რუმინეთში დასრულდა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომლის ფინალში შვედეთმა დანია 79:66 დაამარცხა. ამ გუნდებთან ერთად A დივიზიონის საგზური კიდევ ერთმა სკანდინავიურმა ქვეყანამ – ფინეთმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 22 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გავიდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც მე-15 გუნდი უნდა გამოევლინა, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთი გაანადგურა – 64:41. ეს ის ნაკრებია, რომლის გამოც საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბულგარეთთან 66:70 დამარცხდა, შემდეგ კი, ბოლო ტურის მატჩში, ბულგარეთს ნორვეგიასთან რომ წაეგო, საქართველო მეოთხედფინალში გადიოდა, მაგრამ…
ერთი
სიტყვით, საბოლოოდ ვერც ბულგარეთი გავიდა ჯგუფიდან, ორივეს ნიდერლანდებმა გვაჯობა, შემდეგ კი საქართველო და ბულგარეთი კიდევ ერთხელ გადაიკვეთნენ – საკვალიფიკაციო, მე-15 ადგილისთვის მატჩში, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე 23 ქულით დაამარცხა. ჩვენს გუნდში 21 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო გიორგი ოჩხიკიძე; 17 ქულა და 17 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა; 12 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვატო გაჩეჩილაძემ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა და მომავალ წელს ეცდება საუკეთესო სამეულში მოხვედრასა და ელიტაში აღზევებას.
GBF.GE