საქართველო VS ჩეხეთი - ახლა უკვე ზაზასთან ერთად

AutoSharing Option
დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისის მერიის თასზე ჩეხეთის ნაკრებთან პირველი შეხვედრას გამართავს. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები მეორედ ჩეხებს 13 აგვისტოს, ასევე 18:00 სთ-ზე დაუპირისპირდება და თბილისის მერიის თასს ამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო ისტორიაში ჩეხებთან 8 მატჩი გვაქვს გამართული, საიდანაც მხოლოდ ორი მოვიგეთ. პარასკევსა და კვირას ჩამორჩენის შემცირების მშვენიერი შანსი გვაქვს.

10 აგვისტოს, საღამოს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებისთვის კარი გააღო. გუნდის მზადყოფნის შესახებ მწვრთნელ-მოთამაშეების კომენტარებიდან შეგექმნებათ ნათელი წარმოდგენა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- მზადება ივნისის შუაში სლოვენიაში დავიწყეთ. თავიდან ფიზმომზადებაზე ვმუშაობდით. სლოვენიიდან წამოსვლის შემდეგ ჩავატარეთ სამი საკონტროლო მატჩი, ჯერ ავსტრიასთან, შემდეგ ლატვიასთან და ლიტვასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატამდე შეცდომების გამოსასწორებლად დრო კიდევ არის, გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

ამჟამად ტაქტიკასა და შეთამაშებაზე ვართ კონცენტრირებულები, ვცდილობთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ გუნდური დაცვა. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება ჩეხეთთან გასამართავი მატჩები, ხოლო ევრობასკეტის წინ გენერალურ რეპეტიციას საბერძნეთის ტურნირზე გავივლით, - თქვა ილიას ზუროსმა. ბექა ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოკლედ აღნიშნა: ბექა გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ექიმების სიტყვას ველითო.

მანუჩარ მარკოიშვილმაც გუნდურობაზე გაამახვილა ყურადღება:
- მზადება გეგმაზომიერად, კარგად მიმდინარეობს. გუნდმა თავისი სახე უკვე მიიღო, თუმცა კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. პირველ რიგში, გუნდურობა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. წარმატებისთვის ეს აუცილებელია. შემოგვიერთდა ზაზა ფაჩულია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მალე ჩაჯდეს გუნდის სისტემაში. თუმცა ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ იქნება, ნაკრები შარშანაც ხომ ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ფაჩულიას დამატებით დაიწყო თორნიკე შენგელიამაც:
- ორი დღეა, შემოგვიერთდა კაპიტანი, გუნდი ევრობასკეტისთვის სრულად დაკომპლექტდა. ჩეხებს კარგი ნაკრები ჰყავთ. მართალია, არ იქნება იან ვესელი, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდია, მშვენივრად იბრძვის ფარქვეშ, ასევე შედეგიანია პერიმეტრიდან. საქართველოს ნაკრები მზადაა ჩეხეთთან სათამაშოდ. საინტერესო შეხვედრა იქნება, გელით სპორტის სასახლეში.

ზაზა ფაჩულიამ აწმყოზეც თქვა და მომავალ ევრობასკეტზეც:
- მწვრთნელიც იგივეა, სისტემაც, თუმცა, როდესაც გუნდს დაგვიანებით უერთდები, შესაგუებლად დრო მაინც გჭირდება. ნაკრებში მომზადებული ჩამოვედი და არც ვარჯიშებისას ვაკლებ. ჩეხეთთან თამაშს მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავ. ისეთი ახალგაზრდა არ ვარ, რომ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შევასკდე, თავი გავიგიჟო. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. მთავარია, სასურველ კონდიციებს ევროპის ჩემპიონატისას მივაღწიო.

ევრობასკეტზე პირველი მეტოქე ლიტვაა, რომელსაც ზაზა უძლეველ გუნდად სულაც არ განიხილავს:

- ლიტვასთან ევრობასკეტი-2015-ის მერვედფინალში წავაგეთ. ეს უკვე ისტორიაა. ახალი ისტორია ამ ევროპის ჩემპიონატზე უნდა დაიწეროს. მათაც და ჩვენც წინა ევროპის შემდეგ ახალი მწვრთნელები გვყავს, განსხვავებულია ტაქტიკა და არავინ იცის, უშუალოდ მატჩისას როგორ განვითარდება მოვლენები. ლიტვას ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა ჩვენთვის სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის გავალთ და ვეცდებით, მომავალი ევრობასკეტი ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად გასახსენებელი გახდეს, ჩვენი კარიერის საუკეთესო ევროპა იყოს.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში რომ დასრულდა, მოედანზე ჩეხები შემოვიდნენ. მათმა მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა წვრთნის დაწყების წინ ჩვენთვის რამდენიმე წუთით მოიცალა. მწვრთნელმა დაიჩივლა:

- საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ასეთ ნაკრებთან თამაში. ევროპის ჩემპიონატის წინ ძალიან წაგვადგება.

მზადების განვლილი პერიოდით უკმაყოფილო ვარ. ბევრი კალათბურთელი გამოგვაკლდა. წინა ევრობასკეტის მონაწილე ხუთეულიდან მხოლოდ ერთი კაცი შეგვრჩა. არ გვეყოლება ვესელი, პუმპრლა, ბენდა, ბალვინი...

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. გუნდის 80 პროცენტს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექა ბურჯანაძე თუ არ იქნება ძალიან ცუდია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული