გადაწყდა: მანუჩარ მარკოიშვილი სერია A-ს რეჯო ემილიაში ითამაშებს

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი კვირის წინ დავწერეთ, რომ საქართველოს ნაკრების უკანახაზელ მანუჩარ მარკოიშვილის გადაბირების სურვილი იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "რეჯო ემილიას" ჰქონდა. ეს გუნდი ახალ სეზონში ევროთასზე იასპარეზებს და გამოცდილი კალათბურთელები ძალიან სჭირდება.

როგორც გუშინ შევიტყვეთ, შეთანხმება ოფიციალურადაც გაფორმდა და დღეს მანუჩარ მარკოიშვილი უკვე "რეჯო ემილიას" წევრია.

"ამ გუნდისგან დაინტერესების შესახებ რომ გავიგე, ნამდვილად მესიამოვნა. სხვათა შორის, თბილისში იყო ჩამოსული გუნდის მეორე მწვრთნელი, დააკვირდა ეროვნული ნაკრების ვარჯიშებს, ნახა, რომ ცუდ ფორმაში არა ვარ. სათანადო კონდიციებამდე ჯერ კიდევ ცოტა მიკლია, მაგრამ დარწმუნდა, რომ
ჯანმრთელად ვარ და ამის შემდეგ კონტრაქტზეც დავილაპარაკეთ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.

იგი 2009 წლიდან 2012-მდე იტალიურ "კანტუში" თამაშობდა, საიდანაც თურქულ "გალათასარაიში" გადავიდა.

"იტალიაში დაბრუნება მართლაც სასიამოვნო იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, რომელთან ერთადაც ევრობასკეტისთვის ვემზადები. სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის უნდა შევუერთდე იტალიურ კლუბს.

რაც შეეხება "რეჯო ემილიას" ამბიციებს, გუნდი ევროთასზე გამოდის. შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეიცვალა და შედარებით გაახალგაზრდავდა. წინასწარ რთულია რამის დაგეგმვა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პლეი-ოფში ვითამაშებთ, როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ევროთასზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული