საქართველოს ნაკრების საბერძნეთთან დამარცხებამ რაღაცნაირად დამთრგუნველად იმოქმედა. ძალიან დიდი იყო იმედგაცრუება, საოცრად დიდი, რამეთუ 1:28 წუთში მოვახერხეთ 6-ქულიანი უპირატესობის განიავება. ასეთ დროს ხშირად ობიექტურობის გრძნობა გღალატობს და ძნელია, გადმოსცე შენი შეხედულებები. დახანება ვამჯობინე და როდესაც ემოციები მეტ-ნაკლებად ჩაცხრა (მაგას სრულად რა ჩააცხრობს და მაგ იარას საბოლოოდ რა მოგვიშუშებს), მაშინ გადავწყვიტე, ჩემი სუბიექტური მოსაზრება გამეზიარებინა მკითხველისთვის.
მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის
ამ თამაშამდე ზუსტად ერთი წლის წინ აკროპოლისის თასზე ბერძნების დამარცხება (72:71) გამახსენდა. მაშინ ელადელებს ყველა ლიდერი ჰყავდათ და ათენში ვძლიეთ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე გიორგიოს პრინტეზისმა ბურთი კალათში ვერ ჩააგდო და ჩვენმა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თვალსაჩინოებისთვის იმ მატჩის სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ:
საბერძნეთი-საქართველო 71:72
18:8, 19:25, 15:20, 19:19
საბერძნეთი: კალათესი (12 ქ, 4პ), ბურუსისი (6 ქ, 6მ), სლუკასი (12 ქ, 4 პ), პაპასი (2 ქ), პაპაიანისი (2 ქ), პრინტეზისი (14 ქ, 8 მ), პაპანიკოლაუ (15 ქ), მანძარისი, პაპაპეტრუ (6 ქ), ბოგრისი (2 ქ), თ. ანტეტოკუნმპო
საქართველო: დიქსონი (26 წთ, 4 ქ, 5 პ), ცინცაძე (29 წთ, 13 ქ, 5 პ), შერმადინი (29 წთ, 23 ქ, 8 მ), სანაძე (22 წთ, 5 ქ), მარკოიშვილი (30 წთ, 9 ქ), შენგელია (30 წთ, 14 ქ, 11 მ, 4 პ), ბითაძე (11 წთ, 4 ქ), ლონდარიძე (10 წთ), ბერიშვილი (2 წთ), გამყრელიძე (6 წთ), ბოისა (6 წთ)
მაშინ გაგვიმართლა, ამჯერად - არა. მთავარი ისაა, რომ უკვე მსოფლიოს გრანდებს ტოლ-სწორად ვეპაექრებით პატარა ქვეყნის ნაკრები და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რა მდგომარეობაა ქვეყანასა და ქართულ კალათბურთში, რომლის ჩემპიონატის მატჩები ცარიელ დარბაზებში ტარდება. თანაც, ფიბა, ფიფა-სგან განსხვავებით, ფინანსურად არავის არ ეხმარება და ჩვენი კალათბურთის შემწე დიდად არც სახელმწიფოა. სამწუხაროდ. ეს ისე, ლირიკული გადახვევასავით.
მთავარ თემას დავუბრუნდები. მატჩის წინ სტუმართა მწვრთნელმა ტანასის სკორტოპულოსმა თქვა, თბილისში ქართველები შოუს მოწყობას და გამარჯვებას გეგმავენო და ჰოი, რა ახლოს ვიყავით ამასთან. არ ყოფილა არავითარი ჩვენი გუნდის შეუფასებლობა, რამაც საქართველოს ნაკრების 17 ქულით დაწინაურება გამოიწვია. ბერძენთა გუნდის თავკაცმა შესანიშნავად იცოდა, რა მძიმე ბრძოლა ელოდა, პრინტეზისი და იოანის ბურუსისი კი იმად არ იახლა, რომ ფინალის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდათ და ვეტერანები დაასვენა (ერთი 33 წლისაა, მეორე კი - 34-ის).
თავიდანვე წაუვიდა თამაში გიორგი შერმადინს. სამაგიეროდ, ნიკ კალატესი კალათს არ აცდენდა ბურთს. მისი განეიტრალება ვერა და ვერ მოხერხდა და ეს ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მინუსი გახლდათ. თავიდან მეტ ჯენინგს პერიმეტრი გადაუკეტეს (შემდეგ შეუტია მაგრად).
შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია. გოგა ბითაძე დიდებულად ჩაერთო თამაშში. პირველი მეოთხედი 30:17 მოვიგეთ. მეორე მეოთხედის შუაში ტაბლოზე 37:20 აინთო. ეს დაუჯერებელი გახლდათ და მაშინ სპორტის სასახლეში არავის ეგონა, ალბათ, ბერძნებსაც, რომ საქართველოს ნაკრები დამარცხდებოდა.
ნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე
და ისევ ეს სათადარიგოთა სკამის პრობლემა. წამყვანი კალათბურთელების დასვენება გახდა საჭირო და დაასვენა კიდეც მწვრთნელმა ილიას ზუროსმა. არ შეიძლებოდა, არ დაესვენებინა და მოპოვებულმა უპირატესობამ დნობა დაიწყო. ჩვენი გუნდის დაცვა, მაპატიეთ და, კოლმეურნეობის მორღვეულ ღობეს დაემსგავსა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დააბრუნა ზუროსმა ლიდერები პარკეტზე და პირველი ტაიმი 49:38 მოვიგეთ.
ეს ასეთი ამპლიტუდა საქართველოს ნაკრების პირველი და მეორე ხუთეულის კლასში უზარმაზარი სხვაობითაა გამოწვეული და ვერ გეტყვით, ამას რა ეშველება. სასტარტოს მოთამაშეები რობოტები არ არიან, რომ შეუსვენებლივ ითამაშონ. მათ ცოტა ხნით დასვენება და სულის მოთქმა სჭირდებათ. დაასვენებ და ეს უმალ აისახება ტაბლოზე. მერე ისევ გმირული ძალისხმევით ხდება გაქცევა და ნუ, ეს უკვე არაა მთლად ნორმალური. ჩვენი გათანგული გუნდი მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ბრძოლაში ებმება და მაინც წინ მიიწევს.
დიდი შესვენებისას სკორტოპულოსმა შეგირდებს მაღალი დაცვა დაავალა, მკაცრი თამაში სამწამიანში და ამან შედეგი გამოიღო. მეოთხე მეოთხედში მეტოქე 5 ქულით გაიჭრა წინ და ამ დროს ბოქოლიშვილის მიერ ბურთის ჩაჭრამ სკორტოპულოსის აგრესია გამოიწვია. მსაჯებმა ტექნიკური ჯარიმა მისცეს და ყველაფერი შეიცვალა.
აქვე მინდა მსაჯობის თემასაც შევეხო: ის არ იყო მიკერძოებული, ის იყო არაკვალიფიციური მსაჯობა, არაკვალიფიციური ორივე გუნდის და უფრო ხშირად ჩვენი გუნდის მიმართ და როდესაც შენს მოედანზე თამაშობ, მას ამის უფლება არ უნდა მისცე. როგორ? როგორ და გულშემატკივართა ზეწოლით. თემას ოდნავ გადავუხვევ, თუმცა ეს სულაც არაა თემიდან გადახვევა, რამეთუ გულშემატკივარი ე.წ. მეექვსე მოთამაშეა. წინა შეხვედრებთან შედარებით, ამჯერად უკეთესი იყო მხარდაჭერა, მაგრამ არა საუკეთესო. გულშემატკივრობასაც ცოდნა უნდა, გამოცდილება და ამ კომპონენტში ჩვენი ქომაგი გუნდთან ერთად თანდათან იზრდება. ძველი თაობის გულშემატკივრებს მოგმართავთ: გახსოვთ, რა თამაშები მოგებულა სპორტის სასახლეში მაგარი გულშემატკივრობით? ძნელია, ახალ თაობას აუხსნა ის, რაც ადრე ხდებოდა, მაგრამ ეს ხომ ფაქტი იყო. საბერძნეთის ნაკრებთან გულშემატკივრობას მე პირადად შესაძლებლის 25%-ით შევაფასებ. არ შეიძლება დიქტორი გამუდმებით გახსენებდეს - უფრო აქტიურად დავუჭიროთ ჩვენს გუნდს მხარიო. თუმცა, ვაღიარებ და გავიმეორებ, ამ შეხვედრაში, წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესი მხარდაჭერა იყო.
დავუბრუნდეთ სპორტის სასახლის პარკეტს - საქართველოს ნაკრებმა 5-ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრა, საფინალო სირენამდე 1:28 წუთით ადრე 6 ქულითაც გაიჭრა წინ და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა, რომლის ახსნა შეუძლებელია. ვერ ივარგეს ბოლოს კალათბურთელებმა. ამას მარტო დაღლილობასაც ვერ დააბრალებ, ბედმაც გვიმუხთლა და მსაჯმაც, რომელმაც შენგელიას არარსებული გარბენი დაუფიქსირა და ბოლოს თორნიკეს ნასროლი ბურთი კალათიდან ასხლეტით ისეთი ტრაექტორიით გადავარდა მაინცდამაინც ცენტრში მეტოქისკენ, რომ სხვა დროს 100 შემთხვევიდან ერთხელაც არ მოხდებოდა ასე. კალატესმა პაპანიკოლაუ ცარიელი ფარისკენ გაიყვანა და წავაგეთ. წავაგეთ ათასპროცენტიანი მოგებული თამაში.
გასკდა გული, მაგრამ რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე. თავად აღარ სჯეროდათ მომხდარი ბერძნებს და სიხარულისაგან ლამის ჭკუიდან გადავიდნენ. პაპანიკოლაუმ მერე თქვა, არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ცარიელი დერეფანი იყო, კალატესმა ბურთი მომაწოდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მომესწრო და ჩამეგდოო. მოასწრო. ჩააგდო.
ასეთ თამაშებს მცირე დეტალები წყვეტს: მსაჯობა, გულშემატკივრობა, ფორტუნა და რა თქმა უნდა, კარგი თამაში. თამაში ბოლომდე და არა ბოლო 1:28 წუთის გამოკლებით.
ვიქნები არაპოპულარული და ვიტყვი, ჩვენმა გუნდმა დიდებულად იასპარეზა, მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთი ჩააგდო და დამარცხდა და მართალი გითხრათ, ამ წაგებას, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომც მოგვეგო, ვერ გავიდოდით ფინალში. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, აღარ გამოუშვებენ ევროლიგაზე მოასპარეზე კლუბები ჩვენს ლიდერებს და ფაქტობრივად, მეორე ხუთეულით მოგვიწევს თამაში. ასეთია რეალობა.
სამაგიეროდ, ყველას დავანახეთ, რა შეუძლია ჩვენს გუნდს. კრიტიკაში, იცოცხლეთ, ყველანი მაგრები ვართ, მაგრამ საბერძნეთის ნაკრებთან 17 ქულით დაწინაურება როგორი საქმეა? როგორი საქმეა ერთი ხუთეულით ორ ხუთეულთან თამაში? როგორი საქმეა ორ წელიწადში მთელი გუნდის გადახალისება და თაობათა ცვლის პროცესის ლამის უმტკივნეულოდ გადატანა? დავთვალოთ ერთი, ამ პერიოდში რამდენი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა ნაკრებს. ამას ხომ ჩვენი კი არა, ევროპის წამყვანი გუნდები ვერ მოახერხებდნენ. ზუროსმა და მისმა გუნდმა კი მოახერხა. მესმის ყველას ემოცია და იმ მომენტში. მეც ზუსტად მასეთ დღეში ვიყავი, მაგრამ ხომ არსებობს ობიექტურობა, რომელიც საბოლოოდ არ უნდა დავკარგოთ.
არ გვყავს გიორგი ცინცაძის გარდა სხვა გამთამაშებელი და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადამტანი და ზუროსი ხომ ვერ გააკეთებს ამას? წავიდა დიდებული მაიკლ დიქსონი და შეიქმნა სერიოზული პრობლემა. პრობლემა, რომელიც ჯენინგის არყოფნისას ტედ მაკფადენს შეუძლია გადაჭრას, მაგრამ როდესაც "ბასკონია" მეტს გამოუშვებს, მისი ართამაში არ შეიძლება. მისი თამაში შესაძლოა, არაა ძალიან ლამაზი და სხვებივით არ გვხვდება თვალში, თუმცა ძალიან მაღალი კლასისაა. ძალიან. მართალი გითხრათ, არ მეგონა, ასე მაგრად თუ იასპარეზებდა და ასე უცბად თუ მოერგებოდა ჩვენს ნაკრებს. ბევრმა შეიძლება არც მიაქცია ყურადღება, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ჩვენი გუნდიდან საუკეთესო იყო. ეს უკვე მოსაზრება არაა - სტატისტიკაა.
რა გველის ხვალ? გვყავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მოთამაშე შენგელია; ბითაძის სახით გვყავს ძალიან მაგარი და პერსპექტიული ცენტრი, რომელმაც რამდენიმე თვეში საოცარ პროგრესს მიაღწია და საოცრად გაიზარდა, როგორც პროფესიონალი; გვყავს კარგი სნაიპერი დუდა სანაძე, გვყავს კარგი მძიმე ცენტრი გიორგი შერმადინი, ტრავმების მორჩენის შემდეგ დაბრუნდებიან მანუჩარ მარკოიშვილი და ბექა ბურჯანაძე. ცინცაძეს ერთი შეცდომის გამო ნუ გადავუსვამთ ხაზს და ნუ დავუვიწყებთ უდიდეს ამაგს. ჯენინგზე უკვე გითხარით. კიდევ აუცილებლად გვჭირდება ერთი გამთამაშებელი და ყველაზე დიდი პრობლემაც ეგაა, რომ ასეთი ჯერჯერობით არ ჩანს.
აი, ესაა მთავარი პრობლემა და არა ერთი კონკრეტული მატჩის ძალიან გულდასაწყვეტად წაგება. ამაზეა მუშაობა საჭირო. იმედია, ზუროსი ამ მიმართულებით იმუშავებს და საკითხი როგორღაც გადაიჭრება. როგორ? არ ვიცი. ეს ზუროსის პრობლემაა. მას ეხერხება პრობლემების გადაჭრა. მან ორ წელიწადში თითქმის ახალი გუნდი ააწყო და ალბათ, ამასაც მოაბამს როგორმე თავს. ალბათ.
ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!
საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]
კარგი იქნებოდა ასეთი ანგარიში ნამდვილად, მაგრამ არასწორია და იქნებ გაასწოროთ...
ადმინ, წაშალე-რა წინა პოსტი...
უფრო კარგ გუნდს დაყენებს.მალადეც ბიჩებს!!!
გადმოეტანა ბურთი ამ შედეგს არ მივიღებდიგ. ბრთს ვერ ატარებს, ვერ დარბის, ვერ ესვრის. რასაც ეგ თამაშობს მაგას ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი კალათბურთელი ითამაშებს. ასე რომ მის ნამუსზეა ნაკრების წაგება.