პლეი-ოფის პირველი მატჩი "დინამომ" "ოლიმპს" 27 ქულით მოუგო

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის პლი ოფი დაიწყო. მეოთხედფინალურ წყვილებს შორის სტარტი პირველებმა “დინამომ” და “ოლიმპმა” აიღეს. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 და მე-6 ადგილებზე გასული გუნდების საპლეიოფო სერიის პირველი მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. მოქმედმა ჩემპიონმა დინამოელებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეტოქეს საკმაოდ დამაჯერებლად – 70:43 მოუგეს და ნახევარფინალისკენ მიმავალი გზის ნახევარი წარმატებით გაიარეს.

მატჩის დებიუტში პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, რისი შედეგიც ის გახლდათ, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. ლეონიდ ივატინის წუთშესვენებებმა და დაგეგმილმა ტაქტიკამ ვერ იმუშავა – “ოლიმპმა”
ვერ მოახერხა დინამოელთა შეტევების შეჩერება და მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის (19:11) შემდეგ, მეორე ათწუთეულის შუაწელში ოლიმპელები გვარიანად ჩამორჩნენ.

დიდი შესვენებისთვის “დინამო” 42:23 იგებდა და დარჩენილ 20 წუთში უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. მოქმედმა ჩემპიონმა ეს ამოცანა მესამე პერიოდშივე გადაჭრა, რომელიც ფრედ – 13:13 დასრულდა და დარჩენილ პერიოდში “ოლიმპის” თეორიულმა შანსმა ხორცი ვერ შეისხა. დინამოელები მშვიდად მივიდნენ გამარჯვებამდე და საბოლოოდ 27-ქულიანი მოგება გაიფორმეს.

“დინამოში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლაველ ბოიდი. 11-11 ქულა მოაგროვეს ილია ლონდარიძემ და გიორგი შარაბიძემ. 8 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა კაელ ტურპინი. “ოლიმპში” 16 ქულით საუკეთესო იყო მორის ჰილი, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა. “დინამო” “ოლიმპს” 1:0 უგებს და შემდეგი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 7 მაისს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

ირაკლი ხოშტარია – “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:

“ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდა დღეს – მიუხედავად ანგარიშისა. დამერწმუნეთ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. პლეი ოფში ადვილი თამაში არ არსებობს. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია, აღვიდგინოთ ძალები. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვიყოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ ხოლმე.

დიმიტრი ჟაკობოვი – “ოლიმპის” მწვრთნელი:

“ვულოცავ “დინამოს”. მოწინააღმდეგემ თამაშის უმეტეს დროში ჩვენზე უკეთესად ითამაშა და ის იმსახურებდა გამარჯვებას. სამწუხაროდ, ჩვენ შედეგიანად ვითამაშედ მხოლოდ ეპიზოდურად, რაც ძლიერ მეტოქესთან, ასეთი დონის მატჩის მოსაგებად საკმარისი არაა. ეს პლეი ოფია და მნიშვნელოვანია ყველა მცირე დეტალიც კი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამ დეტალებისგან მოდის გამარჯვება. მატჩს გავაანალიზებთ, შეცდომებს უკეთესად დავინახავთ და შევეცდებით, შემდეგ მატჩში უფრო მაღალ დონეზე, მეტი კონცენტრაციითა და მოტივაციით ვითამაშოთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული