სერბეთი-საქართველო 66:68 - "აკროპოლისის თასი" უკვე ჩვენია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
- მოვუგებთ სერბებს?
- ბერძნებთან რთული გამარჯვების შემდეგ სლავების ძლევა ძალიან რთული იქნება.

- შანსი არის?
- შანსი ყველასთანაა.

- რეალური?
- ერთხელ უკვე მოგებული გვაქვს. 2013 წელს საფრანგეთში ამხანაგურად 75:72 ვაჯობეთ.

ასეთ დიალოგში მომიწია ჩართვა გუშინ, საქართველო-სერბეთის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ზოგს შესაძლოა არც სჯეროდა, რომ სერბეთის ნაკრების დამარცხება რეალური იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ: 23 აგვისტოს საბერძნეთთან - 72:71, 24 აგვისტოს სერბეთთან - 68:66.

დიდი საქმეა, თამამი განაცხადია... რა შედეგიც უნდა დაფიქსირდეს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს თავაწევით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ 2010-იანი წლების საქართველოს ნაკრები 60-იანი წლების თბილისის "დინამოს" ღირსეული საქმის გამგრძელებელია. აკი თქვა შარშან, მონტენეგროს ნაკრების ხანშიშესულმა თავკაცმა - ბოგდან ტანიევიჩმა: საქართველოს ნაკრების ემოციური თამაში ძველ "დინამოს" მახსენებსო... მაშინაც ვუგებდით საბერძნეთსა და იუგოსლავიას.

60-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გურამ მინაშვილი იხსენებდა, რომ ქართველებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ დაიწყებდნენ თამაშს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კარგად უნდა დაგვესრულებინაო.

"აკროპოლისის თასზე" სწორედ ასეა საქართველოს ნაკრებიც. ისე მშვიდად მიდის ბოლო წუთებისკენ, თითქოს მატჩი წინასწარ აქვს ნანახი:
მერე რა, რომ საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე სერბეთი 8 ქულით იგებს (53:61), იცის, რომ გიორგი ცინცაძემ 2+1 უნდა ჩააგდოს, მაიკლ დიქსონმა - სამქულიანი (63:59), თორნიკე შენგელიამ საჯარიმოები (63:63), ხოლო საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დუდა სანაძე გმირი უნდა გახდეს, სამქულიანით თამაში მოიგოს - 68:65.

არც გამარჯვების მოახლოება აფორიაქებთ ჩვენი გუნდის კალათბურთელებს, დარჩენილ 44-წამსაც ჩვეული სიდინჯით ატარებენ და ბოლო წამს ლუჩიჩის სამქულიანი ტყორცნის შემდეგაც მშვიდად ელიან ბურთს ფარქვეშ. თითქოს, იციან, რომ ბურთი კალათიდან ამოვა და თორნიკე შენგელიას ჩაუვარდება ხელებში. რატომ შენგელიას? იმიტომ, რომ იგი მატჩის მსვლელობისას ყველაზე თბილად ეპყრობოდა ბურთს - 14-ჯერ გადაარჩინა მიწაზე დანარცხებას - მოხსნა. მან 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. შენგელია მატჩის ბომბარდირიც გახდა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც.

სერბეთი ტაქტიკურად განსწავლული გუნდია და კალათბურთელებმა კარგად იციან, შენგელიას ტიპის ფორვარდი ფარისკენ რომ დაიძვრება, რა უნდა მოიმოქმედონ - ჯარიმა უნდა აიღონ დროულად, რომ ბურთის ჩაგდება ვერ მოასწროს და 2+1 არ გამოვიდეს. სერბები ასეც იქცეოდნენ. ამიტომაც იყო, ოთხივე პერიოდში გუნდური ჯარიმების ლიმიტს ძალიან მალე რომ აღწევდნენ. შენგელია როგორ აგდებდა, ეს მოგახსენეთ, თუმცა გუშინ კიდევ ერთი პლუსი დავინახეთ: იმ შემთხვევებში, როცა მასზე ორი სერბი გადადიოდა, კარგად პოულობდა თავისუფალ პარტნიორს. თუ ეს ვერ ხერხდებოდა, დირკ ნოვიცკის სტილში ტრიალდებოდა, სტყორცნიდა და აგდებდა. თავისი არსენალიდან ასეთი იარაღი თოკოს ასე ეფექტურად აქამდე არ გამოუყენებია.

ეს ის თამაში იყო, სამწამიან ზონას დიდი დრო რომ უნდა დავუთმოთ. სერბებს ორი ტანმაღალი ცენტრი ჰყავთ - მარიანოვიჩი და კუზმიჩი. პირველი "სან ანტონიოს" ღირსებას იცავს, მეორე - "რეალის". ასეთი უპირატესობის გამოყენება კი ექსიუგებმა კარგად იციან. საქართველოს ნაკრებს შენგელია-შერმადინი-ბითაძე რომ არ ჰყოლოდა, მეტოქე ნამდვილად გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენმა ტრიომ ბოლომდე კარგად დაიცვა თავი. ვერ ვიტყვით, მეტოქის ცენტრები გავაჩერეთო, მაგრამ მარიანოვიჩის 19-მა ქულამ ვერაფერი დაგვაკლო. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ფარზე უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

ასეთი დონის მეფარეებთან გიორგი შერმადინმა ისე ვერ იფრინა, როგორც საბერძნეთთან, თუმცა თავისი საქმე კარგად გააკეთა. სწორედ ბერძნებთან ნაბოძები ათი წუთი გახდა გარდამტეხი გოგა ბითაძისთვის: სერბეთთან იგი ისევე მშვიდად მოქმედებდა, როგორც მასზე 12-13 წლით უფროსი საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელები. რაც მთავარია, 17 წლის გოგა შეტევაში მხოლოდ პარტნიორებს კი არ ეხმარებოდა, თავადაც ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ქულების მოგროვებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იგი ევრობასკეტამდე კიდევ უფრო გაიხსნება...

გიორგი ცინცაძე კვლავ შეუდარებელი იყო თამაშის ორგანიზებაში, მანუჩარ მარკოიშვილი - დაცვაში, მაიკლ დიქსონი დასაფასებელია იმიტომაც, რომ ბევრი ამერიკელისგან განსხვავებით, გუნდზე თამაშობს, ხოლო დუდა სანაძე მატჩის გმირი როგორ გახდა, უკვე მოგახსენეთ.

ცენტრებზე ორიენტირებული, მძიმე თამაში რომ იყო, ამიტომაც ვიხილეთ ჯამში მხოლოდ 9 სამქულიანი. საბედნიეროდ, 9-დან 6 სერბეთის კალათში. პირველ ტაიმში ორქულიანების ჩაგდებაც გაგვიჭირდა - პირველ მეოთხედში მხოლოდ 1 ორქულიანი გვქონდა რეალიზებული. მეოთხედში 1 ორქულიანის ფონზე კი, სერბეთმა ვერ გაგვასწრო, რადგან 2006 წელთან შედარებით, საქართველოს ნაკრები სამმაგად უკეთესია დაცვაში. ხოლო, როდესაც დაცვა წესრიგშია, შეტევითი აღმავლობა-ჩავარდნები ანგარიშზე ნაკლებად მოქმედებს.

ილიას ზუროსის ხელში საქართველო თავის ისტორიაში საუკეთესო დაცვას თამაშობს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ასევე იქნება ევრობასკეტზე, სადაც ტემპი გაორმაგდება, ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად მოიმატებს, ემოცია ზღვარს გადასცდება...

საქართველო-სერბეთის გუშინდელი მატჩი ევრობასკეტზე რომ ყოფილიყო, სულ სხვა სურათი იქნებოდა, სლავები კბილებით დაიცავდნენ საკუთარ კალათს, მათ ხომ ყოველთვის გამოარჩევთ ბრძოლისუნარიანობა.

...სერბები თუ დაიცავდნენ, ქართველები ჩამორჩებოდნენ? ჩვენ არ გვეხერხება თამაში და ბრძოლა? თუ ვინმეზე ნაკლები აზარტი და ემოცია გვაქვს? ეს ევროპასაც უნდა ვანახვოთ.

* * *
გუშინვე საბერძნეთი იტალიას დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 73:70 დაამარცხა. ამით ჩვენი გუნდი ერთი დღით ადრე გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრები დღეს იტალიას ეთამაშება და მატჩის ტელეტრანსლაციას 19:35 სთ-იდან "მეორე არხი" წარმოადგენს. ეს იქნება "აკროპოლისის თასის"  ბოლო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე ისრაელში გაემგზავრება.

აკროპოლისის თასი
24 აგვისტო, ათენი
სერბეთი-საქართველო 66:68
20:15, 16:21, 19:14, 11:18
სერბეთი: მაჩვანი (6ქ, 3პ), ბოგდანოვიჩი (15ქ, 3პ), ლუჩიჩი, მილოსავლიევიჩი (2ქ), ბირჩევიჩი (3ქ), მიჩიჩი (4ქ, 4პ), გუდურიჩი (7ქ), იოვიჩი (2ქ), კუზმიჩი (8ქ, 9მ), მარიანოვიჩი (19ქ, 8მ).
საქართველო: დიქსონი (8ქ), გამყრელიძე, ბოისა, ცინცაძე (9ქ, 5პ), შერმადინი (8ქ), სანაძე (10ქ), მარკოიშვილი (6ქ), ბერიშვილი, შენგელია (21ქ, 14მ, 3პ), ბითაძე (6ქ), ლონდარიძე.

ა გუნდი თ მ წ ქ
1. საქართველო 2 2 0 4
2. სერბეთი 2 1 1 3
3. საბერძნეთი 2 1 1 3
4. იტალია 2 0 2 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
ამას ვინ წარმოიდგენდა თუ აკროპოლისის თასი ერთი ტურით ადრე ჩვენი იქნებოდა!
გენო
09:59 25-08-2017
0
მართლაც შესანისნავ დაცვას თამაშობენ, ცოტა ქულების რეალიზება უჭირთ და მოსამატებელი აქვთ, თოკომ კარგად მოუმატა წინა თამაშის შემდეგ, წინ ბიჭებო ევროზე უკეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
dato
09:53 25-08-2017
1

სიახლეები პოპულარული