ტრადიციულად, კენჭისყრაში მონაწილე გუნდები კალათებში განითესნენ. ევრობასკეტ 2022-ში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ბოლო წლებში დამკვიდრებული ფორმატის შესაბამისად, 4 ჯგუფში გადანაწილდებიან.
ევრობასკეტის თითოეულ მასპინძელს აქვს შესაძლებლობა, პარტნიორი ქვეყანა (ფედერაცია) აირჩიოს, რომლის ნაკრებიც ამ ქვეყანაში ჩატარებულ ჯგუფში იასპარეზებს. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე, მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა. პარტნიორი ქვეყანა უკვე აირჩიეს გერმანიამ (ლიეტუვა) და ჩეხეთმა (პოლონეთი). საქართველო და იტალია პარტნიორს მალე დაასახელებენ.
მონაწილე გუნდები კალათებში კომპანია NIKE-ის მიერ წარმოდგენილ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად განითესნენ. საქართველო, როგორც ევროპულ რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი, მე-4 კალათაში აღმოჩნდა უკრაინასთან, გერმანიასთან და ფინეთთან ერთად. უძლიერეს კალათაში მოხვედრილი ოთხეული ასე გამოიყურება: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
GBF