U18. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს თურქეთიდან მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ სკოპიეში, 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გაიმართება.

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ნაკრები სტამბოლში 17 ივლისიდან იმყოფებოდა, სადაც 4 საკონტროლო მატჩი გამართა ევრობასკეტის კემპის მონაწილე მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდებთან.

2 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 2 მარცხი განიცადა. წაგებულ შეხვედრებში ქართველების წინააღმდეგ ითამაშეს კემპის ძლიერმა გუნდებმა, რომლებიც ამერიკელი, ბერძენი, კანადელი და პოლონელი 18-წლამდელი მოთამაშეებისგან იყვნენ დაკომპლექტებულნი.

საქართველოს ნაკრები მაკედონიაში ტურნირის დაწყებამდე 4 დღით ადრე ჩადის და აკლიმატიზაციის გასავლელად,
სავარჯიშოდ და ფსიქოლოგიური განწყობის ასამაღლებლად საკმარისი დრო აქვს.

ნაკრებს სკოპიეში ბულგარეთიდან შეუერთდება რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა გუშინ დაასრულა.

ჯგუფში ქართველების მეტოქეები ბელგიის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპზე - პლეი-ოფში 2 საუკეთესო გავა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს 27 ივლისს, ესტონეთთან მატჩით დაიწყებს.

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს Youtube-ის არხზე გადმოიცემა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული