გიორგი შერმადინსა და "ტენერიფეს" ლიგა ენდესას ნახევარფინალში "ბასელონასთან" გასამკლავებლად ძალა არ ეყოთ.
პირველი მატჩის გამანადგურებელი ანგარიშით (69:112) წაგების შემდეგ "ტენერიფემ" მობილიზება მოახერხა და სახლში 80:68 იმარჯვა, მაგრამ მესამე და გადამწყვეტი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო - 89:72.
რა თქმა უნდა, "ბარსელონას" უკეთ დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, გაცილებით გრძელი სათადარიგოთა სკამით და დროის მოკლე პერიოდში სამი ბრძოლის გამართვა კანარიელებმა ვერ შეძლეს - პირველი ტაიმი მასპინძლებმა 7 ქულით მოიგეს, შემდეგ კი სტუმრებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.
შერმადინი ამჯერად ჩვეულად
შედეგიანი ვერ იყო: 22:06 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.
19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგის თანაგუნდელი აარონ დორნეკამპი იყო, ხოლო 24-იანი კოეფიციენტით MVP პაუ გასოლი გახდა, რომელიც თავის გუნდს 15 ქულით შეეწია.
ფინალში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.