მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!
ხალხო, მეც ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. ესეთი ბრძოლის შემდეგ ბიჭებს ეკუთვნით მადლობა და ზეიმი. მაგის დროც მოვა, აგვისტომდე არის დრო.
მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა!
განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !