NBA. პლეი ოფი: "კლივლენდს" წაგება დაავიწყდა

AutoSharing Option
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩის შედეგის პროგნოზირება იოლი იყო. კანადელები ისევ ძირითადი ცენტრის იონას ვალანჩუნასის გარეშე თამაშობდნენ, თან ფიზიკურად გამოფიტულები იყვნენ.

ბოლო 31 დღეში "რეპტორზი" მე-15 მატჩს თამაშობდა, ბოლო 15-ში კი - მერვეს. "კლივლენდმა" კი ძალების მაქსიმალური დაზოგვით მიაღწია ფინალურ სერიამდე - მან წინა ორ რაუნდში "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა.

"ტორონტოს" ლიდერები - დემარ დეროზანი და კაილ ლოური წინა მატჩებში, საშუალოდ 78 წუთს ატარებდნენ მოედანზე და გუშინ, ფიზიკურად ვეღარ გაუძლეს დასვენებულ მეტოქეს. სტუმრებს სათადარიგოები თუ უშველიდნენ, მაგრამ არც მათ წაუვიდათ
თამაში.

მაგალითად, ჯოზეფმა და როსმა მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან და ერთად სარგებლიანობის კოეფიციენტი "-43" ჰქონდათ. ლუის სკოლამ და ჯეიმს ჯონსონმა 17 ქულა კი აიღეს, მაგრამ მხოლოდ ექვსი მოხსნა შეაგროვეს. ეს იმ დროს, როცა "კლივლენდის" სათადარიგომ რიჩარდ ჯეფერსონმა 11 მოხსნა მიითვალა.

"რეპტორზს" არც სამქულიანები წაუვიდა - 24-დან 19 შორეული ტყორცნა ააცილა. დაცვაში ხეირიან თამაშზე კი ლაპარაკიც არ ყოფილა - ლებრონ ჯეიმსს ხელს არავინ უშლიდა და "კლივლენდის" ლიდერმა 13-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში. მას 81.8-პროცენტიანი სიზუსტე პლეი ოფში არასოდეს ჰქონია.

მოკლედ, "ტორონტოს" პრაქტიკულად არ გააჩნია რესურსი იმისთვის, რომ თუნდაც ერთი მატჩი მოუგოს "კავალიერზს". შესაბამისად, აღმოსავლეთ კონფერენციაში ინტრიგა მხოლოდ შემდეგში მდგომარეობს - მივა თუ არა გადამწყვეტ სერიამდე "კლივლენდი" დამარცხების გარეშე. ჯერჯერობით, ლებრონსა და კომპანიას ზედიზედ ცხრა მოგება აქვს.

"კლივლენდ კავალიერზი" გახდა მხოლოდ მეხუთე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სტარტზე ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო.

ადრე ეს შეძლეს "მინეაპოლის ლეიკერსმა" (1949-50, 9 მოგება), "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (1981-82, 9), "ნიუ ჯერსი ნეტსი" (2002-03, 10) და "სან ანტონიო სპურსი" (2011-12, 10).

კლივლენდი-ტორონტო 115:84
33:28, 33:16, 29:23, 20:17
კ: ირვინგი (27+5 პასი+2 დაფარება), ჯეიმსი (24+6 მოხსნა+4 პასი), ლავი (14+3 პასი), დელავედოვა (9+3 პასი), ჯეფერსონი (9+11 მოხსნა), ფრაი (8), შამპერტი (8), ტომპსონი (6+7 მოხსნა), სმიტი (5+3 პასი), უილიამსი (3), მოზგოვი (2).
ტ: დეროზანი (18+5 პასი), ბიიომბო (12), ჯონსონი (10), ლოური (8+5 პასი), პატერსონი (8+4 პასი), რაიტი (7), სკოლა (7), ჯოზეფი (4+3 პასი), პაუელი (4), როსი (4), კეროლი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (55.4/42.1), სამქულიანები (35/20.8), საჯარიმოები (78.8/75).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული