საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შვედებთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს გამთამაშებლის ტრავმა ძვირად დაუჯდა. რთულია თქმა, ლუკა ლიკლიკაძე რომ ყოფილიყო, ჩვენი გუნდი შვედეთს აუცილებლად დაამარცხებდაო, თუმცა ფაქტია – საქართველოს ნაკრებს სრული შემადგენლობით გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა ტანმაღალ და კარგად დაბალანსებულ სკანდინავიურ გუნდთან მოსაგებად. ასე კი, ქართველებმა იბრძოლეს, შვედებს ტოლ-სწორად ეომნენ და რომ არა მე-3 პერიოდის ჩავარდნა, მოგების რეალური შანსი ექნებოდათ.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩში ავსტრიის ძლევის შემდეგ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს შეხვდა და 67:77 დამარცხდა. ჩვენმა ნაკრებმა თამაში მძლავრად დაიწყო და ლევან ქვარცხავას, ვლადიმერ
თავაქარაშვილისა და მათე კაპანაძის ქულებით 10:0 იგებდა. შემდეგ შვედებმა თამაში დაალაგეს და პერიოდის დასრულებამდე მოახერხეს დაწინაურება – 18:15.

საქართველოს ნაკრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და შვედების გააქტიურებას სწორი, დაცვითი ტაქტიკა დაუპირისპირა. ერთი ეგაა, ჩვენები ვერაფერს უხერხებდნენ სკანდინავიელთა ტანმაღალ მოთამაშეებს – ფორსლინგ სებასტიანს და ბო კლინტმანს, რომლებმაც 28 ქულა და 24 მოხსნა მიითვალეს, რაც მცირექულიან მატჩში საკმაოდ ბევრია.

ქულა-ქულაში თამაში პირველი ნახევრის ბოლომდე გაგრძელდა. საქართველოს ნაკრებს შეეძლო დიდ შესვენებაზე ლიდერად გასვლა, მაგრამ ქვარცხავამ ორივე საჯარიმო ააცილა და სკანდინავიელები 35:34 იგებდნენ. მესამე პერიოდში მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყდა. შვედებმა 15:2 გაქცევა მოაწყვეს, ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონნენ და საქართველოს ნაკრების ყველა მცდელობას, თამაში გადაერჩინათ, წარმატებით უმკლავდებოდნენ.

მესამე პერიოდი შვედებმა 10 ქულით მოიგეს და სწორედ ეს 10 ქულა იყო ის უპირატესობა, რაც თამაშის ბოლოს შერჩათ. თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში ქართველებმა დასკვნითი 10-წუთეული მინიმალური სხვაობით – 20:19 მოიგეს და საბოლოოდ ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი ვლადიმერ თავაქარაშვილმა დააფიქსირა. 11 ქულა და 7 მოხსნა ვლადიმერ სალარიძის ანგარიშზე დაგროვდა. ლევან ქვარცხავამ გუნდს 9 ქულა შეაშველა, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა – 8. ჩვენს ჯგუფში 3-დან 3 მოგებით შვედები ლიდერობენ, მეორე კი ჩრდილოეთი მაკედონიაა 2 მოგებითა და 1 მარცხით. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველებს ჯგუფში დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოსთან.

18 ივლისს ტურნირზე დასვენებაა. “თბილისი არენასა” და ოლიმპიურ სასახლეში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშები სამშაბათიდან განახლდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვუყურე რა თამაშებს, სამწუხაროდ ველოდი ამ შედეგს, ჩვენს სპორტსმენებს ( ყველა სახეობაში) ცუდ მაგალითს უწევს ზედმეტი ემოცია,გუნდურ სახეობებში უზედმეტესი აქცენტი ინდივიდუალიზმზე... აქ სამწვრთნელო შტაბის მუშაობის ხარვეზებიც ნათლად გამოჩნდა, იგივე ავსტრიასთანაც ჩანდა მაგრამ ვიგებდით და გავატარეთ.. შვედებზე ძლიერებიც არიან სხვები, ამ რესურსით და სათამაშო დისციპლინით შორს ვერ წავალთ,მაკედონიასთანაც მაგრად გაგვიჭირდება, არ ვიცი რის ხარჯზე შეიძლება უპირატესობა მოვიპოვოთ... ეპიზოდების გარჩევას არ დავიწყებ სპეციალისტებმა უკეთ იციან ალბად, მე ჩემს აზრს ვიტყი : პირველ რიგში ჩვენებმა უნდა ისწავლონ ემოციების გაკონტროლება, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და იმპულსური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ,და მოუმზადებლად ჰაიჰარალოზე არ უნდა ისროლონ თუ ამის აუცილებლობა არ იქნება, პარტნიორიც შეამჩნიონ... ისედაც არ გვაქვს დიდი რესურსი და ყველაფერი პრაგმატულად და მაღალი მ.ქ. კოეფიციენტით( ვალიდობით) უნდა გამოვიყენოთ. სროლის სიზუსტით არასდროს გამოვირჩეოდით და ემოციების ფონზე კიდევ უფრო უარესდება, გამგებმა გაიგოს, თუ მწვრთნელი ამას დაჟინებით ასწავლის და არ გამოდის... ფსიქოლოგები, (ოჯახიც) დაიხმაროს...თუ არ მეთანხმებით, კორექტულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი...
გუსანი
13:38 18-07-2022
0
სად იყო ჩემს კომენტარში შეურაწმყოფელი განცხადება ვინმეს მიმართ . უკვე მოსაბეზრებელია თქვენი დაკორექტებული კომენტარების გამოქვეყნება . სანაია-მაქაროვის ნაბოდვარის გამოქვეყნება არ არის დისკრიმინაცია ? თქვენი ვალია , ყველას აზრი გამოაქვეყნოთ და ხალხი თვითონ გადაწყვეტს , რომელი აზრი უფრო ჯანსაღია , თუ არადა , გათიშეთ მაშინ კომენტარები .
ATP 16
15:02 18-07-2022
1

სიახლეები პოპულარული