NBA. პლეი ოფი: "სპურსის" საქმე ცუდადაა?

AutoSharing Option
ბოლო ოთხ წუთში შვიდიდან ექვსი გაფუჭებული ტყორცნა და მსაჯების მორიგი შეცდომა "სან ანტონიოს" მეხუთე მატჩში საშინაო დამარცხებად დაუჯდა.

პირველი მეოთხედი "ოკლაჰომამ" მოიგო, მაგრამ მეორე 12-წუთეულში "სან ანტონიო" სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და დიდი შესვენებისთვის, ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმის მიხედვით, მატჩის ანტიგმირის სტატუსის მთავარი კანდიდატი რასელ უესტბრუკი იყო. "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა ექვსჯერ დაკარგა ბურთი. მაგრამ მეორე ნახევარში ეს პრობლემა მოგვარდა და უესტბრუკი მხოლოდ ორჯერ შეცდა. და სწორედ ის გახდა მატჩის MVP.

"სან ანტონიო" თითქმის სულ იგებდა, მესამე მეოთხედის მსვლელობისას 13 ქულით გავიდა
წინ, ხოლო სირენამდე ოთხი წუთით ადრე, ექვსი ქულით ლიდერობდა - 88:82. და ამის შემდეგ დადგა უესტბრუკის დრო. დარჩენილ დროში მან შვიდი ქულა, ორი მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი მოასწრო.

ხოლო მისი გმირობის კულმინაცია გახდა შეტევა 92:91-ზე, როცა სირენამდე ცხრა წამი რჩებოდა. უესტბრუკმა ფარქვეშ შესვლა ზუსტი ტყორცნით დაასრულა და თან ლამარკუს ოლდრიჯს პერსონალური მიაღებინა. ოკლაჰომელმა საჯარიმო ჩააგდო და "სან ანტონიოს" თამაშის გადარჩენის შანსი მოუსპო.

ამ ეპიზოდზე ღირს ცალკე შეჩერება. საქმე ისაა, რომ "სან ანტონიო" ამ სერიაში კიდევ ერთხელ დაზარალდა მსაჯებისგან. როდესაც უესტბრუკმა უეიტერსისგან ბურთი მიიღო, მას მინიმუმ ორჯერ შეეხო კავაი ლეონარდი, მაგრამ მსაჯებმა ჯარიმა არ დააფიქსირეს.

საბოლოოდ, უესტბრუკს ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 35 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი. ამჯერად, 23 ქულით შემოიფარგლა კევინ დურანტი, რომელსაც აშკარად არ წაუვიდა ტყორცნა. სტუმრების გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ფარქვეშ ბრძოლა: "ოკლაჰომამ" მოხსნებში 54:36 მოუგო "სპურსს", ამასთან, შეტევაში 15 მოხსნა აიღო.

"სან ანტონიომ" მთელი რეგულარული სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე, ამ სერიაში კი უკვე ზედიზედ ორი მარცხი აქვს შინ. თავისი არსებობის ისტორიაში, "სპურსს" მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული სერია 2:3-დან. ეს მოხდა 2008 წელს, "ნიუ ორლეანთან" სერიაში.

სან ანტონიო-ოკლაჰომა 91:95
16:22, 32:21, 24:26, 19:26
ს-ა: ლეონარდი (26+6 მოხსნა+5 ჩაჭრა+4 პასი), ოლდრიჯი (20+9 მოხსნა+3 პასი), გრინი (20), პარკერი (9+5 პასი), დანკანი (5+2 დაფარება), მილზი (4), ჯინობილი (3), დიაო (2), უესტი (2).
ო: უესტბრუკი (35+11 მოხსნა+9 პასი), დურანტი (23+6 მოხსნა+5 პასი), ადამსი (12+11 მოხსნა), უეიტერსი (9), კანტერი (8+13 მოხსნა+3 დაფარება), იბაკა (5), ფოიე (3), რობერსონი (0+6 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39.8/43.6), სამქულიანები (44.4/35), საჯარიმოები (76.5/76.9).
სერია: 2-3

საუკეთესო მენეჯერი "სან ანტონიოს" ჰყავს
"სან ანტონიო სპურსის" გენერალური მენეჯერი არ სი ბიუფორდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წლის საუკეთესო მმართველად აღიარეს. გამოკითხვაში ბიუფორდმა 77 ქულა მიიღო და გაუსწრო ნილ ოლშის "პორტლენდიდან" და ბობ მაიერსს "გოლდენ სტეიტიდან", - იტყობინება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

გასული წლის ზაფხულში, "სპურსმა" შეძლო თავისუფალი აგენტების ბაზრიდან მძიმე ფორვარდის ლამარკუს ოლდრიჯის აყვანა. წლევანდელ რეგულარულ სეზონში "სან ანტონიომ" მეორე შედეგი აჩვენა და მხოლოდ "გოლდენ სტეიტს" ჩამორჩა.

გუშინდელი მატჩის ციფრები
80
"ოკლაჰომა-სიტიმ" გუშინდელ შეხვედრაში 95 ქულა დააგროვა და აქედან 80 ქულა რასელ უესტბრუკის და კევინ დურანტის ზუსტი ტყორცნებისა და შედეგიანი გადაცემების წყალობით მოიპოვა. ეს საერთო მონაგარის 84 პროცენტს შეადგენს. ამ დუეტს უფრო დიდი წვლილი საერთო გუნდურ შედეგიანობაში 2011-12 წლების სეზონის ფინალურ სერიაში ჰქონდა, როცა "მაიამის" წინააღმდეგ საკუთარ გუნდს ქულების 86 პროცენტის აღებაში დაეხმარა.

250
"სან ანტონიოს" ცენტრმა ტიმ დანკანმა პლეი ოფში 250-ე მატჩი ჩაატარა. ის გახდა ისტორიაში მეორე მოთამაშე, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. უფრო ადრე ეს გააკეთა დერეკ ფიშერმა, რომელსაც პლეი ოფში 259 მატჩი აქვს ნათამაშები და ყველა დროის ლიდერია ამ მაჩვენებლით.

ამასთან, 40 წლის დანკანი მეექვსე ადგილზეა პლეი ოფში შედეგიანობის მიხედვით, მესამე - მოხსნების რაოდენობით და პირველი - დაფარებებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული