მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება სრული მოულოდნელობა არ ყოფილა, ამ ტრანსფერმა საკმაოდ ფართო რეზონანსი გამოიწვია. საინტერესოა, რას ფიქრობს თავად ამ აურზაურის გამომწვევი...
- ოკლაჰომა-სიტიში საკმაოდ ბევრი დრო გაატარეთ. რამდენად რთული იყო წასვლის შესახებ გადაწყვეტილება?
- დამიჯერეთ, ძალიან რთული იყო. მაგრამ მოვიდა გზის გაგრძელების დრო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან ამოვიგდებ ბოლო ცხრა წელიწადს. ეს წლები ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც რაღაც ღირებული, გულთან ახლო. მე ახალ
- თქვენს წერილში ამბობდით, რომ ოკლაჰომა-სიტიმ ძალიან ბევრი მოგცათ - როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს. ამ მხრივ, რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის ოკლენდში გადასვლა?
- ხშირად, ცხოვრებაში ზედმეტად ვუსმენთ სხვების რჩევებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ტვინში ვიქექოთ და გავიგოთ - რა გვსურს პირადად ჩვენ. დავჯექი, ტვინს ძალა დავატანე და დასკვნა გავაკეთე - ამ მომენტისთვის, "გოლდენ სტეიტი" ყველაზე შესაფერისი ვარიანტია ჩემთვის.
- ცხადია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს კარიერაში და ცხოვრებაში. რა შეგიძლიათ უთხრათ "უორიორზში" თქვენი გადასვლის მოწინააღმდეგეებს?
- მე არ შემიძლია ამის კონტროლი. დარწმუნებული ვარ, გამომივა ბევრი ადამიანის გადარწმუნება დიდი მუშაობითა და გამარჯვებებით, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად მოვიპოვებ. გარდა ამისა, ვიცოდი, რასაც ვაწერდი ხელს, ნეგატივს ვერასოდეს გაექცევი. გარე ხმაურის დრო არ მაქვს, მნიშვნელოვანია უფრო აუცილებელ რამეებზე კონცენტრირება.
- როგორ მიდიოდა ჯერი უესტთან საუბარი? ეკითხებოდით მას რაიმე ისეთზე, რაც სამყაროს შესახებ თვალს აგიხელდათ?
- ჩვენ უბრალოდ განვიხილეთ "გოლდენ სტეიტი", როგორც გუნდი. რამდენად კარგად შევერწყმები მათ ისედაც აწყობილ მექანიზმს. მეტი არაფერი. დიახ, ეს ჯერი უესტია და თქვენ, ალბათ, ელოდით იმას, რომ უფრო გულახდილი საუბარი გვექნებოდა, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ასე არ ყოფილა. ვილაპარაკეთ მხოლოდ ტრანსფერზე.
- თქვენ თქვით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს უსმენდით. გაქვთ თუ არა პასუხი მათთვის, ვინც "უორიორზში" თქვენს გადასვლას ჩემპიონობის იოლად მოპოვების შესაძლებლობად თვლის?
- ეს უბრალოდ სასაცილოა. NBA-ში უბრალოდ არაფერი მოდის. ჩემპიონები იოლად ვერ ხდებიან. წინ გველოდება 82 მატჩი. არ მგონია, რომ მარტივად იქნება ყველაფერი, მე ხომ ოკლენდში საერთოდ არავის ვიცნობ. არასოდეს მიცხოვრია ამ ქალაქში, არასოდეს მითამაშია ამ ბიჭებთან ერთად, და მაინც დავთანხმდი გადასვლაზე. სტივენ კარიმ შეტყობინება გამომიგზავნა: "უბრალოდ, მე მომენდე".
დაახლოებით ორი საათი ვფიქრობდი მისი სიტყვების აზრზე, რადგან ჩვენს დროში არც ისე იოლია, უბრალოდ ენდო უცნობ ადამიანებს. მაგრამ ამ სიტუაციაში, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ სწორი მიმართულებით ვაკეთებდი ნაბიჯს. ვაპირებ მაქსიმალური სარგებლობა მივიღო "გოლდენ სტეიტთან" თანამშრომლობით. არ ველოდები იდეალურ სეზონს, იქნება აღმაფრენისა და ასევე დაცემის მომენტები. მათ გარეშე შეუძლებელია. ვიცი, რამდენად მაღალია ფსონი და მოუთმენლად ველოდები რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩს.
- ბევრი უყურებს "გოლდენ სტეიტში" თქვენს გადასვლას, როგორც ამორალურ საქციელს. თავს დამნაშავედ გრძნობთ?
- არა. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მხოლოდ კომიქსების ბოროტი პერსონაჟებით და სუპერგმირებით არის დასახლებული. მე არ ვიცვლი ჩემს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ მათი პროფესიული არჩევანის მიხედვით. ამასთან, მესმის "ოკლაჰომა-სიტის" გულშემატკივრების ემოციებისა და მათი განაწყენების ხარისხის. მაგრამ მე ხომ ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, ვფიქრობდი იმაზე - რა იქნებოდა ჩემთვის კარგი და არა იმაზე - როგორმე არ გამენაწყენებინა გარშემო მყოფები. ცხოვრება გრძელდება. ჩემი საკალათბურთო კარიერა მუდმივი არ იქნება. სიამოვნება უნდა მივიღო ყოველი დღით.
- ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავიგეთ "ოკლაჰომა-სიტიდან" თქვენი სავარაუდო წასვლის შესახებ. პირველად, სერიოზულად როდის დაფიქრდით, რომ "უორიორზს" შეუერთდებოდით?
- 4 ივლისს, დილის 7 საათზე. მაშინ გავიფიქრე, რომ შესაძლოა, "გოლდენ სტეიტის" მოთამაშე გავმხდარიყავი. "ოკლაჰომაში" ცხრა წელი გავატარე და ის დღე უმძიმესი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, რომ დროა, რაღაც ახალი მოვსინჯო, საკუთარ თავს გამოწვევა ვესროლო. კალიფორნიაში ამისთვის ყველა პირობაა.
- რამდენად იქონია გავლენა თქვენს ტრანსფერზე "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეებთან დამოკიდებულებამ?
- ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მინდოდა მათთან შეხვედრა, მათთვის თვალებში ჩახედვა. მინდოდა მეკითხა სტეფისთვის - როგორი იქნება გუნდისთვის ისეთი ბიჭის შეერთება, როგორიც მე ვარ. და სხვების აზრიც ასევე მაინტერესებდა. ბიჭებთან საუბრისას მივხვდი, რომ მართლაც ვარ მათი მექანიზმის ის დეტალი, რომელიც აკლდათ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ, დარწმუნებული ვარ - როგორც გუნდს, აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.
- თქვენ ახსენეთ ახალი გუნდის შიგნით მიკროკლიმატის მნიშვნელობა. "უორიორზის" სასტარტო ხუთეულის სამი წევრი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრებიდანაა. რიოში თქვენი ერთად ყოფნა დაეხმარება გუნდს?
- ერთმნიშვნელოვნად, ეს ფაქტი მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს. მე, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი ერთ ზედმეტ თვეს ერთად გავატარებთ, უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. 2012 წელს, ძალიან დავუახლოვდი ნაკრების ყველა წევრს, მახსოვს ის ბრწყინვალე გრძნობა. იმედია, ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში ჩვენთვის წარმატებული იქნება, ხოლო გუნდის შიგნით ურთიერთობა, არა ნაკლებ თბილი.
- გადახვედით გუნდში, რომელსაც თქვენთვის სრულად ახალი სათამაშო ფილოსოფია აქვს. როგორ აპირებს მწვრთნელის სქემაში ჩაწერას. ეს პრობლემა ხომ არ გახდება?
- მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს დაიკავებს აკლიმატიზაცია. არ მინდა დავაწესო დროის ჩარჩოები და ვინმეს რამე დავპირდე. საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე ვარ და კარგად მესმის კალათბურთი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები ნამდვილად არ უნდა წარმოიქმნას.
მითხრეს, რომ შემიძლია დავრჩე ის, ვინც ვარ. ეს კი ნიშნავს ჩვეულ სტილში მოქმედებას, პარტნიორებისთვის დახმარების გაწევას და "საკუთარ" ტყორცნებზე უარის არ თქმას. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ახალ ადგილს შევეგუო, გარკვეული დრო ნამდვილად დასჭირდება.
- ელაპარაკეთ რასელ უესტბრუკს მას შემდეგ, რაც წასვლის შესახებ გამოაცხადეთ?
- დიახ, საკმაოდ რთული ლაპარაკი გვქონდა. ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვიყავით დიდი ხანი და მართლაც გვაქვს ბევრი რამ გასახსენებელი. დარწმუნებული ვარ, რასელი არ დარჩებოდა ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული, მაგრამ მიიღო ის, რადგან ჩემი მეგობარია. შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა შეიცვალოს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაივლის. და ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვილაპარაკებთ.
- თქვენ სტივენ კარის მიწაზე დადგით ფეხი. კომფორტული იქნება მის მხარდამხარ თამაში? მიესალმა თქვენს გადაწყვეტილებას?
- მას სრულიად არ აინტერესებს სხვისი აზრი და მთელი ეს აურზაური. ყველაფერი, რაც სტეფს უნდა - მოგებაა. ის გათამაშებელია, შესაბამისად, უფრო კარგად ხედავს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მოედანზე. თამაში მან უნდა წარმართოს. სტეფს უყვარს და იცის შედეგიანი პასების დარიგება. მეც შემიძლია იგივე. ორივე კარგად ვისვრით. ასე რომ, ვფიქრობ, შესანიშნავად შევავსებთ ერთმანეთს. რაც შეეხება მის რეაქციას ჩემს გადაწყვეტილებაზე... ვიცი, რომ ძალიან გაუხარდა. მომწერა მისასალმებელი შეტყობინება.
- თქვენ თქვით, რომ კალიფორნიაში არავის და არაფერს იცნობთ. რას გააკეთებთ პირველ რიგში, როცა ამ შტატის მაცხოვრებელი გახდებით?
- წინ ბევრი სამუშაოა, ოლიმპიადა, ამიტომაც დარწმუნებული არ ვარ, რომ ბევრი დრო დამრჩება ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ბედნიერი ვარ გავხდე ამ ორგანიზაციის ნაწილი და ვითამაშო ამ ბიჭებთან ერთად დაუჯერებელი გულშემატკივრების თვალწინ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "უორიორზმა" მოგება გააგრძელოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"