სერბეთის ნაკრები 15 ივნისიდან ბელგრადში შეიკრიბა და 29 ივნისს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. 20 ივნისიდან სერბები ნოვი სადში გადაინაცვლებენ და იქ გააგრძელებენ მზადებას.
როგორც უკვე გაუწყეთ, ნაკრებს ტრავმების გამო ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და ბოგდან ბოგდანოვიჩი (საკრამენტო) ვერ დაეხმარებიან. მაშინვე ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა სხვებსაც რაიმე მოემიზეზებინათ და თამაშისთვის თავი აერიდებინათ. ასეც მოხდა. "კლიპერსის" გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება სლავთა გუნდს, ხოლო "მინესოტას" თავდამსხმელი ნემანია ბიელიცა თავის კლუბთან კონტრაქტის მოგვარებითაა დაკავებული.
მწვრთნელმა ალეკსანდარ
ჯორჯევიჩმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, თბილისში მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე) ვერ დაეხმაროთ, ხოლო "კლიპერსის" ცენტრი ბობან მარიანოვიჩი 24 ივნისს შეუერთდება გუნდს. ის სერბების ნაკრებში NBA-ს ერთადერთი მოთამაშე იქნება.