მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეების სია 11 ნაკრებამდე შემცირდა

AutoSharing Option
29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ დღეს განთესვის კალათები გამოაქვეყნა, რომელიც NIKE-ის მსოფლიო რეიტინგზეა დაფუძნებული.

მუნდიალის მონაწილე 32 ნაკრები 8 კალათაში შემდეგნაირად განითესა:

I — კალათა: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია.
III — კალათა: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია.
V — კალათა: ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია.
VII — კალათა: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოდ დ’ივუარი.

—————————————————————————————

II — საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა.
IV —
კალათა: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო.
VI — კალათა: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო.
VIII — კალათა: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაპო ვერდე.

განთესვის კალათები ლუწ-კენტად იმის გამო გავყავით, რომ სწორედ ამ თანწყობით გაიმართება წილისყრა და შედგება მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფები. ანუ 32 მონაწილე ორად გაიყო: ერთ მხარეს პირველ, მესამე, მეხუთე და მეშვიდე განთესვის კალათაში მოხვდრილი 16 ნაკრები, ხოლო მეორე მხარს -მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე კალათებში მყოფი 16 ნაკრები. სწორედ ამ მეორე 16-ეულში მოხვდა საქართველო, რომლის სავარაუდო მეტოქეებიც თვალნათლად ჩანს.



II კალათიდან შესაძლებელია ნებისმიერი ნაკრები (სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი) შეგვხვდეს.
IV კალათიდან მონტენეგროს გარდა ნებისმიერი (კანადა, ვენესუელა, პუერტო რიკო) შეგვხვდება.
VI კალათაში ჩვენი ნაკრებია და ცხადია, აქედან არავინ შეგვხვდება.
VIII კალათიდან ოთხივე ნაკრები შესაძლოა, ჩვენი მეტოქე გახდეს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ მონტენეგრო ჩვენი მეტოქე ვერ იქნება, რაც იმ ერთ-ერთი შეზღუდვის გამოა, რომლებიც ფიბა-მ კენჭისყრისთვის ბლომად დააწესა. ამ შეზღუდვებს ძირითადად საფუძვლად გეოგრაფიული ასპექტები უდევს. განთესვის კალათების ჩვენს ოთხეულში ბევრი ევროპული ქვეყანაა (ერთი კალათა მთლიანად ევროპული ქვეყნებისგანაა დაკომპლექტებული), რის გამოც ამ კონტინენტის 3 ქვეყნის ერთად მოხვედრა გამორიცხულია. პირველი (საერთო ნუმერაციით მეორე) კალათიდან ყველა ვარიანტში ევროპული ქვეყანა ამოვა. შესაბამისად, იმ ჯგუფში, რომელშიც მონტენეგრო მოხვდება, მესამე ევროპული ქვეყანა, საქართველო ვეღარ ითამაშებს.

აქ არ შევჩერდებით იმ შეზღუდვებზე, რომლებიც სხვა კონტინენტებს ეხება და რომლის შესაბამისად, ჩინეთი და ლიბანი ერთად ვერ მოხვდებიან, ასევე ბრაზილია და ამერიკა და ასე შემდეგ…

ქართველი გულშემატკივრებისთვის მეორე ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც ჩვენი ჯგუფის ლოკაციას ეხება, კვლავ ღიად რჩება. ანუ საქართველოს ნაკრები შესაძლებელია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ სამივე ქვეყანაში მოხვდეს, თუმცა მეტნაკლები პროცენტულობით. ყველაზე დიდი შანსია (50%) ფილიპინებში მოვხვდეთ, ხოლო იაპონიასა და ინდონეზიაში წასვლას თანაბარი შანსები (25-25%) აქვს.

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს. E დაF ჯგუფები იაპონიაში ითამაშებენ, ხოლო G და H ჯგუფები – ინდონეზიაში. იმ განთესვის კალათებიდან (II, IV, VI, VIII), რომელშიც საქართველოა, 29 აპრილის წილისყრის შედეგად მსოფლიოს ჩემპიონატის B, D (ორივე ფილიპინები), F (იაპონია) და H (ინდონეზია) ჯგუფები შედგება.

ცნობილია, რომ თუ პირველი კალათიდან სლოვენია შეგვხვდება, იაპონიაში ვითამაშებთ, რადგან იაპონელებს პარტნიორ ქვეყნად სწორედ სლოვენია ჰყავს არჩეული. გავაგრძელოთ პარტნიორი ნაკრებების თემა და აღვნიშნოთ, რომ ამერიკა ფილიპინებში მოთამაშე 4 ჯგუფიდან ერთ-ერთში იქნება, ხოლო კანადა ერთ-ერთ ინდონეზიურ ჯგუფში განთავსდა.

ეს რაც შეეხებოდა საქართველოს, ხოლო წილისყრის ყველა დანარჩენი პრინციპი ფიბა-ს მიერ შექმნილ ინგლისურენოვან ვიდეო-რგოლშია წარმოდგენილი, რომელიც წერილის ბოლოს არის წარმოდგენილი.

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილას Araneta Coliseum-ში, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. თავად მსოფლიოს ჩემპიონატი კი სტარტს მიმდინარე წლის 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიწყებენ ახლა თუ გაგვიმართლა გავალთ 100 % ით ....არ გაგვიმართლა და მაქსიმუმს დავდებთო...რითი მაინტერესებს ბებრებით ბითაძე და მამუკელაშვილი დანარჩენები ვიქნები...შერმადინი იმიტომ აგდებს რომ კარგი უკანახაზელი ყავს...ჩვენ ვინ გვყავს მაკფადენი....და საერთოდ ზურუსი რატო გვყავს.ასე ვერ გაფრინდება.დიდი დროა იმისთვის რომ ახალი სახეები ვიხილოთ და მოამზადონ
აბდულაი
19:41 22-04-2023
11

სიახლეები პოპულარული