ილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

AutoSharing Option
ალბათ, ისრაელთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარმა ძალიან ინერვიულა. ასეთ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ათმაგად უფრო სასიხარულოა და ახლა, როდესაც ემოციები დაცხრა, მშვიდად შევეცადოთ, განვიხილოთ გასული შეხვედრა.

ამ თამაშში მთელმა გუნდმა სული და გული ჩადო, ყველა ბოლომდე დაიხარჯა. დიდებული იყო თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ნაკრების ახალწვეული მეტ ჯენინგი და რა თქმა უნდა, გოგა ბითაძე, რომელმაც კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან დაგვანახა, რომ არ დარჩება პერსპექტიულ კალათბურთელად და დიდი მომავალი აქვს. თავდადებისთვის მადლობას იმსახურებს ჩვენი გუნდის
თითოეული წევრი და გვჯერა, კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ.

და მაინც, გვგონია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი გახლდათ. დიახ, დიახ, მოთამაშე, რადგან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, ის წარმართავს თავისი გუნდის თამაშს, იღებს თამამ და ხანდახან არაორდინარულ გადაწყვეტილებებს; შესაძლოა, ზოგჯერ მცდარსაც, მაგრამ ის სიტუაციიდან გამომდინარე, მუდამ სიახლის ძიებაშია, ფორსმაჟორულ ვითარებაში არ იბნევა, სწრაფად აზროვნებს და სრულიად ადეკვატურად რეაგირებს.

altილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება

ბერძენი სპეციალისტი მთლიანადაა ჩართული თამაშში, ძალიან ტემპერამენტიანია და ამით თავის გუნდსაც ვნებს ხოლმე. ის კარგი მწვრთნელია, სამხრეთელია და საქართველოს ნაკრებს სწორედ ასეთი ხელმძღვანელი ესაჭიროება. უხდება კიდეც. რაღაცნაირად ჩვენებურია.

ილიასი ფლობს გუნდის მართვის სადავეებს და რამდენადაც განერვიულებული უნდა იყოს, წონასწორობას ბოლომდე არასოდეს არ კარგავს, როდესაც მაქსიმალურად აღელდება, მომენტალურად დაწყნარდება და ჩადგება მწყობრში.

გუშინდელი მატჩი გავიხსენოთ. ისრაელს არ ჰყავდა ე.წ. მძიმე ცენტრი და ასეთ თამაშში გიორგი შერმადინზე უფრო სასარგებლო ბითაძე რომ იქნებოდა, ამას უმალ მიხვდა ზუროსი და შეცვლა გააკეთა, რამეთუ უფრო მოძრავი და სწრაფი გოგა გაცილებით ეფექტური გამოდგა.

ამის დასტურია ბითაძის სტატისტიკური მონაცემებიც. ის შეხვედრის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი +21-ია, რაც ყველაზე მეტია ორივე გუნდის კალათბურთელებში. გარდა ამისა, ბითაძე აღარ არის ის გამოუცდელი ბიჭი, რომელიც პარკეტზე გამოსვლისას უმალ იღებდა ფოლებს და თითქმის ყოველ მატჩს 5 პერსონალურით ასრულებდა. მან შეძლო იმ ბალანსის პოვნა, რომელიც მის ეფექტურობას და აგრესიულობას ათანაბრებს. ამის ნათელი მაგალითია შეტევაში მოპოვებული 7 მოხსნა (!). არანაკლებ ნაყოფიერი იყო დაცვაშიც, სადაც 2 მოხსნასთან ერთად 4 ბლოკი განახორციელა.

Sportall.Ge

როდესაც მესამე პერიოდში ვაგებდით და საქმე ცუდად მიგვდიოდა, გუნდის უპირობო ლიდერი შენგელია დაასვენა და მხოლოდ მეოთხე მეოთხედის მიმდინარეობისას შეუშვა პარკეტზე. ამ სვლამაც გაამართლა.

იყო მომენტი, როცა სწრაფ თამაშში მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა. როცა ისინი თავისუფლად შედიოდნენ ჩვენს სამწამიანში, ამ დროს ზუროსმა გუნდი გადააწყო, საერთოდ, ცენტრის გარეშე ათამაშა. შედეგად, მეტოქემ სისწრაფეში უპირატესობა დაკარგა.

პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულით მოიგეს და თითქოს, ფორა საკმაო იყო. შესვენების შემდეგ კი ეს ფორა გაზაფხულის თოვლივით გადნა. რატომ? კალათბურთი სპორტის სპეციფიკური სახეობაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხშირია "ამპლიტუდური რხევები", ერთი გუნდის გაქცევა, მერე თამაშის შემოტრიალება, თამაშში დაბრუნება და ა.შ. ამაშია სწორედ მისი ხიბლი.

ამასთან ერთად, მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრების მიერ მესამე მეოთხედის ჩაგდება გამოიწვია - არაზუსტი სროლებია.

დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ ქართველ კალათბურთელებს შეტევებში ცდა არ დაუკლიათ, თუმცა სიზუსტემ აშკარად უმტყუნათ და ასევე, მშვენივრად გაისარჯა სამწამიანში ისრაელის ნაკრები.

Sportall.Ge

თანაც, ისრაელი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მით უმეტეს, მასპინძელი გახლდათ. მათმა მწვრთნელმა ოდენ კატაშმა შესვენებაზე შეგირდებს შენგელიას წინააღმდეგ უფრო აგრესიულად თამაში და ჩვენი სნაიპერებისთვის პერიმეტრის გადაკეტვა დაავალა, რაც შესანიშნავად შეასრულეს (ცოტა გაუმართლათ კიდეც, რადგან ჩვენებს იმ მომენტში სროლები არ წაუვიდათ). თორნიკემ პირველი ქულები მესამე მეოთხედში მხოლოდ დასასრულს ჩააგდო. ისრაელმა მთელ პირველ ტაიმში 37 ქულა ჩააგდო, მესამე პერიოდში კი - 31 და წინ გაიჭრა.



altისრაელის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებმა შეტევაში 17-ჯერ მოხსნა ბურთი და ეს გადამწყვეტი გახლდათ

ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ, მასპინძლები მეოთხის დასაწყისში 6 ქულით დაწინაურდნენ და აი, ამ დროს არ გატყდა ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად, ამ მომენტში გამოამჟღავნა მთელი ოსტატობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც უკეთესი შემსრულებლები და უკეთესი მწვრთნელი ჰყავს.

ზუროსმა ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაგარი თამაში მოიგეს და კიდევ უფრო მაგარი თამაში ელით საბერძნეთთან. მის მშობლიურ საბერძნეთთან. კიდევ ბრძანა, რომ შედეგთან ერთად პერსპექტივაზეც უნდა იზრუნონ და უთუოდ მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდებს. აი, ესაა გლობალურად ფიქრი და აზროვნება, ფიქრი ქართული კალათბურთის ხვალინდელ დღეზე.

ხვალინდელი დღე კი უკვე აღარ მოჩანს მუქ ფერებში, თუ რა თქმა უნდა, ევროლიგამ ისევ არ შეგვიქმნა ხელოვნურად პრობლემები.



altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

მკითხველის კომენტარები / 16 /
ზუროსი რომ უკეთ გრძნობს თამაშს მე მგონი უფრო ნათლად ჩანს.და სერთოდ თუ შევადარებთ ბერძენი უფრო მაღლა დგას ბევრ კომპონენტში.
კახა ქირია
15 სექტემბერი 2018 15:39
0
სტატიის პათოსს ვეთანხმები და კიდევ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რაც ზუროსი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა ,როცა საქართველოს ნაკრებმა ისე წააგო თამაში ,რომ თამაშში არ იყო ბოლომდე (სერბეთთან სახლში) ..ამის გაკეთება თითქმის შუძლებელია ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით და ვერ ვიგონებ სხვა მსგავს შემთხვევას უახლესი 20-30 წლის გამავლობაში ვერც კალათბურთის და ვერც სხვა სათამაშო სახეობაში. ეს ამ ბერძენი კაცის დამსახურებაა ნამდვილად.
ზვიადი
15 სექტემბერი 2018 12:29
0
საკმაოდ კარგი სტატიაა(იშვიათი გამონაკლისი) ობიექტური შეფასებით. ზუროსის ვაისთან შედარებაც ავტორს ზუსტად და მოსწრებულად აქვს გაკეთებული.
პეტრე
14 სექტემბერი 2018 21:14
2
ზოგიერთი ,,გულშემატკივრის¨კომენტარებს რომ ვკითხულობ'ნოდარ ახალკაცისდროინდელი ფეხბურთის გულშემატკივარი მახსენდება ვაკის პარკიდან-,,ბელადის¨ხელმძღვანელობით დინამოსთვის მომავალი თამაშის ,,სასტავს¨ რომ აყენებდნენ და უგზავნიდნენ ,,ფარსადანოვიჩს¨.ამათი დასკვნებით შერმადინს თამაში არ სცოდნია,ზუროსს დაცვის ზღუდეების დაყენება, და მთლიანად გუნდს-დაცვა.საიდან ამდენი ამბიცია_ უყურეთ კალათბურთს და ისიამოვნეთ.
გიორგი ჯანიკაშვილი
14 სექტემბერი 2018 18:39
1
ძალიან ვაფასებს ჰეიგს მაგრამ ზუროსი უფრო მაგრად მომწონს. თითქოს ქართველია და ნაღდი ქართველივით განიცდიდეს ნაკრების წარმატებას თუ წარუმატებლობას (ისე ქართველს უფრო გავს ვიდრე რობოტ ბერძენს).
ზვიადი
14 სექტემბერი 2018 17:22
1
მოგება კარგია მარა საქართველოს ნაკრებს დაცვა არ აქვს სულ ისრაელის ნაკრები ისე დასეირნობდნენ საქართველოს კალათის ქვეშ თითქოს მარტო ისრაელი იყო დაცვაში უფრო უშლიდა ერთმანეთს ძაან შეუთამაშებელი გუნდია შერმადინმა როდის უნდა ისწავლოს ბურთის ტარება და თამაში ერთი შენგელიას იმედით ძნელია რამეს მიაღწია ეტყობა ზაზა რომ აკლია ნაკრებს იმედია საბერძნეთთან მაინც იქნება გუნდი შეკრული და დაცვას გამოასწორებს დაცვის გარეშე რამდენი სამქულანიც არუნდ ჩაუგდო ეს მესამე მეოთხედში ისრაელმა კარგი მაგალითი მოგცათ
ამირანი
14 სექტემბერი 2018 16:01
12
ყველაფერი კარგი იყო ბრავო ბიჭებს,ბრავო ზუროსს, მარა ჩვენ კალათბურთს აკლია ის ცეცხლი (სისწრსფე) რაც მუდამ თან სდევდა ქართულ კალათბურთს, საკმარისია მეტოქემ სისწრაფეს მოუმატოს მაშინვე წარმატებას აღწევს, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს უნდა ანთებდნენ მოედნზე, ვხედავ ცეცხლს მხოლოდ ზუროსი ანთებს და თან ისე ხან და ხან გუნდს, რომ ავნებს ხოლმე (გაიხსენეთ წინა თამაშებში რამდენი ტექნიკური აკიდა გუნდს.) რაც შეეხება ფეხბურთს არ გინდათ კრიტიკა იქ უფრო უკეთესადააა საქმე. ცხონებული ახალკაცი, ლობანოვსკი, თამაშის დროს სულ სკამზე ისხდნენ, ხან და ხან ფარსადანოვიჩი ტრიბუნაზეც კი ჯდებოდა მარა მათი გუნდები ტრიალებდნენ სამაგიეროდ ხანჯლებივით მოედნებზე.
ლევანი
14 სექტემბერი 2018 15:51
3
ტრიბუნაზე ჯდომა აი ბესკოვს უყვარდა თუ უყვარდა....
არისტო
14 სექტემბერი 2018 17:30
0
samtredski - "ისრაელზე მოგება ზაზას დროს ოცნეა იყო". აბსოლიტური ტყუილია.ზუსტად ზაზას დროს ანუ ევროპის ბოლო ჩემპიონატში, საქართვგელომ ზაზას კაპიტნობით დაამარცხა ისრაელის ნაკრები იმავე დარბაზში, სადაც გუშინ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა. samtredski და მისნაირები, მომენტს არ უშვებენ, რომ ზაზას არ უკბინონ. ხომ არ ჯობია შეხვიდე კუხნაში და სამტრედიული ვარიები შებრაწო!!! კი ალბათ.
natali
14 სექტემბერი 2018 15:45
6
ყველაფერი კარგად იქნებოდა ზაზას და ვიკას ნაადრევად რო არ გდაეწყვიტათ წასვლა ჯერ შეეძლოთ დახმარება დარწმუნებული ვარ ზირაქას და გორგოძის არ იყოს ვერაფრით უწონებ და მოკალით თუმცა თაობათა ცვლა მგონია რომ მაინც ღირსეული მოდის ისრალზე მოგება ზაზას დროს ოცნეა იყო.
samtredski
14 სექტემბერი 2018 14:49
6
ზაზა არ ვიცი და ვიკას ისეთი ტრამვა აქ ლამის ვერ დადის კაცი და რა დახმარებაზე ლაპარაკობ? ან ზაზა როგორ დაგვეხმარებოდა როცა აქვე ეპროპაში მყოფი შენგელია და შერმადინი ვერ გვეარებოდა.
Mmm
14 სექტემბერი 2018 16:33
2
საერთოდ სპორტში არ არის ჯანსაღი მდგომარეობა,ფედერაციებში რა ხდება კაცმა არ იცის,ესვრიან კიდეც ერთმანეთს,ახლა კალათბურთის ფედერაციაში პროკურატურაა შესული,სხვაგანაც არ იქნება ჯანსაღი მდგომარეობა,მერე ამათ ჰგონიათ მთავრობა აფინანსებს,მთავრობა კი არა ხალხი გაფინანსებთ,სპორტული ოჯახი ვართ და ჩვენ გავარკვევთ თქვენ არავინ გეკითხებათო ნუ ერევითო,ინტერვიუებში არ გაგიგონიათ?რას ნიშნავს ეს,დაუკვირდით არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში ბიჭებს არ უთამაშიათ და სადღაც გამოჩნდება კაცი,მაგრად თამაშობს,როგორ გამორჩათ,არა მგონია,გახსოვთ არაბიძემ ერთ ინტერვიუში ახსენა,რომ არ იძახებენ იმას.ვისაც.საჭიროაო,კალათბურთშიც მასეა და ზოგადად სპორტში,მერე ახალგაზრდებს უჭირთ განვითარება,ერთეულებს თუ უმართლებთ,სადღაც წავლენ თავისით უი აღმოჩნდება,რა კარგი კალათბურთელი გვყოლიაო ნუ ზოგადად სპორცმენი,საერთოდ ვსაუბრობ თორემ ვინმეს ჯინი კი არ მაქვს,ყველგან ფულია საჭირო,ასეა ბატონო და რა ვქნათ,ისრაელის დამარცხება საკუთარ კედლებში მართლა მაგარია ჯიგრები ხართ ბიჭებო.
გოჩა
14 სექტემბერი 2018 14:37
2
სრულიად ვეთანხმები რომ კალათბურთის ფედერაციაში რაც ხდება, არ იხსნება ახალი დარბაზები , რეგიონებში რამდენი კალათბურთის გუნდია ? არაფერი არ კეთდება , ძველი თაობის იმედზე არიან , სადაც დარბაზები არ არის იქ რა მილიონიან კონტრაქტებზე საუბრობთ. ან ჩვენ გუნდებს შეხედეთ , ევროპაში ჩვენზე დაბალი ჩემპიონატი რომელია. თოკო რომ არ ყოფილიყო საერთოდ ვერაფერს ვერ ვიზამდით . ან ამ ფედერაციაში ერთი და იგივე ხალხი რატომ არის 20 წელი???
sandro
14 სექტემბერი 2018 19:53
0
რატომ ტყუიხარ "გოჩა"?! კალათბურთის ფედერაციაში ძალიან კარგი სიტუაციაა, არავითარი დაპირისპირება არც არასოდეს ყოფილა. გარედან რამდენიმე(სულ ორი-სამი) მოწინააღმდეგე ცდილობს აურიოს, მაგრამ არაფერი გამოუდის, რადგან არავინ აყვათ. რასაც მედიასაშუალებები ცდილობენ გაავრცელონ იქ რეალობა მხოლოდ ის არის, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობელმა უჩივლა ფედერაციას პროკურატურაში, რადგან მისი შვილი ნაკრებში არ აიყვანეს. მოკლედ შანტაჟი დაიწყო. ეს მთავარ მწვრთნელს რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ ყოფნის. რაც შეეხება "ბასკონია"-სთან კონტრაქტს, ის საუკეთესოა ქართული სპორტის ისტორიაში, რადგან ევროპის ერთ-ერთ უძლიერესი კლუბის სკოლაში საერთაშორისო უმაღლეს დონეზე ამზადებენ ბიჭებს. თანაც, ხელშეკრულება დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაში.
თორნიკე
14 სექტემბერი 2018 15:50
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული