NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ფენომენალური ლატვიელი შაკის გვერდით დადგა

AutoSharing Option
აღმოსავლეთი კონფერენციის შარშანდელი ფინალის შემდეგ არაფერი შეცვლილა. "ატლანტამ" ისევ ვერ შეძლო "კლივლენდისთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

მოზგოვის არყოფნაში, "კავალიერზის" დამრიგებელმა დევიდ ბლატმა ცენტრის ადგილზე ტრისტან ტომპსონი დააყენა და შეტევაში დამატებითი ფუნქციები დააკისრა კევინ ლავს. ამ უკანასკნელმა ნდობა გაამართლა და სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 25 ქულა.

კლივლენდელი გულშემატკივრებისთვის ერთადერთი არასასიამოვნო მომენტი იყო ლებრონ ჯეიმსის საქციელი. "კლივლენდის" ლიდერმა მესამე მეოთხედის შუაში ჯარედ კანინგემის პასი ვერ დაიჭირა, ხელი ჩაიქნია და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

რიჩარდ ჯეფერსონმა ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო და
სანამ ის მოედანზე შეცვლაზე შევიდოდა, "კავალიერზი" ოთხი კაცით დარჩა. ჯეიმსმა ტექნიკური პერსონალური მიიღო და იძულებული გახდა, პარტნიორებისთვის ბოდიში მოეხადა.

* * *
ნიუიორკელი გულშემატკივრები ძალიან კმაყოფილები არიან. "ნიქსმა" კრიზისში მყოფ "ჰიუსტონს" მოუგო და ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიმარჯვა, რამაც პლეი ოფის ზონაში მოუტანა ადგილი. ამ წარმატებების მთავარი შემოქმედი კი დებიუტანტი კრისტაპს პორზიგინსია. "რაკეტების" წინააღმდეგ ლატვიელმა 24 ქულა, 14 მოხსნა და 7 დაფარება შეასრულა.

20 წლის კალათბურთელი პირველი ახალბედაა შაკილ ო'ნილის შემდეგ, ვინც ასეთი სტატისტიკა შეაგროვა. ხოლო უკანასკნელი 20 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ ოთხმა ახალბედამ შეძლო 20 ქულის, 10 მოხსნისა და 7 დაფარების დაგროვება. ესენი არიან: ტიმ დანკანი, ლამარ ოდომი, პაუ გასოლი და დინ გარეტი.

შედარებისთვის: შარშანდელ სეზონში მერვე გამარჯვება "ნიუ იორკმა" მხოლოდ 23 იანვარს მოიპოვა. ცნობისთვის, ზედიზედ ოთხი მატჩი ამ გუნდს 2013-14 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.
* * *
"მაიამი ჰიტთან" მარცხი ზედიზედ მე-14 აღმოჩნდა სეზონის სტარტზე "ფილადელფიასთვის". საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, ბრეტ ბრაუნის შეგირდები 11 ქულით იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ფლორიდელების 20:4 გაქცევა მიიღეს.

შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით, "ფილადელფიას" წაგებათა სერია უკვე 24 მატჩს შეადგენს. აბსოლუტური ანტირეკორდის გამეორებამდე, პენსილვანიურ გუნდს კიდევ ორი წაგება უკლია.

ციფრები
- ზედიზედ მეოთხე მატჩია "საკრამენტოს" ლიდერი დემარკუს კაზინსი მინიმუმ 20 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებს.

- მე-12 მატჩზე შეწყდა ანდრე დრამონდის სერია. "დეტროიტის" ცენტრმა "ვაშინგტონთან" მატჩში პირველად ვერ შეძლო ამ სეზონში ორმაგი დუბლის შესრულება. ანდრემ შეტევაში ვერც ერთი მოხსნა ვერ აიღო, რაც პირველად მოხდა მის კარიერაში.

- 123 ქულა ჩაუგდო "ინდიანამ" "მილუოკის". ასეთი შედეგიანობა "პეისერსს" ბოლო სამი წელია არ ჰქონია.

- კარიერაში 1032-ე მოგება იზეიმა "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა და ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების სიაში მერვე ადგილზე მყოფ რიკ ადელმანამდე მხოლოდ 10 მოგება რჩება.

- კარიერაში 19 000 ქულა დაუგროვდა "მაიამის" ლიდერს დუეინ უეიდს. ახლა, მის ანგარიშზე 19017 ქულა მოდის. უეიდმა ბომბარდირთა ყველა დროის სიაში დეილ ელისსა და რეჯი ტიუსს გაუსწრო და 49-ე ადგილზე გადავიდა.

მოქმედ კალათბურთელებს შორის, მაიამელი კარმელო ენტონის, ვინს კარტერს, ლებრონ ჯეიმსს, პოლ პირსს, კევინ გარნეტს, ტიმ დანკანს, დირკ ნოვიცკისა და კობი ბრაიანტს ჩამორჩება.

ორლანდო-საკრამენტო 91:97
22:27, 25:26, 20:30, 24:14
ო: ჰარისი (24), ფურნიე (17), ოლადიპო (11), ვუჩევიჩი (11+11 მოხსნა).
ს: კაზინსი (29+13 მოხსნა+6 პასი), რონდო (13+9 პასი), ბელინელი (13), კუფოსი (12), კასპი (11+11 მოხსნა).

ინდიანა-მილუოკი 123:86
28:25, 27:26, 35:16, 33:19
ი: მაილზი (21), ჯორჯი (20+7 მოხსნა+7 პასი), ჯორდან ჰილი (20+11 მოხსნა), რობინსონი (17), ბადინგერი (13), ელისი (12).
მ: მონრო (11+14 მოხსნა), პარკერი (10), მაიო (10).

კლივლენდი-ატლანტა 109:97
27:19, 30:23, 20:22, 32:33
კ: ლავი (25+11 მოხსნა), ჯეიმსი (19+11 მოხსნა+8 პასი), სმიტი (15), დელავედოვა (12), ტომპსონი (9+16 მოხსნა).
ა: კორვერი (14), მილსეპი (14+11 მოხსნა), სეფოლოშა (13), ტიგი (13), ჰორფორდი (10+10 მოხსნა).

დეტროიტი-ვაშინგტონი 95:97
24:30, 28:22, 21:23, 22:22
დ: ჯექსონი (20+9 პასი), მორისი (18+9 მოხსნა), ილიასოვა (18), კოლდუელ-პოუპი (16), დრამონდი (8+13 მოხსნა).
ვ: ნენე (18+7 მოხსნა), პორტერი (17), გორტატი (14+8 მოხსნა), სეშენსი (14+9 პასი).

მაიამი-ფილადელფია 96:91
16:28, 16:19, 35:27, 29:17
მ: უეიდი (27+7 მოხსნა), უაიტსაიდი (14+9 მოხსნა+8 დაფარება), ბოში (13+11 მოხსნა), დენგი (11), უინსლოუ (10).
ფ: კენანი (22), კოვინგტონი (21+7 მოხსნა), ოკაფორი (16+11 მოხსნა), ნოელი (10+8 მოხსნა).

ჰიუსტონი-ნიუ იორკი 102:107
26:24, 27:34, 24:21, 25:28
ჰ: ჰარდენი (24+7 მოხსნა+10 პასი), ჯონსი (18+9 მოხსნა), კაპელა (16+14 მოხსნა), ტორნტონი (12), ტერი (11), არიზა (10).
ნ-ი: პორზიგინსი (24+14 მოხსნა+7 დაფარება), აფლალო (16), ენტონი (14), ჰელოუეი (12), კალდერონი (11+7 პასი).

სან ანტონიო-მემფისი 92:82
24:19, 29:20, 21:22, 18:21
ს-ა: ლეონარდი (19+7 მოხსნა), პარკერი (18), ჯინობილი (15), დანკანი (10+11 მოხსნა).
მ: ლი (17), კონლი (14), ბარნსი (10), მ. გასოლი (8+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული