ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე ძირითადად უცხოეთში მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრთა შედეგები შუქდება, თუმცა არიან ქართველი კალათბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან, მაგრამ ეროვნულ გუნდში ადგილი ჯერაც მოსაპოვებელი აქვთ. ასეთ კატეგორიას ძირითადად ამერიკაში მოთამაშე ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სტუდენტურ ლიგასა თუ კონფერენციაში ასპარეზობენ.

ყველასთვის ცნობილნი არიან ნაკრების წევრები – სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც სტუდენტური ლიგის (NCAA) უმაღლესი, პირველი დივიზიონის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში ასპარეზობენ. “კრეიტონის უნივერსიტეტის” წევრ ანდრონიკაშვილს ჯვარედინი მყესის ოპერაცია აქვს გაკეთებული და მიმდინარე სეზონის
ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას ალბათ ვერ მოახერხებს, ხოლო მამუკელაშვილი არათუ თავისი გუნდის (სეტონ ჰოლი), არამედ კონფერენციისა და სრულიად NCAA-ს ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად ითვლება და ამას მისი შედეგებიც მოწმობს. მამუკელაშვილის შესახებ, მისი შედეგიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ვებგვერდზე ცალკე ინფორმაციები ოპერატიულად შუქდება, ხოლო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე დანარჩენი ქართველების შესახებ გადავწყვიტეთ ცალკე რუბრიკა შემოგთავაზოთ, სადაც ასეთი მოთამაშეების კვირის განმავლობაში ჩატარებული თამაშების შედეგები გაშუქდება.

Sportall.Ge

"ეროვნული რადარი" – ესაა რუბრიკა, სადაც ამერიკაში მოასპარეზე ქართველების მონიტორინგი განხორციელდება. ანდრონიკაშვილსა და მამუკელაშვილთან ერთად NCAA-ს პირველ დივიზიონში და არანაკლებ მძლავრ კონფერენციაში ასპარეზობს გიორგი ბეჟანიშვილი, რომელსაც ორმაგი – საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეობა აქვს, თუმცა არც ერთი ამ ქვეყნის ნაკრებში არ უთამაშია. ბეჟანიშვილი Big Ten-ის კონფერენციაში მოასპარეზე ილინოისის უნივერსიტეტში თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ბეჟანიშვილის გუნდმა 8 მატჩი გამართა, რომლებშიც ქართველი ფორვარდი საშუალოდ 7 ქულას და 3.8 მოხსნას აგროვებს. აქედან ბოლო 2 მატჩი საკონფერენციო გახლდათ. Big Ten-ის კონფერენციაში ილინოისელებმა ჯერ მინესოტას მოუგეს, დღეს, გამთენიისას კი “რატჯერსთან” წააგეს. ბეჟანიშვილი წაგებულ შეხვედრაში 11 ქულით გამოირჩა.

NCAA-ში გასულ კვირაში საბა გიგიბერიას დებიუტი შედგა. 19 წლისა და 216 სანტიმეტრი სიმაღლის ახალგაზრდა NCAA-ს კიდევ ერთ უძლიერეს – ACC (Atlantic Coast Conference) კონფერენციაში მოასპარეზე ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს. მისი ყველაზე შედეგიანი მატჩი დღევანდელი იყო, რომელიც ჯორჯიელებმა “დელავერ სტეიტთან” 97:69 მოიგეს. გიგიბერიამ 10 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

NCAA-ში პირველ სეზონს ატარებს 18 წლის ალექსანდრე მერკვილაძე, რომელიც Big West-ის კონფერენციაში მოასპარეზე ნორსრაიდის უნივერსიტეტში თამაშობს. მერკვილაძე სასტარტო ხუთეულში მკვიდრდება. გასულ მატჩში მან ხუთეულში ითამაშა და 23 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ვილი ისიანი უკვე მე-3 სეზონს ატარებს Horizon-ის კონფერენციის გუნდ “დეტროიტ ტიტანსში”, სადაც შედეგიანი თამაშებიც აქვს და შედარებით მოკრძალებულიც. გასული კვირის პირველ მატჩში ვილიმ 5 ქულა მიითვალა, გუშინდელ შეხვედრაში კი უქულოდ დარჩა.

22 წლის საბა ღვედაშვილი, რომელიც ეროვნული ნაკრების 2019 წლის აგვისტოში გამართულ გაფართოებულ კემპზე იმყოფებოდა, ამერიკის NAIA-ს (National Association of Intercollegiate Athletics) ლიგაში თამაშობს. აღნიშნულ ლიგაში 21 კონფერენციაა. ღვედაშვილის Mount Marty-ის უნივერსიტეტი GPAC (great plains athletic conference) კონფერენციაშია და 9 მატჩიდან 4 მოგებით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ამერიკაშია, თუმცა ჯერ თამაშები არ დასწყებია კიდევ რამდენიმე ქართველ კალათბურთელს, მათ შორის - ნატალია ოთხმეზურს, რომელიც გასულ სეზონში “კასპერის” კოლეჯის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა შესანიშნავი წამოწყებისათვის..ძაალიან მადლობელი ვიქნებით თუ შეძლებთ მიუთითოთ ამ კალათბურთელების ამპლუა ..სიმაღლე..სად ცხოვრობენ და უნდათ თუ არა საქართველოს სახელით ასპარეზობა....
ნუგზარ ნუცუბიძე
17:49 22-12-2020
0
ყოჩაღ! ძალიან კარგი წამოწყებაა
ზვიადი
00:55 22-12-2020
0

სიახლეები პოპულარული