საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.
მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა. თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.
შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.
აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.