U16. საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ფინალში უნგრეთს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ფინალშია და ევროპის ჩელენჯერის მოსაგებად უნგრეთს დაუპირისპირდება. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირში ქართველებმა უნგრეთი ერთხელ უკვე დაამარცხეს. მადიარები ჩვენს ჯგუფში იყვნენ და ბოლო ტურის მატჩში ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრეთს 10 ქულის სხვაობით – 61:51 სძლია.

უნგრელებმა დღეს გამართულ ნახევარფინალში პორტუგალიას 63:54 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. საქართველომ კი ფინალში გასასვლელად უკრაინა დაამარცხა, უფრო ზუსტად კი – გაანადგურა: 82:62. ტომარაძე-ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.

უკრაინელებს ჰქონდათ უპირატესობა სიმაღლეში, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა ისე გონივრულად ითამაშეს, რომ მეტოქემ ეს კოზირი ვერაფერში გამოიყენა. ჩვენი გუნდი სტაბილურად თამაშობდა როგორც უკანა ხაზში, ისე ფარქვეშ. საჯარიმოში ხისტი დაცვა ხელს უშლიდა უკრაინელ მაღლებს სამწამიანში გამაგრებულიყვნენ, შეტევაში კი ლუკა ალავიძე უნივერსალურად მოქმედებდა და თავად თუ ვერ უტევდა, გამოზომილი პასებით სასროლ პოზიციაზე გაჰყავდა თანაგუნდელები.

აღსანიშნავია, რომ ალავიძემ ოთხმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ის ძალიან სარგებლიანი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: 21 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 7 (!) ჩაჭრა. ალავიძეს უკანა ხაზში კარგ ტანდემს უქმნიდა ნიკოლოზ აბულაძე, რომელიც პერიოდულად გამთამაშებლობას ითავსებდა. ჩინებულად ითამაშეს ჩვენი ნაკრების მეფარეებმა – ლუკა ლომთაძემ და ანრი ბელთაძემ. ორივე ტანმაღალი კალათბურთელი მწვრთნელებმა სასტარტოში ათამაშეს და ამან გაამართლა. უკრაინელი მეფარეები სამწამიანში რომ ვერ გამაგრდნენ, სწორედ ამ ტანდემის დამსახურება გახლდათ. ლომთაძემ ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბელთაძემ – 11 ქულა და 8 მოხსნა. წინა და უკანა რგოლების შემაკავშირებელი იყო თენგო გოგიშვილი, რომელმაც კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავი 19 ქულას მოუყარა.

საქართველომ უკრაინა ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ფინალში ღირსეულად გავიდა. ქართველებს მომავალი მეტოქე (უნგრეთი) ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავთ და გამარჯვების მოპოვებას ფინალურ მატჩიც ეცდებიან. სატიტულო შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველებს დღევანდელი კვერცხი გირჩევნია მომავლისკენ არ ვიხედებით.
უკრაინის პირველი გუნდი საქართველოს პირველ გუნდს უგებს.
მიხვდებით რატომაც სწორი მიდგომით.
უკრაინას რა მაღალი ბავშვები ყავდა წაყვანილი Ჩვენ კიდო ყველა მაღალი დავტოვეთ.ახლა კი მოუგეთ,მაგრამ ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან მერე ვილაპარაკოთ.
2005 წელს 26 ოქტომბერს დაბადებული ბავშვი დატოვეს 205 სმ სიმაღლის.უკრაინამ კი ნახეთ რა ბავშვები წაიყვანა ვერ მოიგეს მაგრამ რომ გაიზრდებიან რა მოხდება არავინ იცის.
მოქალაქე
15:41 15-11-2021
0
ქართველებს დღევანდელი კვერცხი გირჩევნია მომავლისკენ არ ვიხედებით.
უკრაინის პირველი გუნდი საქართველოს პირველ გუნდს უგებს.
მიხვდებით რატომაც სწორი მიდგომით.
უკრაინას რა მაღალი ბავშვები ყავდა წაყვანილი Ჩვენ კიდო ყველა მაღალი დავტოვეთ.ახლა კი მოუგეთ,მაგრამ ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან მერე ვილაპარაკოთ.
2005 წელს 26 ოქტომბერს დაბადებული ბავშვი დატოვეს 205 სმ სიმაღლის.უკრაინამ კი ნახეთ რა ბავშვები წაიყვანა ვერ მოიგეს მაგრამ რომ გაიზრდებიან რა მოხდება არავინ იცის.
მოქალაქე
15:27 15-11-2021
0

სიახლეები პოპულარული