელის წესი გამოიყენა და უფრო სარფიანი წინადადება
როგორც ESPN წერს, სამი წლის შემდეგ ჯორდანს შეეძლება კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება და ხელშეკრულების გაწყვეტა. ხელშეკრულება ჰიუსტონში, კალათბურთელის სახლში გაფორმდა. შეხვედრას ესწრებოდნენ "კლიპერსის" მეპატრონე სტივ ბალმერი, მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი და კალიფორნიელთა ვარსკვლავები - კრის პოლი, ბლეიკ გრიფინი და კლუბში ახლახან გადასული პოლ პირსი.
"ის გამოვიდა ჩვენთან და გვითხრა: "გადავიფიქრე". ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა", - განაცხადა "კლიპერსის" ოფისში კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ჯერჯერობით, "დალასის" მხრიდან კომენტარები არ გავრცელებულა.
- გუშინ ასოციაციაში სხვა საინტერესო გარიგებებიც შედგა. მაგალითად, გამთამაშებელი ჯერემი ლინი კარიერას "შარლოტ ჰორნეტსში" გააგრძელებს. ESPN-ის ინფორმაციით, მცველი მაიკლ ჯორდანის გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ღირებულება 4.3 მილიონი დოლარი იქნება.
გასულ სეზონში ლინი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა, სადაც 11.2 ქულას, 4.6 შედეგიან გადაცემას, 2.6 მოხსნასა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.
ჯერემი ლინი "შარლოტის" მეხუთე ახალწვეულია. მანამდე ამ გუნდში გადავიდნენ: ნიკოლა ბატუმი, სპენსერ ჰოიესი, ჯერემი ლემბი და ლუკ რიდნური.
- არგენტინელი ლუის სკოლა "ტორონტო რეპტორზში" გადადის სათამაშოდ. როგორც Yahoo! Sports-ის ცნობილი მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს, 35 წლის ვეტერანმა კანადურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3 მილიონ დოლარს მიიღებს.
სკოლამ გასულ რეგულარულში "ინდიანას" შემადგენლობაში ითამაშა. საშუალოდ 20 წუთს ატარებდა მოედანზე და 9.4 ქულით, 6.5 მოხსნითა და 1.7 შედეგიანი პასით ეხმარებოდა "პეისერსს".
- და კიდევ, "სან ანტონიო სპურსი" მოელაპარაკა "საკრამენტო კინგზს" გაცვლაზე, რომლის მიხედვითაც, გრეგ პოპოვიჩის გუნდს შეუერთდება მცველი რეი მაკალუმი. როგორც ESPN-ის მიმომხილველი მარკ შტაინი წერს, "სპურსი" სანაცვლოდ "მეფეებს" მომავალ დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლებას მისცემს.
მაკალუმი "საკრამენტომ" 2013 წლის დრაფტზე 36-ე ნომრად აიყვანა. გასულ რეგულარულ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 7.4 ქულა, 2.8 შედეგიანი პასი და 2.6 მოხსნა იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"