როგორც მადრიდის "რეალზე" მომუშავე ესპანური, დედაქალაქური გამოცემა defensacentral.com-ი (DC) წერს, "ოპერაცია შენგელია" ძალებს იკრებს და შეთანხმებამდე არც ისე შორია.
გამოცემის მიხედვით, მადრიდელები "ლიგა ენდესასა" და "ევროლიგაზე" დასაბრუნებლად ემზადებიან და სატრანსფერო ბაზარზე ეძებენ იმ პრობლემების მოგვარების გზებს, რომლებიც მომავალ სეზონში აუცილებლად დასჭირდებათ.
წყაროს ცნობით, კლუბს დატოვებს სალაჰ მეჯრი, კარიერას დაასრულებს ფელიპე რეიესი, ტრეი ტომპკინსს კონტრაქტი ეწურება - კი აპირებს გაგრძელებას, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.
პაბლო ლასოს (მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი) აუცილებლად დასჭირდება შემადგენლობის გაძლიერება და მას კი ყველაზე მეტად სწორედ თორნიკე შენგელია
მოსწონს.
თოკოს "ბასკონიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის მიხედვით, ეს მის "რეალში" გადასვლას ხელს ვერ შეუშლის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელის გადაბირება მილანის "ილიმპიასაც" სურს, DC-ის მიხედვით, მადრიდული გრანდი მაინც ფავორიტია.
თუ გარიგება "რეალთან" შედგა, შენგელიას კარიერა "ბასკონიაში" 6 წლის შემდეგ დასრულდება და ბასკურ გუნდს კაპიტანი დატოვებს, მადრიდის "რეალში" კი პირველი ქართველი აღმოჩნდება.
თოკო ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში საშუალოდ 16,6 ქულას, 6,3 მოხსნასა და 2,7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. "ევროლიგაზე" მისი მონაგარი კი 15,9 ქულა, 5,6 მოხსნა და 2,9 ასისტი იყო.