NBA. პლეი ოფი: ანტირეკორდების დღე

AutoSharing Option
"ბოსტონის" კალათბურთელი ეივერი ბრედლი წლის საუკეთესო დამცველის პრიზის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო.

მან "ატლანტასთან" სერიის პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და მეორე შეხვედრაში მოედანზე არ გამოჩენილა. და მის გარეშე დარჩენილმა "სელტიქსმა" გუშინდელი მატჩი პირველი მეოთხედის პირველ ნახევარში წააგო, როცა მეტოქის კატასტროფული გაქცევა გამოეპარა - 3:24. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს კაილ კორვერს, რომელმაც ჯერ კიდევ დიდ შესვენებამდე ჩააგდო ხუთი სამქულიანი და 15 ქულა დააგროვა.

დარჩენილ სამ მეოთხედში "ბოსტონს" მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შანსი - ორნიშნა ჩამორჩენა ერთნიშნამდე დაეყვანა. ეს მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა, როცა ამირ
ჯონსონმა მოკლე მონაკვეთში რვა ქულა აიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდნენ "ატლანტას" ლიდერები და მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.

ატლანტა-ბოსტონი 89:72
24:7, 19:21, 18:18, 28:26
ა: ჰორფორდი (17+5 დაფარება+5 მოხსნა), კორვერი (17+7 მოხსნა), ტიგი (13+6 პასი), სეფოლოშა (12+6 მოხსნა+2 დაფარება), შრიოდერი (8), სკოტი (6+6 მოხსნა), ბეიზმორი (5+9 მოხსნა+4 პასი), მილსეპი (4+7 მოხსნა+4 დაფარება), მუსკალა (4), ჰარდუეი (3).
ბ: ტომასი (16), ჯონსონი (14+8 მოხსნა), ტერნერი (12+5 მოხსნა+3 პასი), როზირი (10), ჟერებკო (7+5 მოხსნა), ზელერი (4+5 მოხსნა), სალინჯერი (4), სმარტი (3+3 პასი+2 დაფარება), კრაუდერი (2+7 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი+2 დაფარება).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39/31.8), სამქულიანები (37.9/17.9), საჯარიმოები (87.5/91.7).
სერია: 2-0

* * *
კიდევ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა სერიის მეორე მატჩში "მემფისი". ტრავმირებული მაიკ კონლისა და მარკ გასოლის გარეშე, "დათვები" ძალიან სუსტები არიან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ამჯერად, დევიდ ორგერის შეგირდებმა საცოდავი 68 ქულა დააგროვეს, თამაშიდან 86 ტყორცნა შეასრულეს და 28 გამოიყენეს, მათ შორის, 14 სამქულიანიდან მხოლოდ ორი. სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, ლამარკუს ოლდრიჯსა და მის თანაგუნდელებს ყურადღებით რომ ეთამაშათ მეტოქის ფარზე (3:16 მოხსნებში) და 17 შეცდომა რომ არ დაეშვათ.

საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ "მემფისი" გახდა პირველი გუნდი ბოლო ექვს წელიწადში, რომელმაც პლეი ოფის სერიის პირველ ორ სასტარტო მატჩში 75 ქულაზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო.

სან ანტონიო-მემფისი 94:68
22:11, 27:24, 21:18, 24:15
ს-ა: მილზი (16), ლეონარდი (13), ოლდრიჯი (10+8 მოხსნა+4 დაფარება), მარტინი (10), ჯინობილი (8), დიაო (6+3 პასი+2 დაფარება), გრინი (6+5 მოხსნა), პარკერი (6+4 პასი), უესტი (6), ანდერსონი (4+7 მოხსნა), მარიანოვიჩი (4), დანკანი (3+9 მოხსნა+4 პასი), მილერი (2).
მ: ალენი (12), რენდოლფი (11+12 მოხსნა+3 პასი), ბარნსი (9+6 მოხსნა), ფარმარი (8), გრინი (6+7 მოხსნა+2 დაფარება), მენფორდი (6), ანდერსენი (4+8 მოხსნა), კარტერი (4), მარტინი (4), სტივენსონი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47/32.6), სამქულიანები (52.9/14.3), საჯარიმოები (82.1/55.6).
სერია: 2-0

ტრავმა სერიოზული არ არის
მაგნიტო-რეზონანსულმა შემოწმებამ არ გამოავლინა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელის სტივენ კარის სერიოზული დაზიანება. როგორც იცით, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, "ჰიუსტონთან" სერიის მეორე მატჩი გამოტოვა.

კალათბურთელი აღდგენას განაგრძობს და ჯერჯერობით, მისი მონაწილეობა "როკეტსთან" მესამე მატჩში კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღის რეკორდები
- "ბოსტონმა" პლეი ოფის ანტირეკორდი დაამყარა ერთ მეოთხედში დაგროვებული ქულების რაოდენობით. "ატლანტასთან" მატჩის პირველ 12-წუთეულში, "სელტიქსმა" 23-დან 3 ტყორცნა ააცილა და მხოლოდ 7 ქულა დააგროვა. წინა ანტირეკორდი (8 ქულა) ორ გუნდს ეკუთვნოდა - "იუტას" (1988) და "დალასს" (2010).

- "მემფისმა" 68 ქულა დააგროვა "სან ანტონიოსთან" მატჩში და ეს არის პლეი ოფში "გრიზლისის" შედეგიანობის ახალი ანტირეკორდი. "მემფისმა" თამაშიდან 32.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 14.3 პროცენტი ჩააგდო და საჯარიმოების 55.6 პროცენტი გამოიყენა.

- "სან ანტონიოს" ვეტერანმა ტიმ დანკანმა კარიერაში პირველად ვერ შეძლო პლეი ოფის მატჩში თამაშიდან თუნდაც ერთი ბურთის ჩაგდება. "მემფისთან" მატჩში, დანკანმა 26 წუთი ითამაშა, მხოლოდ ერთი ტყორცნა შეასრულა, რომელიც არაზუსტი იყო. აქამდე, ვეტერანი ზედიზედ 242 მატჩში ახერხებდა თამაშიდან მინიმუმ ერთი ბურთის ჩაგდებას.

- "ატლანტამ" "ბოსტონის" წინააღმდეგ 15 დაფარება შეასრულა. ეს არის ახალი საკლუბო რეკორდი პლეი ოფის მატჩებისთვის. ამ 15 დაფარებიდან ხუთი ელ ჰორფორდზე მოდის, 4 - პოლ მილსეპზე, 2 - ტაბო სეფოლოშაზე და თითო-თითო - ჯეფ ტიგზე, კაილ კორვერზე, მაიკ სკოტზე და მაიკ მუსკალაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული