ეტორე მესინა: მარკოიშვილს შვილივით ვუყურებ

AutoSharing Option
თელ-ავივში იტალიის ნაკრების მატჩებისას დარბაზი საინტერესო სანახავი იყო: ვინი პუჰს ფუტკრები რომ ეხვევიან, სწორედ ასე დასდევდა გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია გრეგ პოპოვიჩს, "სან ანტონიოს" მთავარ მწვრთნელს.

"სკუადრა" აძურას შეხვდრებისას პოპოვიჩი იტალიელთა სათადარიგოთა სკამის გადაღმა, მოედნის პირას იჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას ყოველ მოქმედებას. ეს სპეციალისტი ხომ "სან ანტონიოში" პოპოვიჩის თანაშემწეა და პოპიც ისრაელში საქომაგოდ ჩამოჰყვა.

ასე და ამგვარად, თელ-ავივის დარბაზში ერთდროულად ვიხილეთ როგორც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი (ასეთია ჩემი აზრი) გრეგ პოპოვიჩი, ასევე ევროპის ნომერ პირველი სპეციალისტი -
ეტორე მესინა. ისინი ხალხთან ურთიერთობას არც ერიდებოდნენ. იყო ასეთი შემთხვევა: პოპოვიჩს გულშემატკივრებმა სთხოვეს, ტრიბუნასთან მობრძანდით, სურათის გადაღება გვინდაო. იგი ტრიბუნაზე ავიდა და ფოტოს გადაღების ყველა მსურველი გვერდში დაიყენა. მედიატრიბუნას რომ მოუახლოვდა, მე და სპორტის სამინისტროს ჟურნალისტ ლექსო მაისურაძესაც მოგვეცა სამახსოვრო სურათის გადაღების საშუალება. შემთხვევით ვისარგებლე და ვუთხარი - ქართველი ჟურნალისტები ვართ-მეთქი.

- ჯორჯია? - გაიმეორა, - თბილისი? მშვენიერია.

როგორც ჩანს, საქართველოს გაგონებაზე წამითაც არ გახსენებია ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტთან" NBA-ს ნახევარფინალური დაპირისპირებები. თუმცა იტალია-საქართველოს მატჩისას ჩვეულ ადგილას ვეღარ ვნახეთ. არადა, "აძურას" ყველა დანარჩენ შეხვედრას მოედნის კიდიდან მიადევნა თვალი.

გრეგ პოპოვიჩთან ინტერვიუ არ გამოვიდა. ეტორე მესინასთან კი არ ვიჩქარე. იტალიელებს ჯგუფური ეტაპის ბოლოს უნდა შევხვედროდით და სწორედ მას მერე ვცადე ინტერვიუს ჩაწერა. ოღონდ, თელ-ავივში ეს ვერ მოხერხდა, სტამბოლში, ვარჯიშის შემდეგ პირით ხაზთან მდგარ სარეკლამო ბანერს დაეყრდნო და გისმენთო...

ჯერ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ვკითხეთ.

- საქართველოს ნაკრებს, როგორც მეტოქეს, მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად ვადევნებდი თვალს. წინასასეზონო შეხვედრებში ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს. აკროპოლისის თასის გათამაშებაში იტალიაც მონაწილეობდა და ვნახე, "ჯორჯიამ" როგორ დაამარცხა სერბეთი და საბერძნეთი.

დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და ქართველებმა დაუჯერებელი წარმოდგენა შემოგვთავაზეს - პირველივე მატჩში ლამაზი თამაშით ლიტვას სძლიეს. ჩემი აზრით, ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. ჩემთვისაც სასიამოვნო გახლდათ ქართველებთან სათამაშოდ მომზადება და უშუალოდ მატჩი.

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა...

- ყველას თავისი მოსაზრება ექნება. მიზეზებიც დასახელდებოდა, მაგრამ მე ჩემს აზრს გამოვთქვამ: მომეჩვენა, რომ მეორე მატჩმა, გერმანიასთან დაპირისპირებამ, რაღაცა შეცვალა უარყოფითად. შესაძლოა, მენტალურად, ძალიან იმოქმედა...

ამის მიუხედავად, საქართველომ საკუთარი თამაში მაინც იპოვა, ისრაელთან გაიმარჯვა, ჩვენთან ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან. დიდ პატივს ვცემ საქართველოს ნაკრებსა და მის თითოეულ კალათბურთელს.


მანუჩარ მარკოიშვილი 17 წლისა იყო ეტორე მესინამ ტრევიზოს "ბენეტონში" რომ აიყვანა...

- მახსოვს, 2003 წელს ევროლიგის ფინალში საკმარისად ვათამაშე. ამის ერთ-ერთი მიზეზი რიკარდო პიტისის ჯარიმები იყო, მატჩის დასაწყისშივე მიიღო სამი ფოლი. მანუჩარი თავადაც გახარებული იყო და მეც კმაყოფილი დავრჩი. თუმცა "ბარსელონასთან" დავმარცხდით.

მას ჩემს შვილად ვთვლი და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა უკვე დავაჟკაცებულს ვხედავ, ოჯახით, პატარა შვილით. მანუ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, დადებითი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, "რეჯო ემილიაში" თავის საუკეთესო თამაშს უჩვენებს.


როდესაც საუკეთესო თამაშზეა ლაპარაკი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც იტალიამ და ვერც საქართველომ ევრობასკეტზე შესაძლებლობები საუკეთესოდ ვერ გამოავლინა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დანილო გალინარის სულელურმა შეცდომამ (მან ჰოლანდიელ მეტოქესთან ჩხუბისას მოიტეხა თითი) გუნდში ბევრი რა შეცვალა. სერბეთთან მეოთხედფინალურმა მატჩმაც დაგვანახა, რომ "სკუადრა აძურას" ყველაზე დიდი პრობლემა მაღალი კლასის ცენტრების გუნდებთან ჰქონდა. აკი თქვა კიდეც მესინამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინადღისით, პრესკონფერენციაზე - რაც ვართ, ეგ ვართ, კალათბურთელებს ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მოხდა გერმანიასთან თამაშამდე და მერე ისეთი რომ ასე აირია გუნდი?! მესინამაც კი აღნიშნა ეა ამბავი! გუნდში არეულობის შემტანის ნამუსზე იყოს ჯგუფიდან ვერ გასვლა...და ერთი კარგდ დაიმახსოვროს, ცხივრება კიბეა, ზოგი ადის და ზოგიც ჩადის, სხვა ადამიანები არ უნდა დაამცირო არასდროს!!!
პაატა
17:32 23-09-2017
2
Ra mixvedra unda tu ra moxda germaniastan ...srederma ert momentshi gadagvaxia burti tan djarimaw agvkida da tan magradaw dagvcina ....ai magis shemdeg gatydnen chvenebi ...da tan chempionatis bolomdis fsikologiurad ver dalagdnen ....ai im ert momentshi vinmes rom satanado pasuxi gaecat egeb ever iamashi ar movxvedrilikavit ai mag dros yvela xerxi sportuli da Ara sportulic kargia ....torem bichebi ki ara I'm momentshi me vigrdzeni tavi seurackofilad miuxedavad imisa rom srederma shegvisrula magram ai dacinva ar unda gartarebinat ....I'm momentshi mindoda rom vinmes etakebina titqos sparingshi an naglad mainnc
Auue
16:24 24-09-2017
0

სიახლეები პოპულარული