NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობა სამუდამო მფლობელობაში გადასცემს 21-ე სათამაშო ნომერს კლუბის ლეგენდას ტიმ დანკანს. "სპურსის" საშინაო არენის თაღზე კალათბურთელის მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია 18 დეკემბერს, "ნიუ ორლეანთან" მატჩის დროს გაიმართება.

ტიმ დანკანი მერვე მოთამაშეა "სან ანტონიოს" ისტორიაში, რომლის ნომრითაც კლუბში აღარავინ ითამაშებს. მანამდე ასეთი პატივი ერგოთ - დევიდ რობინსონს, ჯორჯ გერვინს, შონ ელიოტს, ბრიუს ბოუენს, ეივერი ჯონსონს, ჯონი მურსა და პოლ სილასს.

დანკანმა 19 სეზონი ჩაატარა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და 15-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ის ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი,
ორჯერ იყო სეზონის და სამჯერ ფინალური სერიის MVP. ტიმი "სპურსის" რეკორდსმენია ნათამაშები წუთების, მატჩების, თამაშიდან რეალიზებული ტყორცნების, მოხსნების, დაფარებებისა და მოგებების რაოდენობით.

დანკანმა ამ ზაფხულს დაასრულა კარიერა.

* * *
ლეგენდარული კალათბურთელები - მაიკლ ჯორდანი და ქარიმ-აბდულ ჯაბარი პრეზიდენტის თავისუფლების მედალს მიიღებენ, - იტყობინება USA Today.

ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა 22 ლაურეატის სია. საზეიმო ცერემონია 22 ნოემბერს გაიმართება. ჯორდანამდე და აბდულ-ჯაბარამდე ასეთი პატივი მხოლოდ ერთ კალათბურთელს - ბილ რასელს (2011 წელი) ერგო.

პრეზიდენტის თავისუფლების მედალი - სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილი ორი უმაღლესი ჯილდოდან ერთ-ერთია. ლაურეატებს პირადად აშშ-ის პრეზიდენტი ირჩევს. თავისუფლების მედალი ეკუთვნით იმ სამოქალაქო პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, აგრეთვე, აშშ-სა და მსოფლიოს კულტურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.

მედალი 1945 წელს ჰარი ტრუმენმა დააწესა მეორე მსოფლიო ომში დამსახურებების აღნიშვნისთვის. 1963 წელს, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ლაურეატთა სფერო გააფართოვა.

* * *
"კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 2.5 მილიონი დოლარი გაიღო ლეგენდარული მოკრივის მოჰამედ ალის გამოფენის მოსაწყობად, რომელიც აფროამერიკის ისტორიისა და კულტურის ეროვნულ მუზეომში გაიმართება.

"ალიზე ყოველდღე ვფიქრობ. რომ არა მისი ჟინი, იდეალები და ღირსებები, მე, შესაძლოა, არ ვყოფილიყავი ის, რაც ვარ", - მოჰყავს ჯეიმსის სიტყვები USA TODAY-ს.

აღვნიშნავთ, რომ ადრე, გამოფენის მოწყობისთვის ფული შესწირეს კალათბურთელებმა - მაიკლ ჯორდანმა და მეჯიქ ჯონსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული