1. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სჯობნის გუნდებს, რომლებსაც მთავარ იმედად კარგი ცენტრები ჰყავთ. უკრაინა სწორედ ასეთია, პუსტოვოის ეიმედება.
2. ჩვენი გუნდის დამარცხება ძალიან უჭირთ მათ, ვისაც პერიმეტრიდან კარგი მტყორცნელები არ ჰყავთ. უკრაინაში ნამდვილად არ თამაშობენ თუნდაც მარკოიშვილის, სანაძისა და დიქსონის დარი სამიანების რეალიზატორები.
3. საქართველოს ნაკრების ხუთეული უკრაინელებზე გაცილებით მაღალი კლასისაა, ბოლო წლებში რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერ მოვუგეთ. 2011 წლის ევრობასკეტზე სწორედ უკრაინის ძლევით მოვიპოვეთ მომდევნო ეტაპის საგზური.
თუმცა მატჩის წინ რაც ლოგიკა გვეგონა, სულ სხვა რამ აღმოჩნდა:
1. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად ვერ აჯობა წინა ხაზში პუსტოვოის იმედად მყოფ უკრაინას. ბურთი სულ 29-ჯერ მოვხსენით. სამწამიანი ზონიდან 34 ქულა მივიღეთ, 6-ით მეტი, ვიდრე ჩვენ ჩავაგდეთ.
2. უკრაინას ნამდვილად არ ჰყავს ექსტრაკლასის პერიმეტრიდან მტყორცნელები, მაგრამ თურმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთს ვერ ჩააგდებენ. მეტოქემ 27-დან 10 სამიანი გამოიყენა. ამდენი აქამდე არც უსვრია და არც ჩაუგდია...
"ჩვენმა დაცვამ უკრაინელებს მისცა ტყორცნის შანსი და მანაც გამოიყენა. ერთხელ ჩააგდეს, მეორედ და თვითრწმენა შეემატათ, მატჩის ბოლომდე თავდაჯერებით სტყორცნიდნენ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
3. მაღალი კლასის ხუთეული სულაც არ არის გამარჯვების გარანტია. უკრაინასთან მატჩისას დაცვაში რომ ვერ დავლაგდით, მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო. მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, რამაც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს საშუალება არ მისცა, სათადარიგოთა სკამი ბოლომდე გამოეყენებინა, შეხვედრის მთელმა სიმძიმემ შვიდ კალათბურთელზე გადაიარა. იმ შვიდ მოთამაშეზე, რომლებიც წინა დღეს გერმანიასთან ბრძოლაში ბოლომდე დაიტვირთნენ.
ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი:
"უკრაინამ 15-ქულიანი უპირატესობა მესამე პერიოდის დასაწყისში მოიპოვა. დიდი ენერგია შევალიეთ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მივუახლოვდით კიდეც, მაგრამ ენერგია არ გვეყო თამაშის შემოსაბრუნებლად".
ვინ უნდა გაუფრთხილდეს კალათბურთელების ენერგიას, ვინ უნდა შემოინახოს ისინი ბოლო წამებისთვის ხალასად? რა თქმა უნდა, მწვრთნელმა. საამისოდ აუცილებელია შემადგენლობის სწორი როტაცია და სათადარიგოების მეტად დატვირთვა. შარშან შესარჩევი ეტაპი რომ დასრულდა, სწორედ ილიას ზუროსმა მითხრა - ევრობასკეტზე 7 დღეში 5 მატჩი გველის, როტაციაც უნდა გაუმჯობესდეს და თამაში უფრო გამრავალფეროვნდესო.
მწვრთნელმა იგივე გაიმეორა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, თუმცა აქამდე ეს ჯერ ვერ მოხერხდა...
"ერთი დღე დავისვენებთ, ენერგია რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ, რადგან ისრაელის წინააღმდეგ კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. ამ შეხვედრის მოგება თუ გვინდა, ფიზიკურად და მენტალურად აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ".
რა გველის?
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ასევე ეფექტურად დაიწყო: გორტატიანი პოლონეთი გაანადგურა, თუმცა შემდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ევრობასკეტი ერთი გამარჯვებით დაასრულა.ასეთი შედეგის წარმოდგენა ნამდვილად არავის სურს...
ევრობასკეტი 2015-ზე საპირისპიროდ მოხდა: საწყისი სამი თამაში წავაგეთ (მათ შორის, აუტსაიდერ ჰოლანდიასთან), მაგრამ ბოლო ორი მოვიგეთ და მერვედფინალშიც გავედით. სამი ტურის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს ენერგია არასაკმარისი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ასე რომ არ იყო, ხორვატიასთან და მაკედონიასთან ეფექტურმა მოგებებმა დაგვარწმუნა.
ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს. მომდევნო მატჩი ხომ სწორედ ისრაელთან გველის - 5 სექტემბერს, 22:30 საათზე.
ისრაელის თამაშამდე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მსჯელობა ნაადრევია.
ასევე იხილეთ:
- ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო
- მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა
- რას წერენ საქართველოსთან მოგებულ მატჩზე უკრაინელები?
- ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს
ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. III ტური
3 აგვისტო, თელ-ავივი, 2100 მაყურებელი
საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე გაიგეთ სომხებმა კალათბურთის თამაში დაიწყეს აი ახლა გვენძრევა.
და აქ უკვე მოედანზე გამოსაყვანიც არ არის ნაკრების კაპიტანი ხომ?
ნარდში,ჯოკერში და კალათბურთში ერთნაირად მაგრები ხართ რაა :-)
ია სწორედ ჩვენმა კალადბურთელებმა ითამაშეს ტოტალიზატორზე.