ზუროსმა ფინეთში გასამართი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე (იხილეთ სტატიის ბოლოს) სრული
შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდის საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

ბექა ბურჯანაძე: “უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ უფრო გამიუარესდა სიტუაცია. ამ ვირუსის გამო გადადებული თამაშები კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი თამაში მოგვიწია. 4-5 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ და ასეთ დატვირთვას ჩემმა მუხლმა ვერ გაუძლო. ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას.

გიორგი ცინცაძე: “არაბთა გაერთიანებუილი საამიროების ჩემპიონატი არ ჩერდება და ნაკრებში რომ წამოვიდე, უმეტესი თამაშების გაცდენა მომიწევს. რეგულარულ ჩემპიონატში სულ 8 მატჩია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შემოსვლისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს, 5-6 მატჩის გაცდენა მომიწევს, რაზეც გუნდი თანახმა არაა”.

მიხეილ ბერიშვილი: “ყატარის ჩემპიონატში კვირაში 2-3 მატჩი ტარდება და ნაკრებში წასვლით, საკარანტინე პერიოდის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი შეხვედრის გაცდენა მომიწევდა. ამის გარდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში უკან დროულად, ან საერთოდ ვერ დავბრუნდე. საბუთების მოგვარება იქნებოდა დიდი პრობლემა და გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სანაკრებო ფანჯრისას მომეცემა საშუალება, ჩვენს გუნდს დავეხმარო”.

რაც შეეხება დუდა სანაძეს, რომელმაც ახლახან ყატარულ “ალ ხორთან” გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ცოტა ხნის წინ გამომიჩნდა ყატარის ჩემპიონატის გუნდის ვარიანტი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. მართალია, ევროპულ კლუბში გადასვლის სურვილი და რამდენიმე ვარიანტიც მქონდა, თუმცა ყატარულმა “ალ ხორმა” კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გადავწყვიტე, გადავსულიყავი. აქაური რეგულაციების თანახმად, 7 დღე სასტუმროში უნდა ვიყო, შემდეგ 7 დღეს კი უკვე ბინაში, თვითიზოლაციაში გავატარებ. ამის გამო ვერ ვახერხებ ფინეთში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩასვლას”.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის “კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და “რუეილის” წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური ბაბლის მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
თითქოს ხო განაღდებული გვაქ საგზური, მარა მე თუ მკითხავთ უნდა ვეცადოთ გამსვლელ ადგილზე გავიდეთ, რადგან მე მეშინია ამ პანდემიის და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო შეიძლება საერთოდაც ვერ ვუმასპინძლოთ ევრო ბასკეტს.
hhh
23 ნოემბერი 2020 16:46
0
მამუკელაშვილი? რატო არაფერს წერენ ან იძახიან ამ ბიჭის არ ყოფნაზე?

ისე შენგელია, ბითაძე, შერმადინი, მამუკელაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე + მაგარი ნატურალიზებული და + მაქსიმალურად საჭირო მოთამაშეები (ცინცაძე, ბოქოლიშვილი მაინც ყველა შემთხვევაში) რომლებიც შემადგენლობას არათუ შეავსებენ არამედ თავის სიტყვას იტყვიან და ნაკრებს მაქსიმალურად გამოადგებიან და ძალიან კარგი ნაკრები გამოდის ევროპისთვის...

წარმატებები ბიჭებო...
Gss31
23 ნოემბერი 2020 03:11
1
მართლაც რატომ ხდება ასე, რომ სანაკრებო შეკრების წინ გინდა ფეხბურთში, გინდა კალატბურთში ან სპორტის ნებისმიერ სხვა სახეობაში, ქართველი სპორტსმენები იწყებენ ჭირვეულობას, ზოგს მუხლი სტკივა, ზოგს საჯდომი, რა ხდება, რატომ ვერ უკეთებთ სანაკრებო რესურს მობილიზაცის, იმიტომ რომ გიჟ ვრაცუები ვართ?!..არა რა! მაგარი დაბდურა ხალხი ვართ, არაფრის ღირსები, იმიტომაც გამოგვისვეს ფეხბურთში, ახლა რაგბისტებს უგლაჯუნებენ, მოკლედ დარხეული აქვს ქართულ სპორტს და ზოგადად საქართველოს...აბჟანდაძემ (მოქმედმა რაგბისტმა)თქვა: -ყოველი წაგების შემდეგ ვიზრდებითო, ისემც ...
korona de ezugbaia
23 ნოემბერი 2020 00:19
13
თოკო ესპანეთში მაგარ ფორმაში იყო, რუსეთში ცუდ ფორმაშია, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რუსეთში მოთამაშე სპორტსმენი რამეში გამოგვდგომოდა. მთელი გუნდი დამოკიდებულია მაკფადენზე და შერმადინზე. ფაქტიურად ორი კაცით ვეთამაშებით მეტოქეებს. სპორტი ჯამრთელობაა, საქართველოს შემთხვევაში კი სულ ავადმყოფობა.
დაT
22 ნოემბერი 2020 21:33
8
ჰე, მოაღეთ ახლა პირი და აგინეთ თოკოს. სხვა რომელი სპორტსმენი იცით, კონტრაქტში საგანგებო პუნქტად სანაკრებო მატჩების პრიორიტეტი რომ უდევს? ყატარში თამაში და ნაკრების იგნორი ჯობია სანაკრებო მატჩებისთვის ევროგრანდში მზადებას?
ცოტნე
22 ნოემბერი 2020 19:57
3
ნაკრებში კარგი თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოისყიდის მაგის რუსული არმიის ფორმით თამაშს, ნაწილობრივ მაინც, თუ კაცობა ეყოფა დაუთმოს კაპიტნობა გიო შერმადინს, რომელსაც ყველანაირად ეკუთვნის ეს სამკლავური. თამაშითაც და კაცობითაც.
არტ
29 ნოემბერი 2020 00:23
0
ღმერთმა ყველას უშველოს, მარა რატომ ხდება ისე, რომ ყველას სანაკრებო შეკრების დროს უჩნდება პრობლემები თავიანთ კლუბებში?D
hhh
22 ნოემბერი 2020 19:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული