თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე - კითხვა-პასუხები პირდაპირ ეთერში

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე თორნიკე შენგელიამ და დუდა სანაძემ პირდაპირ ეთერში უპასუხეს გულშემატკივართა შეკითხვებს. მათ ბევრ ისეთ საკითხზე ისაუბრეს, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც რომ დააინტერესებს:

- იყო თუ არა რეალური შემოთავაზებები მადრიდის "რეალიდან" და NBA-ს კლუბებიდან?
შენგელია:
- დაინტერესება ნამდვილად იყო, როგორც "რეალიდან", ასევე ამერიკიდან. თუმცა არსებობდა ბევრი ფაქტორი, რამაც "ბასკონიაში" დარჩენა გადამაწყვეტინა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანი გუნდში ჩემი როლი გახლდათ. ამ გუნდთან ერთად მეოთხე წელს გავატარებ და ჩემი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. გარემოს გამოცვლას ისევ ბასკეთში დარჩენა ვამჯობინე. მით უმეტეს, რომ
არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც "რეალს". ბასკონიაში უფრო სხვანაირად დავიტვირთები, ვიდრე სხვაგან.

- იქნება თუ არა პერიმეტრი შეტევაში და პერიმეტრი დაცვაში ნაკრების პრობლემური რგოლი მომავალ ევრობასკეტზე?
სანაძე:
- არა მგონია, ეს პრობლემა იყოს, მით უმეტეს, დაგვიბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი. იგი მშვენიერი მსროლელიცაა და დაცვაში თამაშითაც გამოირჩევა. ჩვენ განვლილ შესარჩევზეც დიდი გამოცდილება მივიღეთ.

შენგელია:
- დავეთანხმები დუდას. დავამატებ, რომ ვიქტორ სანიკიძე დაგვაკლდა, რომელიც პერიმეტრიდანაც ძალიან გვეხმარებოდა. მის პოზიციაზე დანაკლისის შევსება რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, თავი კარგად გავართვათ.

- თორნიკე, ევრობასკეტზე ლიტვის ნაკრებში მაციულისი თუ ითამაშებს, ხომ დაუფარებ საშვილიშვილოდ?
შენგელია:
- შევეცდები. თუმცა მთავარია, თამაში მოვიგოთ.

- დუდა, ნაციონალური ასოციაციის გუნდებიდან ხომ არ ყოფილა დაინტერესება?
სანაძე:
- იყო ინტერესი, საზაფხულო ლიგაზე მეთამაშა, მაგრამ სანაკრებო მზადებით ვარ დაკავებული და არ წავედი. ვფიქრობ, თუ ევროპაში თავს გამოვიჩენ, NBA-ში თამაშის შანსიც გამიჩნდება.

- გასულ სეზონში "ბასკონიასთან" ერთად ნაჩვენები შედეგით თუ ხარ კმაყოფილი და რა მიზანს ისახავ მომავალში?
შენგელია:
- წინა წელთან შედარებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ სეზონი ყოველთვის შეიძლება უკეთესად ჩაატარო. რაც შეეხება მიზნებს, როგორც ყოველ წელს - ჩემპიონობა ევროლიგაზე და ესპანეთის ჩემპიონატში.

- რომელ გუნდებს ქომაგობთ NBA-ში?
სანაძე:
- ბავშვობაში, კალათბურთის ყურება რომ დავიწყე, ჩემი ფავორიტი "ლეიკერსი" იყო. ახლაც მას ვგულშემატკივრობ.

- დუდა, შენგან ყოველ მატჩში მინიმუმ სამ სამქულიანს ველით...
სანაძე:
- შევეცდები, გავამართლო თქვენი იმედები და სამზე მეტიც ჩავაგდო.

- თორნიკე, შენი საყვარელი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანის გარდა...
შენგელია:
- ძალიან მომწონს მანუ ჯინობილი.

- წერენ, მსოფლიოს შესარჩევზე ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ნაკრებებს ვერ დაეხმარებიანო...
შენგელია:
- ჩემთვის ეროვნულ გუნდში თამაში ყოველთვის პრიორიტეტულია.

- თორნიკე, მსუბუქ ფორვარდად ითამაშებ? შეგიძლია?
შენგელია:
- როგორ არ შემიძლია, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

- ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი რომელია და ვის წინააღმდეგაა ყველაზე რთული თამაში?
შენგელია:
- საუკეთესოდ სერხიო ლული დასახელდა. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რაც შეეხება გაჭირვებას, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს წინააღმდეგ განსაკუთრებულად მიჭირს თამაში.

- ლატვიასთან საკონტროლო მატჩის პროგნოზს თუ არ დაიზარებთ...
სანაძე:
- პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან, როგორც საქართველო, ლატვიაც მზადების პროცესშია და ამ ეტაპისთვის მოგება-წაგებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ექსპერიმენტები განხორციელდეს, ტაქტიკა დაიხვეწოს. მოგება ვის არ უნდა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, თამაში დღითი დღე გავაუმჯობესოთ და ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდეთ.

- სანიკიძის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა?
შენგელია:
- სამწუხაროდ, გამოირიცხა, ვერ დაგვეხმარება.

დუდა:
- თუმცა სულითა და გულით ჩვენთანაა.

- ლებრონი თუ დურანტი?
სანაძე:
- კობი ბრაიანტი.

- თორნიკე, სამქულიანებზე თუ ვარჯიშობ? სანიკიძის არყოფნაში მეტი სამიანი დაგვჭირდება...
შენგელია:
- ვვარჯიშობ, დუდას რჩევებსაც ვითვალისწინებ.

- ჩემპიონობის ამბიცია გაქვთ?
შენგელია:
- რა თქმა უნდა. აბა, ისე აქ რა გვინდა? ჩემი აზრით, ყველა კალათბურთელს ჩემპიონობის ამბიცია უნდა ჰქონდეს.

- სადღეისოდ რა არის ნაკრების პლუსი და მინუსი?
შენგელია:
- პლუსად, ალბათ, სწრაფი თამაში უნდა დავასახელო. პერიმეტრიდანაც შეგვიძლია კარგად სროლა და ფარქვეშიდანაც - დიდი დარტყმის მიყენება მეტოქისთვის. სადღეისოდ მინუსი დაცვაა, მაგრამ ეს გამოსწორებადია, ევრობასკეტამდე დრო გვაქვს.

სანაძე:
- ვითამაშეთ სამი ევროპის ჩემპიონატი. წლევანდელი მეოთხე იქნება. გუნდს დიდი გამოცდილება მოუგროვდა და რაც მთავარია, ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე.

- ჯგუფიდან გასვლის რა შანსი გვაქვს?
შენგელია:
- ჩვენს ჯგუფში ითამაშებენ: ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, გერმანია და იტალია. მომდევნო ეტაპზე ოთხი გუნდი გადის და დიდია შანსი, მერვედფინალში ვითამაშოთ.

- როგორ კონდიციებშია გიორგი ცინცაძე?
შენგელია:
- ნორმალურ ფორმაშია, ევრობასკეტამდე კიდევ გაიუმჯობესებს კონდიციებს და ძალიან დაგვეხმარება.

- თოკო, NBA-ში დაბრუნებაზე ფიქრობ?
შენგელია:
- კი, ვფიქრობ.

- დუდა, რა სხვაობაა ამერიკულ და ევროპულ კალათბურთს შორის? სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?
სანაძე:
- ვითამაშე კოლეჯების ლიგაში. მასსა და ევროპულ კალათბურთში დიდი სხვაობაა. თუმცა სლოვენიაში ჩამოსვლის შემდეგ ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან მანამდე ნაკრებშიც ბევრი თამაში მქონდა ჩატარებული. რაც შეეხება მომავალ კლუბს, არის საინტერესო წინადადებები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. დიდი სურვილი მაქვს, ესპანეთის ჩემპიონატში ვითამაშო.

- სანდრო მამუკელაშვილზე რა ინფორმაცია გაქვთ?
შენგელია:
- შორიდან თვალს ვადევნებთ მის განვითარებას. ნიჭიერი ახალგაზრდაა და სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება.

- "ბასკონია" სადღეისოდ "რეალის" დონის გუნდია?
შენგელია:
- არის.

- თორნიკე, რა მიზნები გაქვს?
შენგელია:
- მიზანი ბევრია, მაგრამ კალათბურთის კუთხით თუ წავალთ, მინდა, სადაც ვითამაშებ, შესაძლებლობები ყველგან მაქსიმალურად გამოვავლინო.

- ბუ-ვიკას ალეი-უპი საკუთარ თავზე უნდა აიღო...
შენგელია:
- შევეცდები.

- NBA-ში სამქულიანებს ყველაზე უკეთ ვინ სტყორცნის?
სანაძე:
- კლეი ტომპსონი.

- რომელი სათამაშო კომპონენტის დახვეწას ცდილობ ყველაზე მეტად?
სანაძე:
- თოკომ პასიო...

- მესი თუ რონალდო?
შენგელია:
- რა თქმა უნდა, მესი.

სანაძე:
- რონალდო.

- განახლებული სახეებით საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი ხომ არ დაიწევს?
შენგელია:
- არა. იმედი მაქვს, პირიქით მოხდება, კიდევ უფრო განვვითარდებით და უკეთესი ნაკრები გვეყოლება.

სანაძე:
- ამაზე ადრეც ლაპარაკობდნენ, თუმცა ნაკრებს სჭირდება თითო თაობიდან ერთი-ორი კარგი კალათბურთელი, რომ წარმატებული იყოს. ახლაც არიან ნიჭიერი მოთამაშეები.

- რამდენ საათს ვარჯიშობთ სროლაზე დღეში?
სანაძე:
- როდესაც გუნდი ტაქტიკაზე ვარჯიშობს, ძნელია, საკუთარ თავს დიდი დრო დაუთმო, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში, დღეში 2-3 საათი მხოლოდ სროლაზე გვჭირდება.

- 3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა. ითამაშებდით თუ არა შესარჩევზე ეროვნულ ნაკრებში?
სანაძე:
- ამ თემაზე აქამდეც ვისაუბრეთ...

შენგელია:
- დიდი სიამოვნებით.

მანუჩარ მარკოიშვილის შეკითხვა:
- დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ "ჯოკერში"?
შენგელია:

- რამდენსაც შენ ახარჯავ იუმორს...

- ჩაანაცვლებს გოგა ბითაძე ზაზა ფაჩულიას NBA-ში?
შენგელია:
- ჩაანაცვლებს თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, NBA-ში ითამაშებს და თავის ისტორიასაც შექმნის.

- დუდა ევრობასკეტის ფინალში გადამწყვეტ სამქულიანს ჩააგდებს და ჩემპიონები გავხდებით...
შენგელია:
- ასე იყოს.

- გავალთ ნახევარფინალში?
შენგელია:
- ნახევარფინალამდე გრძელი გზაა.

- რა განსხვავებაა ილიას ზუროსისა და იგორ კოკოშკოვის ფორმაციის ნაკრებებს შორის?
დუდა:
- განსხვავება ისაა, რომ ზუროსი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, მით უმეტეს, დაცვაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, მისთვის თამაში იწყება დაცვიდან და მთავრდება დაცვით.

შენგელია:
- ყველა მწვრთნელი თავისებურად განსხვავდება, იდენტური არავინაა. პირადად მე, როგორც კოკოშკოვით, ასევე ზუროსით, ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი კარგადაა და იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლომებო!
llcl
15:16 04-08-2017
0

სიახლეები პოპულარული