საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი

AutoSharing Option
#Sixth_Man

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უნიკალური წინახაზი (გაგრძელება).

წინა სტატიაში მიმოვიხილე გუნდის 4 და 5 ნომრების მოედანზე მოქმედების შესაძლო სცენარი, თუმცა არსებობს ასეთი ვარიანტიც, რომელიც ცალკე მიმოხილვას იმსახურებს:

SF - თორნიკე შენგელია
PF - სანდრო მამუკელაშვილი
C   - გოგა ბითაძე

აქ ჩვენ, ფაქტობრივად, ვხედავთ 3 ნომერზე მდგარ თანამედროვე სტილის ნომინალურ 4 ნომერს, რომელიც ევროპული კალათბურთის 3 ნომრობას უპრობლემოდ შეძლებს და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მდგარ NBA-ს ახლანდელი სტანდარტების ცენტრს (არ გაგიკვირდეთ, სანდრო კოლეჯშიც 4-ზეა, მაგრამ ეგეთ რესურსს NBA-ში აუცილებლად ცენტრზე გამოიყენებენ).

როგორ
წარმოგიდგენიათ ასეთი გუნდის შეტევა? ჩემს აზრს გეტყვით. წინა სტატიაში წერია, რომ გოგას მოძრაობა არის გასაღები, შენგელიამ შეძლოს პენეტრაცია. ეს არ შეიცვლება ამ შემთხვევაშიც, პირიქით, ამ ძალიან სწორ და ბრწყინვალე სტრატეგიას კიდევ ერთი კარგი ინდივიდუალისტი ემატება მამუკელაშვილის სახით. მას დაზღვევაც შეუძლია, სროლაც და პენეტრაციაც.

დაცვა და სისწრაფეც კი არ გვაქვს ბარიერად, რადგან ევროპული გუნდების უმრავლესობას ამ სამეულით თავისუფლად ,,ვუქაჩავთ", მაგრამ საინტერესო წინაღობას ვაწყდებით უკანახაზში.

როდესაც, რეალურად, სამი წინახაზელით აკომპლექტებ ძირითად ხუთეულს, აუცილებლად გჭირდება 1 და 2 ნომრებზე გყავდეს, ფაქტობრივად, 2 გამთამაშებელი. სულ წინახაზი ვერ იქნება შეტევაზე ორიენტირებული. გარდა ამისა, მხოლოდ 1 კალათბურთელის დრიბლინგით ვერაფერს ვიზამთ. პლუს, ეს დრიბლინგი უნდა იყოს სწრაფი და Hand To Hand-ით გამყარებული, რადგან წინახაზელების ხსენებული სტრატეგია ამ ყველაფრის გარეშე ვერ იმუშავებს.

დარწმუნებული ვარ, ასეთი ,,დაბლები" დაალაგეთ გონებაში:

PG - გიორგი ცინცაძე
შG - მაიკლ დიქსონი (ან თედ მაკფადენი)

სავარაუდოდ, ილიას ზუროსი ასეც იზამს, მაგრამ ცინცაძე სწრაფ დრიბლინგსა და ეფექტურ Hand To Hand-ებში? მისი დიდი პატივისცემის მიუხედავად, აქ მას ვერ ვხედავ. ბუ არის კლასიკური სტილის გამთამაშებელი, რომელიც ხშირად ჩერდება მეტოქის პერიმეტრთან ბურთით და იქ ალაგებს შეტევას. ამ დროს იძულებულია მთელი ნაკრები დამოკიდებული იყოს იმპროვიზაციაზე, რაც ამხელა გუნდის მთავარი პლუსი ნამდვილად არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იდეალური სტრატეგიის შესაძლებლობა გვაქვს.

მაშინ რა უნდა ქნას მწვრთნელმა? მე ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს ზუროსის უშუალო პრეროგატივაა, მაგრამ ფაქტია, საჭიროა ცინცაძის ძირითადში ჩანაცვლება ისეთი უკანახაზელით, რომელიც, ნატურალიზებულ წევრთან ერთად, სწრაფად და შეთანხმებულად იმოძრავებდა, მათ შორის - დაცვაშიც, თუნდაც, გიორგიზე გამოუცდელი იყოს, რადგან, ვფიქრობ, პრიორიტეტი სწორი სისტემა უნდა იყოს და არა - შაბლონური ინდივიდუალიზმი.
ბუს თავისი საპატიო ადგილი ყოველთვის ექნება ნაკრებში და სულაც არ იქნება პრობლემა, თუ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

მოკლედ, სწორი მენეჯმენტი და ჩათვალეთ, საერთოდ, არც ერთ ევროპულ გუნდზე ნაკლები არ იქნება საქართველოს ნაკრები Eurobasket-ზე.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული