ისრაელი VS საქართველო - როცა კალათბურთელებმა საკუთარ თავს უნდა აჯობონ!

AutoSharing Option
დღეს, 13 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თელ-ავივში თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ისრაელის ნაკრები ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო საქართველოს ნაკრები 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ჯგუფიდან სამი გუნდი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. დღევანდელი მდგომარეობით, გერმანია და საბერძნეთი უპირობო ფავორიტები არიან. ორივე ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ 3-3 მოგება სჭირდება.

რაც შეეხება საქართველოს, რეალობასთან ყველაზე ახლო ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანს, მესამე
ადგილის დაკავებაა.

ამ შემთხვევაში სერბეთმა მინიმუმ 3 შეხვედრა უნდა წააგოს, ხოლო ჩვენ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ.

ვის უნდა ვუფრთხოდეთ?
მეტოქეს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. ისინი ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულები არიან და იცნობენ ერთმანეთს, რადგან უმრავლესობა ისრაელის ჩემპიონატში თამაშობს.

როდესაც ჩვენი გუნდი სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას ვერ ახერხებს და კალათბურთელები პერიოდულად უერთდებოდნენ გუნდს, მეტოქემ უკვე მოასწრო ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობის მიღება. მათ რუსეთი 93:71 დაამარცხეს და პოლონეთთან 76:84 დამარცხდნენ. რუსეთის დამარცხება კი ამ ანგარიშით არ არის მარტივი საქმე.

გუნდის მთავარი ძალა 27 წლის ჯეიკ კოჰენია, რომელიც ყველაზე საშიში იქნება და მისი განეიტრალება არცთუ ისე მარტივი საქმე იქნება. ის პოზიციით ცენტრია და ნაკრებში თითქმის ყველა კომპონენტში საუკეთესოა. მას საშუალოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ქულებში - 13.4 და მოხსნებში - 4.8.

თუმცა "გრან კანარიას" გამთამაშებელი გალ მეკელიც არანაკლები თავის ტკივილი იქნება. ის გუნდში მეორეა ქულებით - საშუალოდ 7.3 ქულა შეხვედრაში, მესამეა მოხსნებით - 3.8 და პირველია გადაცემებში - 3.7.

თანაგუნდელებს არაფრით ჩამოუვარდება 21 წლის თამირ ბლატიც, რომელიც ებრაული კალათბურთის ტალანტად ითვლება და მისი პერფომანსების იმედი აქვთ.

სასიხარულო ფაქტია, რომ მეტოქის გუნდში არ იქნება NBA-ს კალათბურთელი ომრი კასპი და ფორვარდი გაი პნინი.

ისრაელის ნაკრებს 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ადგილობრივი სპეციალისტი ოდედ კათაში წვრთნის, რომელიც მანამდე 20-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი იყო.

altრას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე ისრაელის ნაკრები? - ევროლიგელები თელ-ავივიდან



ჩვენი ნაკრები
მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენი ნაკრების მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელია. სეზონი ახლა იწყება და კალათბურთელები მეტწილად მოუმზადებლები არიან. მათ ერთად ამხანაგურ შეხვედრაშიც არ უასპარეზიათ და რამდენიმე სრულფასოვანი ვარჯიშიც არ ჰქონიათ, რადგან ნაკრებს გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია მოგვიანებით შეუერთდნენ.

დუდა სანაძე ამ ეტაპზე უკლუბოდაა. რაც შეეხება გიორგი ცინცაძესა და მიხეილ ბერიშვილს, მათ აზიაში გადაინაცვლეს, მათი ახალი კლუბი ყატარის "ალ-შამალია". გუნდს კვლავ დააკლდებიან ტრავმების გამო მანუჩარ მარკოიშვილი და ბექა ბურჯანაძე.

საქართველოს ნაკრების ღირსებას 30 წლის მეტ ჯენინგი დაიცავს. ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა "ფინიქს სანსმა" მას კონტრაქტი გაუფორმა. ჯენინგმა არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში ის გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადავიდა. 2017 წლიდან ის "ბასკონიაშია". წინა სეზონში მან 78 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, ევროლიგასა და ესპანეთის თასზე. საშუალოდ 22.4 წუთს თამაშობდა, 1.94 მოხსნას, 1.58 პასსა და 9.58 ქულას აგროვებდა.

რაც შეეხება ამერიკელის მთავარ კომპონენტს, მან წინა სეზონში სამქულიანი 382-ჯერ ისროლა და 163-ჯერ ჩააგდო. სიზუსტე - 42.7 პროცენტი.

ჩვენ ევრობასკეტზე ისრაელშივე ისრაელი დავამარცხეთ. შეგვიძლია იმავეს გამეორება? იმავეს გამეორების შანსი განახევრებულია, რადგან მაშინ მაიკლ დიქსონი (18 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა), ზაზა ფაჩულია (19 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი) და მანუჩარ მარკოიშვილი (11 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი) გვყავდა.

მაიკლ დიქსონის წასვლის შემდეგ ჩვენი ნაკრების ლიდერი ყველა კომპონენტში თორნიკე შენგელიაა, რომელსაც ნაკრებში ბოლო ორი შეხვედრის სტატისტიკა საშუალოდ ასეთი აქვს: 18.5 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი.

altილიას ზუროსმა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია



მოლოდინი
თუ გუნდებს შორის ბალანსზე მიდგება საქმე, სიტუაცია არადამაიმედებელია. თუმცა სხვა რაღა დაგვრჩენია, ვირწმუნოთ ჩვენი კალათბურთელების, რომ საკუთარ თავს და მეტოქესაც აჯობებენ.

იმედი გვქონდეს, რომ თორნიკე შენგელიას ვერ გააჩერებენ, გიორგი შერმადინი ჯეიკ კოჰენს გაანეიტრალებს, მეტ ჯენინგი ბევრ სამქულიანს ჩააგდებს, გოგა ბითაძე 5 ჯარიმას არ აიღებს, მიხეილ ბერიშვილსა და მერაბ ბოქოლიშვილს სროლები წაუვათ, რატი ანდრონიკაშვილი თავის ტალანტს წარმოაჩენს, გიორგი ცინცაძე ბევრ შედეგიან პასს გააკეთებს და დანარჩენი თანაგუნდელებიც მათ ფონზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ.

altსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თელ-ავივში ჩაფრინდა [VIDEO]

altკოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა უშანსოდ , ათი ქულის ფარგლებში მოვიგებთ ... სერბეთის დაწევის შანსი არ არის. ბერძნებს უნდა მოვუგოთ ორივე და იმედი ვიქონიოთ გასვლაზე გერმანიაშო და სერბეთში წააგებენ ელინები.მოკლედ 6 მოგება და ბერძნების გასვლაზე წაგებები ...
კახა
14:18 13-09-2018
4
მოგესალმებით, უიმედოდ ღმერთმა არ გვამყოფოს, მითუმეტეს იზრაელისნაირ გუნდთან (დანაკლისი მათაც აქვთ პნინის სახით). შანსები ალბათ 70%-30% ზეა. თუმცა მე ერთი რამ მაინტერესებს, რამ შეუშალა ხელი წელს ფედერაციას რომ რაიმე ტურნირის ორგანიზება გაეკეთებინა (როგორც ადრე იყო) მინიმუმ თბილისის ტურნირი, ან ერთი-ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა ნაკრებს, ან მინიმუმ შეკრება ამინც დაეწყოთ დროულად? ყველა (ფედერაცია, მწვრთნელი, კალათბურთელები) იმას სჩივიან რომ ერთად შეთამაშების დრო არ ჰქონიათ, და ვისი ბრალია ეს - გულშემატკივრების??? იმის გათვალისწინებით რომ სეზონები არსად დაწყებულა, ვფიქრობ რომ ფედერაციის უნიათობის ბრალია რომ ვერ მოხერხდა დროულად ორანიზაცია, თორემ დარწმუნებული ვარ თოკო ჯომარდობასაც მოახერხებდა და შეკრებაზე დასწრებას, ბითაძე დრაფტზე რომ არ გადიოდა ზაფხულის დასაწყისიდან იყო ცნობილი, არც შერმადინი დატვირთულა დიდად, არც ჯენინგი, სანაძე- უგუნდოდ, ბერიშვილი/ცინცაძე აზიაში თამაშობენ, დანარჩენები ხომ საერთოდ საქართველოში. შესაბამისად სრული პასუხისმგებლობა ფედერაციაზეა!!!
ფანი
12:26 13-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული