მაგრად მენატრები, ტიმი!

AutoSharing Option
ტიმ დანკანი წავიდა. ტიმ დანკანმა კარიერა დახურა. ლიგა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც - ტიმის დროს. კალათბურთმა მეგობარი, უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა. ტიმი დაიღალა. ტიმიმ უნდა დაისვენოს...

კალათბურთთან ახლობლობა ტიმ დანკანით დავიწყე. პირველი გათენებული ღამეები ჩაბნელებულ და უსულო თბილისში. გენერატორის ამოქოქვა, რომ "სუპერჩენელზე" პირდაპირში "სან ანტონიოს" თამაში მენახა. ტიმის პირველი გამოსვლა. "კლიპერსთან". პირველი ჩაგდებული ბურთი. პირველი მოხსნა. პირველი დაფარება. პირველი პასი. პირველად ის, გაკვირვებული, ნაწყენი ბავშვის სახე, როცა დაცვაში "ფოლი" უთხრეს. დანკანი არ იცვლებოდა. მიდიოდნენ გენერაციები, იცვლებოდნენ ტიმის მოწინააღმდეგეები და
დანკანი რჩებოდა. იქ, სადაც ყოველთვის იდგა. "სან ანტონიოს" სამწამიანში და სან ანტონიო მშვიდად იყო.

ძაან რთულია, წერო იმაზე, ვინც 20 წელიწადი შენთვის საუკეთესო მეგობარი იყო. როცა სამსახურში მისვლა უფრო იმიტომ გიხარია, რომ იქ მეგობრებს ტიმიზე დაელაპარაკები. როდესაც იქ, მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენებ ტიმის ჩვეულებრივ, ზოგისთვის მოსაწყენ და სანდო კალათბურთს. მიიღო ბურთი, ოდნავ ჩაჯდა მუხლებში, ბურთი უკეთ დააფიქსირა, წაიკითხა შენი, დამცველის მოძრაობა და გაუშვა ბურთი. ფარიდან. ტიმიმ ფარიდან 1924 ზუსტი სროლა დააგროვა - კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი!

მოუქნელი სიხარული და მორიდებული ეიფორია. ბეჯითი მოსწავლის სახე და მოწყენილი, მიტოვებული ლაბრადორის თვალები. დანკანი არ იცვლებოდა.

ტიმი პირველად ათენში, ოლიმპიადაზე ვნახე. პუერტო რიკოსთან წაგებული თამაშის შემდეგ. ამერიკული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი და ერთჯერადი "ოცნების გუნდის" კაპიტანი, რომელიც იქ, იმ ქაოსში ზედმეტი იყო. სტეფონ მარბერის, ალენ აივერსონისა და ახალგაზრდა კარმელო ენტონის, აზრზე მოსაყვანი ლებრონ ჯეიმსის გუნდში დანკანი იყო კურსდამთავრებული, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ დაუძახეს.

ტიმი გამოდის ბრიფინგიდან. ვეძებ უფროს მეგობარსა და ყველაზე მაგარ ფოტოგრაფს, სანდრო კოტორაშვილს, რომელიც პრესცენტრთან საცობში მოვა და შორს არის. ტიმის გაეცინა, როცა მებრძოლ სანდრო ძიაზე მივანიშნე, ვერ მოდის-მეთქი. მაშინ სხვა დროსო, თქვა ტიმიმ, გაიცინა და დერეფანში შევიდა. ტიმი არ იყო დაღლილი. ამერიკამ წააგო პუერტო რიკოსთან, მაგრამ დანკანის ღიმილი არ იკარგებოდა ნაოჭებში. ტიმი ასაკზე ახალგაზრდა იყო. მაშინ პირველად ვნახე ჩემი საყვარელი კალათბურთელი. ჩემი საყვარელი სპორტსმენი...

ხანდახან ჩემით ვადგენდი რეიტინგებს და პირველი ათეულის დაწერას მეათედან ვიწყებდი. ნუ, დავუშვათ, კრის უებერი მეათეა. დავუშვათ, დირკ ნოვიცკი - მეცხრე. ავდიოდი პირველ ადგილამდე და ბედნიერი ვიყავი, რომ საკუთარ რეიტინგში ჩემი საყვარელი ტიმი პირველი იყო. ტიმ დანკანი ძალიან ბევრ რეიტინგში იყო პირველი.

დანკანი მეორედ სტამბოლში ვნახე. ტიმის მუხლის ტრავმა აქვს და ტიმის არ უნდა ეთამაშა. ტიმი ოდნავ მექანიკურად მოდის ჟურნალისტებთან და ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას. მანამდე დაველაპარაკე გრეგ პოპოვიჩს, რომელსაც ვაჩვენე ტიმის ავტოგრაფიანი ბეიჯი ათენიდან და გრეგმა - ყოჩაღ, კარგი სუვენირი შეგინახიაო!

დანკანთან საუბრის დროს მოვიდა პოპოვიჩი და ტიმის ჩემზე ეუბნება - ეს მაგარი სახიფათო ტიპია, ნახე, რა აქვს შენახულიო. დანკანს გაეცინა, მაგრამ სახე ისევ მექანიკურმა ნიღაბმა დაფარა და ტიმი კითხვა-პასუხის რუტინულ რეჟიმზე გადაერთო. პოპოვიჩმაც არ გააგრძელა ლაპარაკი. გრეგი მიხვდა, რომ ტიმის ჟურნალისტებთან საუბრის მოყომარება უნდოდა. ტიმი დაღლილი იყო. მაგარი დაღლილი.

ბოლომდე ველოდებოდი დანკანის საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯინობილი დარჩა და ერთი წამით გაჩნდა იმედი, რომ ტიმიც დარჩებოდა. ცოტა ხნით. ძალიან ცოტა ხნით. ერთი სეზონით. ერთი გასეირნებით ღრუბლებში და შემდეგ კავაი ლეონარდი მიიღებდა "სან ანტონიოს" გასახდელის გასაღებს, რომელიც 1997 წლიდან ტიმის ჰქონდა ჩაბარებული. გასაღებს ყველაზე სანდო ტიპს აბარებენ. გასახდელში გუნდის ისტორია და მომავალია. გასახდელში სხვა არ უნდა შევიდეს. ტიმი უფრთხილდებოდა გასახდელს. და სან ანტონიოს. და მთელ გუნდს. და გრეგს. და დევიდ რობინსონს. და საკუთარ თავს...

დანკანი საკუთარ თავს საყვარელი მეგობრებისთვის უფრთხილდებოდა. რომ უკეთესი, უფრო ხალისიანი, უფრო მოძრავი ყოფილიყო. და ის თვალები. ტიმის გამოხედვაში იყო სევდა. ყოველთვის იყო. დანკანი თამაშობდა, დანკანი იყო საუკეთესო, მაგრამ ტიმიმ ყველაზე ადრე დაინახა ის ეპიზოდი, როცა უნდა წასულიყო. და ტიმიმ დაიწყო მზადება. ის ვერ ცვლიდა, ვერ შეცვლიდა ისტორიას, მაგრამ დანკანმა შექმნა ისტორია. და "სან ანტონიომ" ტიმის თავი დაუხარა.
მეფე, რომელსაც არ უნდოდა გვირგვინი.

მეგობარი, რომელიც ყოველთვის გისმენდა და არაფერს გპირდებოდა. ის, უბრალოდ, შენი მეგობარი იყო.

გრეგის საუკეთესო შვილი, რომელიც "მამიკოს" ყველა რჩევას ითვალისწინებდა. ხანდახან ცვლიდა ამ გადაწყვეტილებას და ონავარი ბავშვივით ახედავდა ხოლმე გრეგს - მა, ბოდიში რა, არ გეწყინოს, კაი? გრეგსაც ეცინებოდა. საყვარელი შვილი ყოველთვის მის გვერდით იყო. დანკანი გრეგს ასაკს ართმევდა და უკვდავების ჩანჩქერის ქვეშ აყენებდა. ტიმი ყოველი რეგულარულის დაწყებამდე იმ ჩანჩქერის ქვეშ იდგა და ტიმი იყო ბედნიერი.

და ტიმი ხედავდა, რომ გრეგიც ბედნიერი იყო. ოჯახი, სადაც ყველა ბედნიერი იყო. ოჯახი, სადაც მამა და შვილი ერთმანეთს ყველაფერში ენდობოდნენ. ოჯახი, საიდანაც არ გადიოდა არაფერი გარეთ. ოჯახი, რომელშიც ყველა დასვენებული და კმაყოფილი, მორიდებული და მონდომებული, მეგობრული და საუკეთესო მეგობარი იყო. "სან ანტონიოს" ოჯახი. გრეგ პოპოვიჩის ოჯახი. მანამდე ჯორჯ გერვინისა და დევიდ რობინსონის ოჯახი. ტიმ დანკანის ოჯახი. ჩვენი, ამ გუნდის ყველა ერთგული გულშემატკივრის ოჯახი. "სან ანტონიო" იყო სიყვარულის ტაძარი.

დანკანი იყო ენიგმა. ტიმი იყო სიყვარული.

ტიმი, შეგიძლია, კიდევ ერთხელ გაიღიმო? - ეკითხებოდნენ ჟურნალისტები. და ტიმის ღიმილში "სან ანტონიოს" ყველა ფერი იყო.

ტიმი, შეგიძლია პირსახოცზე ხელი მომიწერო? - სთხოვდა 73 წლის გულშემატკივარი ქალბატონი და ტიმიც მოწიწებით უტოვებდა მეგობარს ავტოგრაფს.

ტიმი, შეგიძლია დარჩე? - დაუსვა კითხვა დანკანს გრეგ პოპოვიჩმა. ტიმი ვერ დარჩა. ტიმიმ გრეგს თვალებში ვერ შეხედა. გრეგს უნდოდა დანკანთან ერთად კიდევ ერთი რეგულარულის დაწყება და საყვარელმა შვილმა სახე გაატრიალა. დანკანის თვალებიდან რამდენიმე წვეთი ჩამოვიდა. ტიმის არ უნდოდა, რომ გრეგს ეს დაენახა.

გრეგმა ეს იგრძნო და თვითონაც გაატრიალა სახე. არ უნდოდა, რომ შვილს ეს დაენახა. და ორივემ იცოდა, რა ხდებოდა. დანკანი და პოპოვიჩი საუკეთესო მეგობრები, სამაგალითო მამა-შვილი, ყველაზე ორგანიზებული გუნდის ლიდერები და უბრალოდ, თავის ამბავში, ყველაზე მაგრები იყვნენ.

დანკანი იყო "სან ანტონიოს" გულშემატკივრებისთვის შემოდგომის ყველა ფერი მათ თვალებში.

დანკანი იყო სუსხიანი და ანდერსენის ზღაპრებიდან ამოსული თბილი ზამთარი მათ სიზმარში.

დანკანი იყო ხარი, რომელმაც "სან ანტონიო" ხუთჯერ მიიტანა პანთეონამდე. "სან ანტონიო" ხუთჯერ გახდა ჩემპიონი. ტიმ დანკანი ხუთჯერ გახდა ჩემპიონი. სან ანტონიომ ტიმისგან ხუთჯერ მიიღო ზღაპარი. ტიმი მტვრიანი შტატის ბეჭდების მბრძანებელი გახდა...

ერთხელ, დანკანთან წაგებული თამაშის შემდეგ, შაკილ ონილმა სტატისტიკაზე, იმ კონკრეტული თამაშის დეტალებზე საუბრის მაგივრად თქვა - ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შვილები ისეთივე სამაგალითოები და კარგები იქნებიან, როგორც - ტიმ დანკანი. და ალბათ, ეს არა მხოლოდ ბუნჩულა გოლიათის სურვილი იყო. ეს ჩემი სურვილიც არის. ეს თქვენი სურვილიც არის. როცა იცი, რომ შვილი საუკეთესო და სამაგალითოა. როცა იცი, რომ ამაგი არ დაიკარგება. როდესაც იცი, რომ ის, შვილი, შენზე იზრუნებს, როცა შენ, მამა, უკვე მოხუცი იქნები. შაკი ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ტიმის. კობიც. ლებრონიც. გარნეტიც. მთელი ლიგა. მთელი სამყარო. ტიმ დანკანი ყველასთვის სამაგალითო იყო.

უბრალოდ, ყველაზე კარგი და საყვარელი.
და ის თვალები...

ყველაფერი კარგი მთავრდება. და ყველაფერი კარგი რჩება ჩვენთან, იქ, სადაც მოგონებები არ ილექება. იქ, საიდანაც კრისტიან ბეილის ბეტმენიც არ გაიქცევა. იქ სიმშვიდეა. იქ ნდობაა. იქ პატარა ბაღია, სადაც შვილები მამებთან ერთად სეირნობენ და ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ერთმანეთს ცივ ნიავს არ აკარებს. იქ ტომ ჰარდის მაქსიც მშვიდდება. იქ ტიმ დანკანის სამყაროა.

დიდი კაცი, რომელიც მიდის. რომელიც წავიდა და რჩება სიცარიელე.
მე გამიმართლა, რომ ორჯერ ვნახე ტიმი.

არ გამიმართლა, რომ დანკანი წავიდა. და ის აღარ დაბრუნდება.
ზღაპარი დამთავრდა.

მაგრად მენატრები, ტიმი!

ზურა თალაკვაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
:(((((((((((( მადლობა სტატიისთვის
ererere
12:11 14-07-2016
0
მადლობა ტიმ და მადლობა ზურა ამ წერილისთვის და იმ შენი წაყვანილი რეპორტაჟებისთვის რომლისთვისაც ღამეებს ვათენებ
nemez
10:05 14-07-2016
0

სიახლეები პოპულარული