NBA: ჰოვარდი "ატლანტაში", ჰორფორდი "ბოსტონში"...

AutoSharing Option
პირველი ივლისიდან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და უკვე რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა.

კლუბს იცვლის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელმაც არ მოისურვა "ჰიუსტონთან" კონტრაქტის გაგრძელება და კარიერას "ატლანტაში" გააგრძელებს. "ჰოქსმა" და ჰოვარდმა სამწლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკეს, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელი 70.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

* * *
"ატლანტამ" ვერ შეინარჩუნა თავისი ძირითადი ცენტრი ელ ჰორფორდი, რომელმაც "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა საკუთარ გულშემატკივრებს, რომ "ბოსტონის" მოთამაშე გახდა.

2007 წლის დრაფტის მესამე ნომერმა ოთხწლიანი მაქსიმალური კონტრატი გააფორმა და ჯამში 113 მილიონ
დოლარს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ჰორფორდმა ცხრა წელი ითამაშა "ატლანტას" შემადგენლობაში.

* * *
"მაიამის" ფორვარდი ლუოლ დენგი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მოელაპარაკა ოთხწლიან კონტრაქტზე. ბრიტანელი კალათბურთელი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 72 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ლეიკერსის" კიდევ ერთი არჩევანი გახდა "კლივლენდის" ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი. ამ შემთხვევაშიც კონტრაქტი ოთხწლიანია. რუსის ხელფასი ერთ სეზონში 16 მილიონი დოლარი იქნება.

* * *
ESPN-ის ცნობით, სატრანფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურმა "ნიუ იორკ ნიქსმა" ფრანგ ცენტრთან ჟოაკიმ ნოასთან შეძლო მოლაპარაკება ოთხწლიან და 72-მილიონიან კონტრაქტზე. ნოა ახალ გუნდში "ჩიკაგოში" თავის ძველ პარტნიორთან დერიკ როუზთან ერთად ითამაშებს, რომელიც "ნიქსმა" სულ ცოტა ხნის წინ, გაცვლის შედეგად გადაიბირა.

ასევე, "ნიუ იორკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეფ ჰორნაჩეკმა გამოცხადა, რომ ესპანელი ცენტრი გილერმო ერნანგომესი უკვე უახლოესი სეზონიდან შეუერთდება "ნიქსის" რიგებს. შეგახსენებთ, რომ ეს კალათბურთელი 2016 წლის დრაფტის 35-ე ნომერი იყო. სხვათა შორის, ერნანგომესი ორი წელი "სევილიაში" თამაშობდა, სადაც ამჟამინდელი "ნიქსის" ერთ-ერთი ლიდერის კრისტაპს პორზინგისის პარტნიორი იყო.

* * *
საინტერესო სიახლეებია "მემფისში". ამ გუნდმა შეინარჩუნა გამთამაშებელი მაიკ კონლი. ახალი კონტრაქტის თანახმად, 28 წლის მცველი ხუთწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 153 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ყველაზე მსხვილი გარიგებაა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. არადა, კონლის თავის კარიერაში ერთხელაც არ აქვს ნათამაშები "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

გარდა ამისა, "მემფისმა" შეძლო "დალასის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდის ჩენდლერ პარსონსის ხელში ჩაგდება და მასთან მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმება - ოთხი წელი და 94 მილიონი დოლარი.

სხვა გარიგებები
- "შარლოტის" გამთამაშებელმა ჯერემი ლინმა "ბრუკლინში" გადასვლა ამჯობინა და ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

- იმავე "შარლოტის" ცენტრი ელ ჯეფერსონიც შეიცვლის კლუბს და მომავალ სამ სეზონს "ინდიანას" შემადგენლობაში გაატარებს. სეზონში მისი ხელფასი 10 მილიონი დოლარი იქნება.

- "ორლანდო" გამთამაშებელ დი ჯეი ოგასტინს ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და 29 მილიონ დოლარს გადაუხდის. ეს კალათბურთელი შარშან "ოკლაჰომასა" და "დენვერში" თამაშობდა.

- ფორვარდი ევან ტერნერი "პორტლენდს" მოელაპარაკა ოთხწლიან და 70-მილიონიან კონტრაქტზე. ტერნერმა გასული სეზონი "ბოსტონში" გაატარა და საშუალოდ 10.5 ქულა დააგროვა.

- "ინდიანას" 25 წლის ფორვარდი სალომონ ჰილი "ნიუ ორლეანში" გადადის სათამაშოდ. ახალ გუნდში ის ოთხ წელს დაჰყოფს და 52 მილიონ დოლარს მიიღებს.

- ავსტრალიელი გამთამაშებელი მეტიუ დელავედოვა ახლოს არის "მილუოკიში" გადასვლასთან. "ბაქსი" კლივლენდელს ოთხწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 38 მილიონ დოლარს გადაუხდის. ლებრონ ჯეიმსმა უკვე მიულოცა დელავედოვას ახალ გუნდში გადასვლა.

- "მილუოკის" კიდევ ერთი ახალწვეული გახდება 30 წლის ბოსნიელი მძიმე ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩი. ექს-ფინიქსელმა "ბაქსისგან" სამწლიანი და 30-მილიონიანი კონტრაქტი მიიღო.

- "იუტას" მენეჯმენტმა მოახერხა 34 წლის ჯო ჯონსონთან შეთანხმება. ვეტერანი "ჯაზმენების" რიგებში ორი წელი ითამაშებს და 22 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- 29 წლის ფორვარდი ჯეფ გრინი პროფესიულ კარიერას "ორლანდოში" გააგრძელებს - ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 15 მილიონ დოლარს მიიღებს.

- "ფინიქსმა" სამი წლით გაიფორმა 30 წლის ფორვარდი ჯარედ დადლი და მას ჯამში 30 მილიონ დოლარს გადაუხდის.

- "დეტროიტმა" გამთამაშებელ იშ სმიტთან შეთანხმებას მიაღწია. კალათბურთელს, რომელიც შარშან "ნიუ ორლეანსა" და "ფილადელფიაში" თამაშობდა, სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 18 მილიონი დოლარი ერგო.

- 27 წლის შემტევი მცველი იტან მური "ნიუ ორლეანში" გადავიდა. ამ კალათბურთელმა ბოლო ორი სეზონი "ჩიკაგოში" გაატარა, ახლა კი "პელიკანსის" ოთხი წლით საკუთრება გახდა და ამისთვის 34 მილიონ დოლარს მიიღებს.

- შემტევმა მცველმა არონ აფლალომ უარი თქვა "ნიუ იორკთან" კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებაზე და "საკრამენტოსთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელს, რაც მას 25 მილიონ დოლარს მოუტანს.

- მძიმე ფორვარდმა რაიან ანდერსონმა ოთხწლიანი და 80-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან".

- "ინდიანას" ყოფილი ცენტრი იან მაინმი "ვაშინგტონში" გადავიდა. მხარეებმა 64 მილიონი დოლარის ოდენობის ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

- შემტევი მცველი ერიკ გორდონი ტოვებს "ნიუ ორლეანს" და კარიერას "ჰიუსტონში" გააგრძელებს. მოთამაშეს ერგო ოთხწლიანი და 53-მილიონიანი კონტრაქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეიკერსს არც წელს უნდა ნეტა რამის მიღწევა? და ეს ჩიკაგო რამ გადარია მთელი გუნდი რომ ასე დაშალა... ჰგონიათ რონდო შეცვლის როუზს სრულფასოვნად? ძალიან მეეწვება. რონდო ზუსტად საკრამენტოს და მისნაირი გუნდებისთვისაა, სადაც მისგან არც ტიტულებს ითხოვენ და პარკეტზე სრულ თავისუფლებასაც აძლევენ. ამ ბიჭს წნეხის ქვეშ ტამაში მგონია რომ არ შეუძლია
ლევანი
05 ივლისი 2016 11:39
0
სადაა სამართლიანობა, ზაზა ფაჩულიას სეზონში 2,9 მილიონი და მოზგოვს სეზონში 16 მილიონი??? არადა ზაზა ცოცხლად შეჭამს პაკეტზე მოზგოვს. მაგრამ არაუშავს, პაციფიკის კონფერენციაში იქნებიან გაისად ორივე და ზაზას თავისი მოზგოვზე აღმატებულობის დამტკიცების შანსი არაერთხელ მიეცემა
ქუთათური
05 ივლისი 2016 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული