ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს "ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ" პროექტს, რომლის ფარგლებში წარმოგიდგენთ ყველა იმ მოთამაშესა და მწვრთნელს, რომლებმაც იასპარეზეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში.

ნაწილი X - როგორ მოვიქცეთ, როცა კარი ჩაგვეკეტება, გასაღები კი შინ დაგვრჩება?
საქართველოს ნაკრებში 20-წლიანი კარიერა ჰქონდა ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც ბოლო შეხვედრა 2018 წლის თებერვალში გერმანიის წინააღმდეგ გამართა. მან უცხოური კარიერა სლოვენიაში დაიწყო, სადაც ირაკლი კეიდიასა და დავით უგრეხელიძესთან ერთად 1999 წელს ჩავიდა. ამჯერად სწორედ ამ სამ კალათბურთელზე გიამბობთ,
გიორგი მარკოიშვილთან და დავით მუშკუდიანთან ერთად.

- ეროვნულ ნაკრებში პირველად ლევან მოსეშვილმა მიმიწვია. ახლაც მახსოვს, როგორ მიხაროდა. მწვრთნელები, ლევან მოსეშვილი და ზურაბ ტომარაძე ახალგაზრდებს, ბოისას, მე, ფაჩულიას ბოლომდე გვენდობოდნენ, პირველივე შესარჩევ ციკლში სასტარტო შემადგენლობაში გვათამაშებდნენ, - გვითხრა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელიც სლოვენიიდან მალევე გადავიდა იტალიაში.

2002 წელს იგი NBA-ს დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აირჩია და 2004 წელს საქართველოში NBA-ელის სტატუსით ჩამოვიდა. სწორედ 2004-ში დავიწყეთ სვლა ელიტისკენ: ფიბა-ევროპამ ნაკრებები ორ დივიზიონად გაყო. საქართველო B ეშელონში მოხვდა და 2009-მდე A დივიზიონში მოხვედრა ვერ მოახერხა.

2009 წელს ჯგუფში შვედეთს, ირლანდიას, ლუქსემბურგსა და სლოვაკეთს ვაჯობეთ, პლეი-ოფში ბელარუსს მოვუგეთ და ელიტაში შევაღწიეთ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატებზე. ნიკა ცქიტიშვილი ნაკრებს ორ ევრობასკეტზე დაეხმარა - 2011 და 2013 წლებში…

"სკიტას" ისტორიული მატჩი ჰქონდა ევრობასკეტ 2011-ზე მაკედონიის წინააღმდეგ - 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. განსაკუთრებით შედეგიანი ბოლო წუთებზე იყო და უკანასკნელ წამზე ბო მაკალებს ორქულიანი რომ არ ჩაეგდო, პლეი-ოფში გასვლისკენ დიდ ნაბიჯსაც გადავდგამდით და ცქიტიშვილის გარჯაც სულ სხვაგვარად დაფასდებოდა.

2013 წლის ევრობასკეტის შემდეგ ნიკამ აზიაში წარმატებული კარიერა აიწყო, თუმცა ნაკრებში ოთხწლიანი პაუზა ჰქონდა. ცქიტიშვილი ეროვნულში 2017 წელს ილიას ზუროსმა მიიწვია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი გამართა და კვლავ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელად იქცა.

- ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს გადაჩვეული ვიყავი, - აღნიშნავს ნიკა. - კლუბებში ვიკლავდი თამაშის წყურვილს, ეროვნული გუნდიდან თითქოს გამრიყეს. არაერთ კლუბში ვითამაშე, ძალიან მაფასებდნენ, გულშემატკივრებშიც მოვიპოვე პატივისცემა. ეს ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შინ, შენიანებში ხარ, ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშობ და მათგან გრძნობ სიყვარულს. დამიჯერეთ, სასწაული შეგრძნებაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირი ტრამვა სტეფანიას ბულგარეთთან თამაშის წინ არ მიუღია უბრალოდ დაეზარა ამხელა მანძილზე მგზავრობა და ტრამვა მოიმიზეზა.ის ყოველთვის პირადი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და ნაკრები არაფერში ანაღვლებდა.აი ბერძენიშვილზე კი ნამდვილად დამწყდა გული,რომ ბულგარეთში ვერ ჩავიდა.ეს გოლიათური აღნაგობის თუ არ ვცდები 2,12მეტრის სიმაღლის კალათბურთელი კარიერაში მეტს იმსახურებდა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული