გიორგი შერმადინი VS ილიას ზუროსი - ვის დარჩა გამარჯვება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 გამორჩეული ფიგურა ერთმანეთს ესპანურ კუნძულ ტენერიფეზე შეხვდა.

ფიბას ჩემპიონთა ლიგის 2 დაუმარცხებელი გუნდის - გიორგი შერმადინის "იბეროსტარისა" და ილიას ზუროსის "პერისტერის" გზები ტენერიფეში გადაიკვეთა.

C ჯგუფის ზიარ-ლიდერთაგან ერთპიროვნული მოწინავე უნდა დარჩენილიყო და ეს შერმადინის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც 72:68 დაამარცხა ილიას ზუროსის გაწვრთნილი ბერძნული "პერისტერი".

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 23:53 წუთში მან 11 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო.

გამარჯვებულებში საუკეთესო დანი დიესი იყო 16 ქულით. ქართველი ცენტრისთვის ეს
აღმოჩნდა ყველაზე მწირშედეგიანი მატჩი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში. აქამდელ 2 შეხვედრაში - რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდთან" და მონგენეგროულ "მორნართან" შერმადინმა ჯამში 43 ქულა მოიხვეჭა.

შერმადინმა გადამწყვეტ მომენტში ტაქტიკურად, მახვილგონივრულად ითამაშა და ამის შემდეგ გაინაღდა "იბეროსტარმა" გამარჯვება. როცა ტენერიფელები 68:65 იგებდნენ, უტევდნენ და მატჩის დასრულებამდე 15 წამი რჩებოდა, გიორგიმ პერიმეტრზე მყოფ თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს ბლოკი დაუყენა, რითაც მისი მეურვე წამით შეაყოვნა და ამ დროში უერტასმა სამიზნე გაისწორა, სამიანი მიზანში გაარტყა და თამაშს წერტილი დაუსვა.

ამ გამარჯვებით "ტენერიფე" C ჯგუფის ლიდერად დამკვიდრდა. ზუროსის გუნდს, ასევე, რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდს" 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვთ და II-III ადგილებს იყოფენ. სულ ჯგუფში 8 გუნდია, რომელთაგან პლეი-ოფში 4 საუკეთესო გადის.

ტენერიფული მატჩის შემდეგ ადგილობრივი "იბეროსტარის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც ბერძნული "პერისტერი" ცხოვრობდა და საქართველოს ნაკრებში თავისი მწვრთნელი ილიას ზუროსი მოინახულა, რის შემდეგაც, სამახსოვროდ, ეს ფოტო გადაიღო.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული