ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება

AutoSharing Option
წელს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა მოწყენის საშუალება არ მისცეს კალათბურთის მოყვარულებს.

ჯერ კობი ბრაიანტმა გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ და გამოსათხოვარ მატჩში ნამდვილი შოუ მოაწყო, შემდეგ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კევინ დურანტის "გოლდენ სტეიტში" გადასვლამ და ბოლოს, სულ ახალი ამბავია ტიმ დანკანის კალათბურთიდან წასვლა.

სწორედ ამ სიახლემ გამოიწვია ყველაზე დიდი რეაქცია და ვერავინ შეძლო ემოციების შეკავება.

თანაგუნდელების რეაქცია
მანუ ჯინობილი: "მართალია, ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ ამ ამბით. მე დაუჯერებელი პატივი მერგო - 14 წელი მეთამაშა ტიმის გვერდით".

ჯორჯ ჰილი:
"მე რომ იმის მეოთხედი გამეკეთებინა, რაც ტიმმა შეძლო, ჩემს კარიერას ბრწყინვალეს ვუწოდებდი. მადლობა იმ 20 წლისთვის, რომელიც შენ NBA-ს მიეცი. 9 წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ მყავს უფროსი ძმა ან ბაბუა".

ლამარკუს ოლდრიჯი: "ყველა დროის საუკეთესო მძიმე ფორვარდი. მადლობა იმისთვის, რომ საერთო მოგონებები დაგვრჩა. დიადი მოთამაშე და პარტნიორი".

ბრიუს ბოუენი: "ლიდერის საუკეთესო მაგალითი. ფუჭ სიტყვებს არასოდეს ამბობდა. მაგრამ ყოველთვის ითხოვდა პარტიორებისგან მაქსიმალურს მოგებისთვის".

შონ ელიოტი: "ასეთი მეორე აღარ იქნება. "სან ანტონიო", NBA და კალათბურთი შეიცვალა".

დევიდ რობინსონი: "ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად "კოშკების" დუეტი შევქმენი. შენ ყველას გაკვირვება შეძელი".

ანტონიო დენიელსი: "დანკანი - საუკეთესო პარტნიორია პროფესიული სპორტის ისტორიაში".

ვარსკვლავების რეაქცია
კობი ბრაიანტი: "ტიმი იმაზე დაუნდობელი იყო, ვიდრე ბევრს ჰგონია. მომწონდა ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებდა".

ლებრონ ჯეიმსი: "ტიმი-დი, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ. შენ ბევრი გააკეთე პირადად ჩემთვის და მთლიანად ლიგისთვის. მადლობა ფანტასტიკური კარიერისთვის".

სტივენ კარი: "NBA-ის ისტორიაში მთელი ეპოქა დასრულდა. ტიმ, შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი და წინ საკუთარი გზით მიდიოდი".

დირკ ნოვიცკი: "ტიმი-დი, თქვი, რომ იხუმრე!!! უდიადესი მძიმე ფორვარდი ისტორიაში. მას მხოლოდ მოგება უნდოდა და არასოდეს გამოყობდა თავის როლს გამარჯვებებში. ყველაზე მეტად გცემ პატივს".

პაუ გასოლი: "ძალიან დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ ტიმ დანკანით. მქონდა ბედნიერება, ბევრჯერ შევხვედროდი მას მოედანზე და ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მეოთხე ნომერთან დაპირისპირებით. მადლობა, რომ მისაბაძი მაგალითი იყავი".

კევინ ლავი: "დიდი ფუნდამენტალისტი. საუკეთესო მძიმე ფორვარდი, ვინც კი ოდესმე მოედანზე გასულა. სწორედ მან მიჩვენა 2008 წელს, რა არის NBA. ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი დაკვირვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა. მადლობა იმისთვის, რომ შეცვალე თამაში".

რუდი გობერი: "ის არასოდეს ცდილობა საკუთარ თავზე მაღლა ამხტარიყო. ის არ ქმნიდა საკუთარი თავისგან ბრენდს. არ აწყობდა გამოსათხოვარ ტურნეს. ის უბრალოდ, კალათბურთს თამაშობდა".

ჯერემი ლინი: "ჩუმი და მოკრძალებული ცხოვრებაში, მაგრამ მკვლელი და ჩემპიონი მოედანზე".

მწვრთნელებისა და მენეჯერების რეაქცია
მარკ ქიუბანი: "გული დამწყვიტა არა მხოლოდ დანკანის წასვლამ, არამედ იმანაც, რომ არ დავაფასეთ მისი დამსახურება "დალასისა" და "სან ანტონიოს" მატჩის დროს. ბედნიერი, ვარ, რომ ხშირად მინახავს მისი სიდიადე მოედანზე. "მავერიქსისა" და "სპურსის" მატჩებისას, ყოველ წუთს მძულდა ის, მაგრამ თან უდიდეს პატივს ვცემდი".

სტივ კერი: "ყოველგვარი პრესკონფერენციის გარეშე წასვლა - ეს სწორედ დანკანის სტილია. მოკრძალებული, მორცხვი. უბრალოდ, ფენომენალური პარტნიორი, რომლის თამაშისგან მხოლოდ სიამოვნებას იღებდი".

ადამ სილვერი: "ტიმ დანკანი იყო ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში. თამაშის მიმართ მისმა ერთგულებამ და უდიდესმა ოსტატობამ ხუთი საჩემპიონო ტიტული და MVP-ის ორი პრიზი მოიტანა. დაუჯერებელმა მოკრძალებამ და ეგოიზმის არარსებობამ ტიმი იდეალურ პარტნიორად აქცია. თითქმის 20 წელი ის უმაღლეს დონეზე წარმოაჩენდა "სპურსსა" და სან ანტონიოს. NBA-ის მთელი ოჯახი მისი მადლიერია თამაშის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა დროის საუკეთესო მძიმე ფორვარდი?
ტიმი თუ კარლ მელოუნი?
0

სიახლეები პოპულარული