ბურჯანაძემ გასულ წელს მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა და უქმობა 5 თვის მანძილზე მოუწევს.
რა ხდება კალათბურთელის გარშემო, როგორ მიდის მკურნალობის საქმე - ამ და სხვა დეტალებზე Sportall.ge ბურჯანაძეს დაუკავშირდა.
- პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ტრავმის შემდეგ?
- უფლის წყალობით, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესადაა. რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გრძელია. ოპერაციიდან 5 თვეშია ჩემი დაბრუნება დაგეგმილი, რაც მარტის დასაწყისში უწევს.
- როგორ დაგიდგათ კლუბი
- კლუბი გვერდში ყველანაირად დამიდგა. ოპერაციამდე მკურნალობის ბევრი გზა ვცადეთ, მაგრამ ისეთი მდგომარეობა იყო მუხლზე, მარტო ოპერაცია უშველიდა.
- სპორტსმენისთვის, ალბათ, ყველაზე რთული მომენტი ტრავმაა. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში გიდგანან?
- კი, ნამდვილად ასეა. რა თქმა უნდა, გვერდში ყოველთვის დედაჩემი და ჩემი მეუღლე მიდგანან. თუმცა, ქალაქ ვიტორიაში, სადაც ოპერაცია გამიკეთეს, თორნიკე შენგელია და საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე ჩემ გვერდზე იყვნენ.
იმ ხალხთა რაოდენობა, რომლებმაც დამირეკეს და გამოჯანმრთელება მისურვეს, ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შესახებ?
- ძალიან ძლიერი და მაღალი დონის ჩემპიონატია, სადაც ბოლოადგილოსანს შეუძლია პირველ ადგილზე მყოფი დაამარცხოს.
- გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში შესანიშნავ თამაშს აჩვენებენ...
- მიხარია, რომ ისინი მაღალ დონეზე თამაშობენ და თავიანთ გუნდს ძალიან ეხმარებიან. იმედი მაქვს, სეზონს როგორც ისინი, ისე ყველა ქართველი ლეგიონერიც, ტრავმების გარეშე ჩაამთავრებენ.
- რომ არა ტრავმები, იქნებოდით თუ არა კარიერულად დღეს უფრო წინ?
- რა თქმა უნდა, გასული წელი როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის ძალიან წარმატებული იყო. ჩემი პროგრესი მაშინაც გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება. სამწუხაროა ტრავმა, მაგრამ ამ დროსაც ბევრს სწავლობ, შრომობ და აუმჯობესებ იმ მინუსებს, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი. ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია.
- საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს...
- სამწუხაროა, მაგრამ ასეა... ისინი ქართულ კალათბურთს ძალიან დააკლდებიან. მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
- ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჩემი აზრით, ყველა მოთამაშე პარკეტზე სულსა და გულს დებს და ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებშიც გამოჩნდა. იმედია, შემდეგ მატჩებში უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ.
- როგორ შეაფასებდით ილიას ზუროსის მუშაობას?
- ის ძალიან კარგი სპეციალისტია. წინა შესარჩევზე ძალიან დაგვეხმარა და ნაკრებთან ერთად მუშაობას კარგად აგრძელებს.
- რას იტყოდით კალათბურთის ფედერაციის არჩევნებზე?
- ბევრი არეულობა იყო, მაგრამ ამ თემაზე ჩემი აზრის დაფიქსირების სურვილი არ მაქვს.
- რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ?
- არა, არანაირი.
- რომელია თქვენი კარიერის საუკეთესო შეხვედრა?
- ალბათ, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში ჩატარებული შეხვედრა "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ.
- რომელი მატჩი გახსენდებათ ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებიდან?
- როდესაც მონტენეგროსთან გასვლითი თამაში მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯგუფში პირველი ადგილი მოვიპოვეთ.
- თუ შეგიძლია გაიხსენოთ თქვენი პირველი ჰონორარი და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
- მაშინ 15 წლის ვიყავი და რადგან მოთამაშეებს გუნდი ყველაფრით უზრუნველყოფდა, თანხას თბილისში, ჩემს ოჯახს ვუგზავნიდი.
- რა არის ბექა ბურჯანაძის სამომავლო მიზანი?
- პირველი რიგში, გამოჯანმრთელება და პარკეტზე 100%-ით მზადყოფნით დაბრუნება.