საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

AutoSharing Option
საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ნანა მჭედლიძის შესანიშნავი ფილმის, „პირველი მერცხალის“ ფინალური სცენა გამახსენდა, როდესაც ქართველი ფეხბურთელები „აბა ულას“ მღერიან. ეს რაღაც განსაკუთრებულია, გაუტეხავი სულის გამოხატულებაა, ბრძოლის უნარის, დამარცხების მერე ფეხზე წამოდგომის და მიზნის მიღწევის. გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და რაოდენ სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი პენალტი აფხაზეთიდან დევნილმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, რომელიც თანანაკრებელებთან ერთად ნამატჩევს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან მივიდა და სკანდირებდა: „აფხაზეთი საქართველოა!“, „სამაჩაბლო საქართველოა!“. საქართველოა და მერე როგორი საქართველოა...

უსაშველოდ გაიწელა შეხვედრის დაწყება, დრო თითქოს მიიზლაზნებოდა; შიშის გრძნობაც არსებობდა, რომ ჩვენი ბიჭები
ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ. გაუძლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. მეტოქეს არაფერი დაუთმეს და გამოჩნდა მწვრთნელის, ვილი სანიოლის სტრატეგიის, ტაქტიკის და შერჩეული შემადგენლობის მართებულობა. თერთმეტმეტრიანების სერია ლატარიაა, შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, განა ფეხბურთელებზე აუგი დაგვცდებოდა. ისინი ხომ ბოლომდე დაიხარჯნენ, სული, გული ჩადეს თამაშში, გააკეთეს, რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ. ყველა ქების ღირსია, ვინმეს გამოყოფა არ შეიძლება. დაცვაც კარგად გაისარჯა, მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მისცეს მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება, თუმცა წარმოუდგენელია ასეთ მოწინააღმდეგეს 120 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცეს შანსი. ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ძლიერებს უმართლებთ და ფეხბურთის ღმერთიც ჩვენ მხარეს აღმოჩნდა.

Sportall.Ge

არ მინდა, ვინმე გამოვყო, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოდ ლაშა დვალმა და გიორგი ქოჩორაშვილმა გამაკვირვეს. საბა კვირკველიას სასტარტოში არდაყენებას სულ ტყუილად უკიჟინებდნენ სანიოლს. როგორც კი დავინახე პირველ ვარჯიშზე, როგორ ფორმაში იმყოფებოდა, მასში ეჭვი არ შემპარვია. აქვს ხოლმე სეზონის დასაწყისში გარკვეული პრობლემა, თუმცა მწყობრში ჩადგომისთანავე ისევ ძველი საბა ხდება. გიორგი მამარდაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ხოლო ასაკის, სიმაღლის და უნარების გათვალისწინებით, საუკეთესოც შეუძლია გახდეს. გიორგი ჩაკვეტაძეზე ბევრს ჩაქნეული ჰქონდა ხელი, რადგან მძიმე ოპერაციების შემდეგ მისი დაბრუნება თითქოს წარმოუდგენლად მოჩანდა. დაბრუნდა, ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდა და მისგან შემდგომ პროგრესირებას ველით.

ცალკე საუბრის თემაა ხვიჩა კვარაცხელია. ზოგიერთი რატომღაც თვლის, რომ კარგი მატჩი არ ჰქონდა, რასაც აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მეურვეები, სამ მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა, კონსტანტინოს ციმიკასი კი მსაჯს, შიმონ მარჩინიაკს აუცილებლად უნდა გაეძევებინა. ბერძენმა კვარაცხელიას მწყობრიდან გამოსაყვანად პირველ ტაიმში გამიზნულად და არა უნებურად ჩაარტყა იდაყვი სახეში. თქვა ელადელების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა, რომ უკვე საწყის წუთებში მისი სამი მცველი გაფრთხილებული და „გაწითლების“ საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და ამანაც შეუზღუდათ მოქმედების საშუალება. ხვიჩას მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი წნეხის ქვეშ ჰყავდა და ისინი შეტევებში სრულფასოვნად ჩართვას ვერ ახერხებდნენ.

Sportall.Ge

ალბათ, ყველა ჩვენგანმა ძალიან ინერვიულა, კინაღამ გამისკდა გული (ერთი პირობა შემეშინდა, ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნოდა), მაგრამ ეს გამარჯვება ამად ღირდა. მადლობა ფეხბურთელებს და განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენი გოგო-ბიჭები, როგორც ყოველთვის, განუმეორებლები იყვნენ. იცით, მგონია, საკუთარ თავს სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე. ერთ ამბავს გავიხსენებ - საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე უეფას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ტურნირი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ჩვენთან გაიმართა. ხალისიანი, გარეგნულადაც ლამაზი მაყურებლები მგზნებარე ქომაგობით სტადიონზე რაღაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან და მახსენდება ლამის დავიწყებული გამონათქვამი, რომელიც, შესაძლოა, ზოგს გადაჭარბებულად მიაჩნია - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". ვართ, ბატონებო და ქალბატონებო, ოღონდ ხანდახან და ამ „ხანდახან“-ის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ძალიან, ძალიან მცირერიცხოვან ვაიგულშემატკივრებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ყოველთვის საუკეთესონი ვიყოთ, ისეთები, როგორებიც ბოლო ორი თამაშისას ვიყავით.

ამ გამარჯვებას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ახალი მუხტის შეძენა ძალუძს. უნდა გითხრათ, არც ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით მთლად უშანსოდ და ბრძოლას გერმანიაშიც ყველას გავუმართავთ. "აბა ულა", საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მიემგზავრება - ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვილი სანიოლმა თავის საერთო კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ზურა
27 მარტი 2024 18:58
1
მიხედეთ დინამო თბილისს არანაკლები ზეიმი იქნება ქალაქში და ქვეყანაში რაც გუშინ ვნახეთ. გახარებული და გაერთიანებული ქართველები. ფეხბურთი სპორტზე მეტია. იზრუნეთ ამ კლუბზე რომ იშვიათი მოვლენა არ იყოს საფეხბურთო ზეიმი ქვეყანაში და აქ ჩამოდიოდნენ ევროპული კლუბები და მათთან გამარჯვებას ვზეიმობდეთ
რაბუ
27 მარტი 2024 18:48
0
რუსეთი ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ამით ის მტკიცდება რომ უკრაინა მაგარ პონტებშია, რუსეთი კი იძირება. ხო კარგი ვხუმრობ. საქართველო მართლა მაგარი ქვეყანაა, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და ამ ტერმინის მოწინააღმდეგენი უმეტეს წილად მხოლოდ ქართული იდენტობის მოზიზღე ტიპები და ტიპშები იყვნენ.
აკაკი
27 მარტი 2024 18:52
1
ავტორს.ავტორ,გამოდი რას იმალები?!ამ ბოლო დღეებში,ორი ისეთი შესანიშნავი სტატია გამოაქვეყნე, აღტაცებული დავრჩი.დააწერე შენი სახელი რომ ვიცოდეთ,ვინ არის კიდევ ერთი კარგი სპორტული ჟურნალისტი და პიროვნება.
სოსო
27 მარტი 2024 18:36
2
როცა სტატიას ავტორი არ უწერია, ე.ი. ავტორი ან გამოცემის რედაქტორია, ან მთლიანად რედაქციის სახელითაა გამოქვეყნებული.
სოსო-ს
27 მარტი 2024 19:59
0
საერთო აზრის გამომხატველ სტატიასაც კონკრეტული პიროვნება წერს.სამწუხაროა,ვინაობის გამჟღავნება რომ არ გსურთ.მიიღეთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა და უფრო ხშირად წერეთ.თქვენ ჟურნალისტებს მუდამ ამას ვთხოვ,ხშირად უაზრო და იაფფასიანი უცხოური სტატიების გადმობეჭდვას,თქვენი საკუთარი ნააზრევი მოგვაწოდოთ,გირჩევნიათ მეთქი.რას კარგავენ?ჰო და თქვენც დაამტკიცეთ,რომ კარგად წერა და ანალიზი შეგიძლიათ.დაე უცხოელებმა გადაბეჭდონ, სპორტალის სტატიები.როცა ფიქრობ,ვითარდები კიდეც.თუ რედაქტორი ხართ,თქვენც დაინტერესებული იქნებით,თანამშრომელთა განვითარებით.ვფიქრობ ცუდი აზრი არ არის.დასპეციალდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაზე,წერონ,ხელი გაიწაფონ,ჩაუღრმავდნენ ამ სახეობებს,წერონ საჭირბოროტო საკითხებზე,საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა.საიტიც განვითარდება და მკითხველიც უფრო კმაყოფილი დავრჩებით.წარმატებებს გისურვებთ!
სოსო
27 მარტი 2024 20:56
2
გაიხარე, მიმომხილველო. ზუსტი შეფასებები და ნორმალური ადამიანის სურვილები გაქვს. მართალი გითხრა, მეგონა ერთ ბურთს მაინც გაგვიტანდნენ, და სულ მცირე 2 ბურთის გატანისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად, და სათამაშო სქემაც შესაბამისად უნდა აგვეწყო, მაგრამ სანიოლი მართალი აღმოჩნდა, რასაც გულწრფელად ვულოცავ!
გიორგი
27 მარტი 2024 18:43
0
კვეკვესკირზე ხმა არ გავიგო ყოველთვის კარგი ბიჭი იყო პიროვნულად და აგერ შეასრულა განსაკუთრებული ბიჭია.
X
27 მარტი 2024 19:51
3
ნამდვილად, ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! წინ, კიდევ ბევრი, დიდი გამარჯვებები გველის!
ვახო...
27 მარტი 2024 21:21
0
ეს ყველაფერი კარგი!!კიდევ უკეთესი იქნებოდა,თუ ლევან შენგელიას ჯანმრთელობას მოიკითხავდით.უდიდესი დამსახურება მიუძღვის ამ ბიჭს ნაკრების წარმატებაში.ნუთუ არავინ არ იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.კაცს ისედაც გაუხარდებოდა მოკითხვა.
ჯანაშია ვაგნერი.
27 მარტი 2024 21:10
2
100% აბა რაა
Levani
27 მარტი 2024 18:49
0
ლევან შენგელიას, კოჭ-წვივის მცირე მოტეხილობა აქვს, სერიოზული არაა, რამოდენიმე კვირაში მწყობრში იქნებაო. ჩემი უღრმესი პატივისცემა და სიყვარული მას, უმაგრეს ქართველს, ამ გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 მარტი 2024 23:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული