ფრაგმენტი კარიერიდან: რატომ შეჰყურებდა ფაჩულია 2003 წლის დრაფტს გაოცებული?

AutoSharing Option
7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში ბევრი ისეთი ისტორია გაიხსენა, ქართული საკალათბურთო საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი რომ იყო. მისი კარიერა დახუნძლულია საინტერესო ამბებით, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს შემოგთავაზებთ - NBA-ში შებიჯებას, დრაფტს, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

* * *
2003 წლის 26 ივნისს ხალხმრავალი, ხმაურიანი მანჰეტენი კიდევ უფრო გახალხმრავლებულიყო. წრიული ფორმის შენობისკენ არა მხოლოდ ნიუ იორკის და ამერიკის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიეშურებოდნენ პილიგრიმები. ისინი "მედისონ სკვერ გარდენში" შეკრებილ საკალათბურთო ღმერთებს შესთხოვდნენ იღბალს, წარმატებას და დრაფტზე, რაც შეიძლება, მაღალ
ნომრად არჩევას.

თუმცა NBA-ს დედა-ღვთაებას წინასწარ მოეხსენებოდა, ვის დაედგმებოდა სამეფო გვირგვინი. მან დარბაზში თავისი კაცი კულისებიდან მოავლინა - NBA-ს კომისარი დევიდ სტერნი დინჯად მივიდა მიკროფონთან და ათი სიტყვით დაიწყო:

- პირველ არჩევანს გააკეთებს "კლივლენდ კავალიერსი", ამისთვის მას აქვს ხუთი წუთი.
ამ დრომ სკოლის დასვენებასავით ჩაიქროლა. დევიდ სტერნი:

- 2003 წლის NBA-ს დრაფტზე "კლივლენდმა" აირჩია ლებრონ ჯეიმსი!
...შემდგომში მეფედ წოდებული.

დრაფტზე მეორე არჩევანი "დეტროიტ პისტონსს" ჰქონდა - სერბი გოლიათი დარკო მილიჩიჩი აიყვანა.

ნიკა ცქიტიშვილის "დენვერ ნაგეტსის" გენერალურმა მენეჯერმა კიკი ვანდევეგემ, რომელსაც ხელთ მესამე ნომერი ეპყრა, კარმელო ენტონი გამოაცხადა.

მეოთხე - კრის ბოში.
მეხუთე - დუეინ უეიდი.
მეექვსე - კრის კამანი.
მეშვიდე - კირკ ჰაინრიხი.
მერვე... მეცხრე... მეათე...

დარბაზში მჯდომი ზაზა ფაჩულია ათეულში არჩევას არც ელოდა, იგი ერთღმერთიანი, მართლმადიდებლური საქართველოდან ჩასულიყო და NBA-ს ღვთაებათა პანთეონის იმედად სულაც არ იყო. კარგად იცოდა, როგორც განგება ინებებდა, ყველაფერი ისე მოხდებოდა. შესაბამისად, დრაფტზეც ისეთივე თავდაჯერებული მივიდა, როგორც საკალათბურთო მოედანზე გადის ხოლმე.

იმხანად ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 29 გუნდი იყო და დრაფტის პირველი წრეც, შესაბამისად 29-ზე მთავრდებოდა. 28-ე არჩევანი "სან ანტონიოს" ჰქონდა, რომლის ხელმძღვანელები დრაფტამდეც გამოხატავდნენ ინტერესს ქართველი ცენტრის მიმართ.

- 28-ე ნომრად "სან ანტონიო სპურსი" ირჩევს...

ზაზამ საყელო შეისწორა...

- "სპურსი" ირჩევს საერთაშორისო მოთამაშეს... ლეანდრო ბარბოსას, ბრაზილიიდან!

პირველმა წრემ ქართული გვარის გარეშე ჩაიარა, სტერნი კი განაგრძობდა... 30-საც ასცდა, 35-საც... 19 წლის ქართველი ჭაბუკი, როგორც თავად ამბობს, გაკვირვებული შესცქეროდა მედისონურ შოუს:

- დრაფტამდე ქართველ ჟურნალისტებსაც ველაპარაკე და ყველამ იცის, საღამოს 7 საათს როგორი ხალისით ვხვდებოდი. თუმცა დრაფტის დაწყების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა და მეც დავიძაბე. ვერ მოვიტყუები, ავნერვიულდი-მეთქი, მაგრამ გაოგნებული შევყურებდი მოვლენათა განვითარებას.

დრაფტზე ბევრი უცნაური ამბავი მოხდა, პირველ წრეში ზოგი ისეთი აირჩიეს, წინასწარ მათზე კრინტიც რომ არავის დაუძრავს. ზოგს პირიქით, დაჰპირდნენ და არ შეასრულეს. მაგალითად, ბერძენ სოფოკლის შორციანიტისს დრაფტამდე შევხვდი, მითხრა - ხუთეულში მოვხვდებიო. ხუთეულს ვინ ჩივის, 34-ე ნომრად აირჩიეს. ამერიკელები ბევრ რამეში შეცდნენ.

გული ძალიან დამწყდა? დამწყდებოდა, აბა რა იქნებოდა?! ახლაც ვთვლი, რომ პირველ წრეში არჩევას ვიმსახურებდი. არ გეგონოთ, საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად ვაფასებდე, ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა ჩემსავით.


სტერნთან ერთად თვლა განვაგრძოთ: ნომერი 34 - სოფოკლის შორციანიტისი; 35 - შიმონ შევჩიკი; 36 - მარიო ოსტინი; 37 - ტრევის ჰანსენი; 38 - სტივ ბლეიქი; 39 - სლავკო ვრანიეში; 40 - დერიკ ზიმერმანი; 41 - ვილი გრინი...

- და 42-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქი" ირჩევს... ზაზა ფაჩულიას საქართველოს რესპუბლიკიდან!

- "ორლანდო მეჯიქში" მოვხვდი? ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამ გუნდის მიერ არჩევას - არა. "მედისონ სკვერ გარდენში" მისვლამდე მე და ჩემი მენეჯერი სავარაუდო ვარიანტებს ვიხილავდით. "ორლანდო" არც მე და არც მას თავში არ მოგვსვლია. შესაძლოა, წინასადრაფტო ვარჯიშებს "მეჯიქის" სკაუტები ესწრებოდნენ, მაგრამ ჩემს აგენტს არ გასაუბრებიან. ორლანდოში შარშან ვიყავი, ერთი დღე ვივარჯიშე, თუმცა, როგორც იცით, 2002 წელს დრაფტში მონაწილეობა არ მიმიღია.

როგორ თქვა ზაზამ? ამერიკელებს რა მოუვიდათო?

- შეცდნენ. ბევრ რამეში. მათ შორის ჩემს მეორე წრეში არჩევაში. თუმცა სპორტული ხასიათი მაქვს და დანებებას არ ვაპირებ. გაორმაგებული მონდომებით ვივარჯიშებ და დავამტკიცებ, რომ ყველა, ვინც გულგრილად ჩამიარა, შეცდა. სხვათა შორის, იგივე ვუთხარი ამერიკელ ჟურნალისტებს. რამდენიმე ინტერვიუ მივეცი, ზოგმა ქართულადაც კი მალაპარაკა, ალბათ, რადიოში აპირებდა გაშვებას.

დრაფტის ფერადოვანმა საღამომ ზოგს ზეიმის საფუძველი მისცა, ზოგს - სერიოზულად დაფიქრების. ზაზა ფაჩულია "მედისონ სკვერ გარდენში" "ორლანდოს" მთავარ მწვრთნელ დოკ რივერსს შეხვდა.

- მხოლოდ გაცნობით შემოვიფარგლეთ. დოკ რივერსმა შეხვედრა ორლანდოში დამითქვა - ერთმანეთს იქ უკეთ გავიცნობთო.

განსჯა-ფიქრის დრო კი მანჰეტენზე, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ დადგა:

- დრაფტის დასრულებისთანავე დავფიქრდი, სიტუაცია გავაანალიზე და მივხვდი, რომ საქმე არც ისე ცუდადაა: მართალია, ტანმაღალი ცენტრით ნაციონალური ასოციაციის ბევრი გუნდი არ თამაშობს, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა "ორლანდოშია". შონ კემპი უკვე ასაკოვანია, თან თავისუფალი აგენტია. ფლორიდელებს მის გარდა ნომინალური ცენტრი არ ჰყავთ. თუ გუნდში დავრჩი და თამაშის საშუალება მომეცა, ნამდვილად კმაყოფილი ვიქნები. მთავარია, მათამაშონ და 42-ე ნომრად ამიყვანდნენ, თუ 142-ედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

ახალგაზრდა ქართველი ყურადღებით აკვირდებოდა, თუმცა ახალი ხელმძღვანელობის სახეზე კმაყოფილება-უკმაყოფილების ამოკითხვა გაუჭირდა:

- დრაფტისას ყველა იღიმის. ესიამოვნა თუ არა, გამომეტყველებით ვერ შეამჩნევ. ამიტომ, მიჭირს თქმა, გაუხარდათ თუ არა ორლანდოელებს ჩემთან შეყრა. თუმცა ფაქტია - რომ არ ვნდომებოდი, არც ამიყვანდნენ.

გაზეთ "ორლანდო სენტინელის" ჟურნალისტები, ზაზასგან განსხვავებით, კარგად იცნობდნენ "მეჯიქის" გენერალურ მენეჯერ ჯონ გაბრიელს, ზაზას შესახებ რომ ჰკითხეს, კომენტარს ასეთი შესავალი წაუმძღვარეს:

"გუნდის ხელმძღვანელ ჯონ გაბრიელს აშკარად ეტყობოდა, რომ ზაზას აყვანა მის გეგმებში შედიოდა და გახარებული ჩანდა, დრაფტის მეორე წრეში ქართველი "მეჯიქამდე" რომ არავინ აირჩია:

- ფაჩულიამ ორლანდოში შარშან ივარჯიშა. ჩვენი მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ დრაფტის წინ გარანტიას ვერავის მისცემ, ამიტომ მან 2002-2003 წლების ევროპაში გატარება გადაწყვიტა. ჩემი სკაუტები ზაზას თამაშს თურქულ "ულქერშიც" ადევნებდნენ თვალს და მომდიოდა ინფორმაცია მისი პროგრესის შესახებ. 2003-ში, ამერიკაში რომ ჩამოვიდა, დავრწმუნდი - შარშანდელთან შედარებით დიდი ნახტომი გაუკეთებია.

დრაფტზე არჩევიდან ზუსტად ერთ თვეში, 26 ივლისს, "ორლანდომ" ზაზასთან კონტრაქტი გააფორმა. 1 წელი, 366.931 დოლარი. ცოტაა. სამაგიეროდ NBA!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
kacurad zazas istoria detalorad mogvawodet. gaumarjos saqartvelos. gviyvarxar (big) dido kapitano!!! zaza udzlieresi xar!@@!
nika
17:25 14-08-2017
0
მეამაყება ზაზა რომ ქართველია. აუ საიტის დიზაინი მართლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმედია შეცვლით. ძველი გაცილებით კარგი იყო.
dadu
10:28 14-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული