ვარჯიში კეჩკემეტში და ილიას ზუროსის სლოვენიური შეკრების შეფასება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს ქალაქ კეჩკემეტში, მესი იშტვანის სახელობის საკალათბურთო დარბაზში, სადაც როგლიდან ჩასვლის დღეს პირველად ივარჯიშა. მიუხედავად სლოვენიიდან უნგრეთამდე ხანგრძლივი მგზავრობისა, ილიას ზუროსმა ჩვენი ნაკრები კეჩკემეტში ჩასვლის დღეს მაინც ავარჯიშა, თუმცა ეს იყო საკმაოდ მსუბუქი, აღდგენითი ვარჯიში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.

მოთამაშეები ძირითადად მოთელვებითა და სროლებით შემოიფარგლნენ. ტაქტიკასა და კომბინაციებზე ვარჯიშს ზუროსმა ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დაუთმო. სლოვენიაში გავლილი 10-დღიანი შეკრებისა და უნგრეთამდე მგზავრობის შემდეგ ნაკრების კალათბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებათ და სამწრთნელო შტაბმა ასევე
გააუქმა თამაშის დღეს, 5 აგვისტოს დილის ვარჯიში და მოთამაშეებს სასტუმროს ფიტნეს-ცენტრში ტრენაჟორებზე ფიზიკური ფორმის ამაღლების საშუალება მიეცათ.

შესაბამისად, დღეს ჩვენი კალათბურთელები საღამომდე დაისვენებენ და საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00), უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლის შემადგენლობაშიც დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და ძლიერი უნგრელი კალათბურთელი ადამ ჰანგაც იქნება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის შემადგენლობას, უნგრეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში ეს კალათბურთელები იქნებიან:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას უნგრული არხი M4 Sport განახორციელებს.

აქვე გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის სლოვენიური შეკრების შეფასებას:

"დღეს ჩვენ დავასრულეთ მომზადება სლოვენიაში და ვართ ძალიან კმაყოფილები, რადგან მოთამაშეები აკეთებდნენ თავიანთ მაქსიმუმს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული სახის, გამოსწორებადი პრობლემები. ძნელია შევაფასოთ გუნდი ასე ადრიანად. ჩვენ დავიწყებთ ამხანაგურ მატჩებს და ვნახავთ, რას გავაკეთებთ არასწორად და რა გვექნება დაცვასა და შეტევაში გამოსასწორებელი. ასე გავაგრძელებთ ევრობასკეტისთვის მზადებას.

ძალიან კმაყოფილი ვარ მოთამაშეთა მონდომებით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პირობებით, რაშიც ვიყავით ამ შეკრების განმავლობაში. ყველაფერი იყო კარგი. ასე უნდა გავაგრძელოთ და იმედი მაქვს, მოთამაშეებიც შემოგვემატებიან. ვგულისხმობ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ნბა-ს შეზღუდვების გამო ჩვენთან სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა. გოგა ბითაძეც არაა ჩვენთან და არ ვიცით, როგორ იქნება მისი საქმე ტრავმიდან გამომდინარე. მას აწუხებს მუხლი და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა. წინ ამხანაგური მატჩებია, რომლებშიც ჩვენ არ ვფიქრობთ შედეგებზე, არამედ ჩვენი მიზანია გუნდის განვითარება და როგორც დაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალის გაძლიერება".
მკითხველის კომენტარები / 2 /
M4 Sport რას ნიშნავს ბედოვლათი საზმაუ არა?
ილია
17:10 05-08-2022
0
ალბათ შემოგვიერთდებიან რას ნიშნავს? ბითაძეს კაი, მარე მამუკელაშვილზე რაა საალბათო?
რრრ
17:09 05-08-2022
0

სიახლეები პოპულარული