მამუკელაშვილის 14 ქულა და მარცხი "კრეიტონთან"

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის წინა კვირის MVP სანდრო მამუკელაშვილმა ერთ-ერთ ლიდერ "კრეიტონთან" მატჩში რიგიანად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს ვერაფერი უშველა. ქართველი ფორვარდის "სეტონ ჰოლი" კრეიტონელებთან უშანსოდ – 53:89 დამარცხდა.

გამარჯვებულთა რიგებში კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი, რატი ანდრონიკაშვილი ირიცხება, რომელსაც ჯვარედინი მყესების ოპერაცია აქვს გაკეთებული და რეაბილიტაციას გადის. რატის გარეშე კრეიტონელებს მაინც ძალიან კარგი შედეგები და რეიტინგი აქვთ. ეს გუნდი სტუდენტური ლიგის რეიტინგში მე-7 ადგილზეა, რაც ძალიან მაღალი შედეგია.

"სეტონ ჰოლს" "კრეიტონთან" შანსი არ ჰქონია. პირველი ნახევარი 26:37 წააგო,
ხოლო მეორეში ფარ-ხმალი საერთოდ დაყარა - 20-წუთეულში 27:52 დამარცხდა და საბოლოოდ 36 ქულით წააგო. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი ისე გაატარა, არ დაჯარიმებულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში სანდრომ 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რაც სეტონჰოლელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.

"კრეიტონში" 19 ქულით საუკეთესო იყო დამიენ ჯეფერსონი, დენზელ მაჰოუნის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 5 მოგებითა და 2 წაგებით "სეტონ ჰოლი" კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. პირველზე "ვილანოვა", მეორეზე კი "კრეიტონია". შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 9 იანვარს, სტუმრად "დე პოლთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული