ნაკრები ტრენტოში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა
ტრენტოში ნაკრები 21 ივნისს, ნაშუადღევს ჩავიდა და სასტუმრო Best Western Adige-ში დაბინავდა. ეს გახლავთ ტრენტომდე ორიოდე კილომეტრით მდებარე სასტუმრო, სადაც სერია A-ს კლუბები ჩერდებიან, როცა ტრენტოს გუნდთან სათამაშოდ ამ ქალაქში ჩამოდიან. სადილობისა და დასვენების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრები ტრენტოს Quiditiano Arena-ზე ავარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში 10-დღიანი შეკრება გაიარა, საიდანაც ტრენტოში პირველი ამხანაგური მატჩის გასამართად ჩავიდა. საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. იტალიელებს ოკეანგაღმა, პუერტო რიკოში უწევთ თამაში, სადაც რიგის მსგავსად 6 ნაკრები შეიკრიბება და ოლიმპიადის 1 საგზურს გაითამაშებს.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).
გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ჯგუფის მატჩებს 2 ივლისს მასპინძელ ლატვიასთან, ხოლო 4-ში – ფილიპინებთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ შეკრებას ლატვიაში გააგრძელებს, სადაც 24 ივნისს, იტალიიდან ჩავა. ქალაქ იურმალაში საქართველო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28-ში ეგვიპტესთან.
GBF.GE