ესპანური ლიგის დებიუტანტთან მარცხით დაწყების შემდეგ გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ძალები მოიკრიბა და მეორე ტურის მატჩში დაძაბულ ბრძოლაში ღირსეულ მეტოქეს მოუგო. ტენერიფელებმა "უნიკახას" უმასპინძლეს, რომლის ღირსებასაც 2017-19 წლებში გიორგი შერმადინი იცავდა და 5 ქულის სხვაობით – 87:82 მოუგეს.
შერმადინი ყოფილ გუნდთან სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:50 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი
22-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდებოდა, რომ არა ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდოს საოცარი გარჯა. სამხრეთამერიკელმა 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო გამოიყენა და 31 ქულა მოაგროვა.
"ლენოვო ტენერიფე" თითო მოგება-წაგებით მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 სექტემბერს, ისევ შინ, "ბილბაო ბასკეტთან" ჩაატარებს.